ქრისტეშობა ლენტეხში

როგორც საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში, ისე ლენტეხშიც – ლექსურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში საშობაო წირვა აღევლინა.

წირვა-ლოცვა ცაგერის სასულიერო სემინარიის ადმინისტრაციის უფროსმა, დეკანოზმა იაკობ (კვირიკაშვილმა) აღავლინა და ლენტეხელ მრევლს შობის სასწაულზე უქადაგა. ტაძარში მრევლს შორის იდგა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ამირან ჯამბურიძე ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა თანამდებობის პირებთან ერთად. წირვას გალობით ატკბობდა მგალობელთა ახლადშექმნილი გუნდი ,,ლემშვანიერა” (ხელმძღვანელი ზურიკო ლიპარტელიანი).

გუნდი 2014 წლის ოქტომბრიდან მუშაობს საგალობლებზე და დაუღალავი შრომითა და მონდომებით ცდილობს ერთი ლამაზი სვანური საქმე აკეთოს. ლევან და ბაქარ ლიპარტელიანები, მურძა(დიმა), დათო, გიორგი ქურასბედიანები, სამსონ ტვილდიანი, კახა გაზდელიანი , შაკო, დათო, გიორგი ონიანები, გაგა ხაბულიანი , გვანცა მეშველიანი, მარი ზურაბიანი და ლელი ქურასბედიანი ხშირად იკრიბებიან ერთად , რათა სრულყოფილად დაეუფლონ საგალობლებს.

საშობაო ლიტურგიის შემდგომ, რომელიც დილის ოთხი საათისთვის დასრულდა – დაიწყო ალილო. მეალილოებმა მთელი დაბის ქუჩები მოიარეს და ქრისტეშობის სიხარული ყველას ამცნეს.