ბიზნეს-იდეების საკონკურსო განაცხადების მიღება 25 დეკემბერს მთავრდება

სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამის (ENPARD-საქართველო) პროექტის ფარგლებში ლენტეხის, ცაგერის, ხობის, აბაშის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის და სენაკის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს პროექტი „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისათვის“.

პროექტს ანხორციელებენ შემდეგი ორგანიზაციები: ქეა საერთაშორისო კავკასიაში (CARE), რეგიონული განვითარების ასოციაცია (RDA), თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET).

8 დეკემბერს დაბა ლენტეხს ეწვიენ რეგიონული განვითარების ასოციაციის (RDA) პროექტის კოორდინატორი ელისო ცხადაია და ამავე პროექტის მობილიზატორი მერაბ დანელია. ისინი საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეხვდნენ მცირე ფერმერებს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრებსა და დაინტერესებულ პირებს.

soflis agorzinebis proeqtiშეხვედრის ორგანიზება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლების დახმარებით მოხდა.
შეხვედრის დასაწყისში სტუმრებმა მოისურვეს გაეცნოთ დამსწრე ფერმერები და დაინტერესდნენ თუ რომელ დარგებში მუშაობენ ისინი, ხოლო შემდეგ ისაუბრეს პროექტის დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე, უპასუხეს შეკითხვებს.

პროექტის „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძნებისთვის“ მიზანია ფერმერული მეურნეობების წარმოების ეფექტურობის ამაღლება და მათი შემოსავლების გაზრდა, ბიზნესზე ორიენტირებული მდგრადი ფერმერული ჯგუფების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის წახალისების და მხარდაჭერის გზით.

ამ პროექტის ფარგლებში, საუკეთესო ბიზნეს-იდეის გამოვლენის მიზნით, ცხადდება საგრანტო კონკურსის მეოთხე ფაზა ბიზნესით დაინტერესებული ფერმერთა ჯგუფებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის.

საგრანტო კონკურსი ჩატარდება რამდენიმე ეტაპად. კერძოდ, პირველ ეტაპზე გამოვლინდებიან საუკეთესო ბიზნეს-იდეის მქონე ფერმერთა ჯგუფები/სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები. მომდევნო ეტაპზე, ბიზნეს-გეგმის განაცხადის მომზადების მიზნით, გამარჯვებული ჯგუფები მონაწილეობას მიიღებენ CARE-ს მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში -სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ორგანიზაციული განვითარება და ბიზნესის დაგეგმარება.IMG_0409

ამასთან, მათ გაეწევათ ტექნიკური ხასიათის კონსულტაციები სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მიერ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, შეიმუშავონ სრულყოფილი ბიზნეს-გეგმები კონკურსის მეორე საფეხურზე წარმოსადგენად.

პროექტის განხორციელების პერიოდში, 4 წლის განმავლობაში შეირჩევა დაახლოებით 40 საუკეთესო ბიზნეს-გეგმის მქონე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. თითოეულ გამარჯვებულ პროექტზე, ბიზნეს-გეგმის საჭიროებიდან გამომდინარე, გამოიყოფა დაბრუნებადი გრანტი 5 000 – 40 000 ევროს ფარგლებში (საშუალოდ, 30 000 ევროს ფარგლებში, თითოეულ შერჩეულ ჯგუფზე).

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების, კერძოდ სენაკის, ხობის, აბაშის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ცაგერის და ლენტეხის კოოპერატივებს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, არაფორმალურ ფერმერთა ჯგუფებს, რომელთა წევრებს აქვთ ერთად მუშაობის გამოცდილება.

განმცხადებელი ვალდებულია უზრუნველყოს წარმოდგენილი პროექტის განხორციელებისათვის საჭირო მთლიანი ბიუჯეტის სულ მცირე 40 %, საიდანაც მინიმუმ 20% უნდა იყოს ფულადი შენატანი, დანარჩენი კი – სხვადასხვა რესურსი (ინფრასტრუქტურა, აქტივები, ძირითადი საშუალებები და სხვა).

ბიზნეს-იდეის განაცხადის ფორმა და განმცხადებლის სახელმძღვანელო ბიზნეს-იდეის მოსამზადებლად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ მუნიციპალიტეტებთან არსებულ რეგიონულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში, ასევე, პროექტის ოფისში ქ. სამტრედიაში, (კაკაბაძის ქუჩა №8, ტელ: 995 32) 223 60 20) ან გურიის რეგიონულ ოფისში ქ. ოზურგეთში (გურიის ქ. N 5), ან ჩამოტვირთოთ ვებ-გვერდებიდან: www.care.org.ge , www.rda.org.ge , www.enpard.ge .

გასულ წელს ქვემო სვანეთიდან ხუთამდე ფერმერულმა ჯგუფმა გააკეთა ბიზნეს-იდეის განაცხადი ამ პროექტის კონკურსში და სამმა მათგანმა გაიმარჯვა. ესენი არიან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები ,,ტაბგაალ“, ,,ალპური ნექტარი“ და ,,ალპური სვანეთი“.

IMG_04131შეხვედრაზე იმყოფებოდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ,,ალპური ნექტარი“-ს წევრი დემური ლიპარტელიანი, რომელმაც ისაუბრა კოოპერატივის და სამომავლო გეგმების შესახებ, ამ კონკურსში მისი მონაწილეობის გამოცდილებაზე და მოუწოდა სხვა ფერმერებს აქტიურობისაკენ ამ პროექტში და თავის მხრივ აღუთქვა კონსულტაციებით დახმარება.

პროექტის კოორდინატორი ელისო ცხადაია და პროექტის მობილიზატორი მერაბ დანელია ლენტეხს 21 დეკემბერსაც ეწვევიან, ისინი შეხვდებიან დაინტერესებულ პირებს და უპასუხებენ მათ შეკითხვებს.

შეხვედრა გაიმართება 12.00-დან, საკრებულოს სხდომათა დარბაზში ან საზოგადოებრივი ცენტრის საკონფერენციო დარბაზში. შეხვედრის დეტალების დაზუსტებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკონსულტაციო სამსახურის მთავარ სპეციალისტს მევლუდ (დაზმირ) ლიპარტელიანს.

ცოტნე მუსელიანი

9,561 thoughts on “ბიზნეს-იდეების საკონკურსო განაცხადების მიღება 25 დეკემბერს მთავრდება”