”ბოდიში უშველის ჩვენ საქმეს?”- მძღოლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ

ცაგერი-წყალტუბოს შემაერთებელი ცენტრალური გზის გაწმენდა ცალხიდიანი ავტომობილების სამოძრაოდ მხოლოდ 7 იანვრის საღამოს დამთავრდა.
2 იანვრის დილას დაწყებული ინტენსიური თოვა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის უმეტეს სოფლებში 2 დღეში შეწყდა. მართალია თოვლის საფარმა ზოგან 1 მეტრს მიაღწია, მაგრამ თოვას მალევე წვიმა ჩაენაცვლა. ცაგერი-წყალტუბოს გზა 2 იანვარსვე ცალხიდიანი ავტომობილებისთვის გაუვალი გახდა, შემდეგ კი გზა ისე ჩაიხერგა, რომ ორ ხიდიან მანქანებსაც უჭირდათ გადასვლა. აშკარა იყო რომ სათანადოდ არ ხდებოდა ტექნიკის გამოყენებით გზის გასუფთავება. გუშინ გამართულ მთავრობის სხდომაზე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა საქართველოს მოსახლეობას ბოდიში მოუხადა გზის გაწმენდის სამუშაოების შეფერხებების გამო. მთავრობის სხდომაზევე ისაუბრეს გზის გაწმენდაზე პასუხისმგებელი კომპანიების მიმართ სანქციების გამოყენების შესახებაც.
ბუნებრივია, უგზოობის გამო, ბედობა დღესვე შეწყვიტეს მოძრაობა ხონი-ლენტეხი-ხონის, ლენტეხი-ქუთაისი-ლენტეხის, ცაგერი-ქუთაისი-ცაგერის მარშრუტებზე მოძრავი მიკროავტობუსების უმეტესობამ, მაგრამ ზოგიერთი მძღოლი საკუთარი რისკის ფასად მაინც განაგრძობდა მოვალეობის შესრულებას და ხალხის სამსახურს.სამწუხაროდ ეს მათ სანანებელი გაუხდათ, რადგან გზაში ბევრიც იწვალეს და ზოგიერთს მანქანაც გაუფუჭდა. ერთერთი მათგანია თემურ ჩანქსელიანი , რომელიც ლენტეხი-ქუთაისი-ლენტეხის ხაზზე მუშაობს:
კვირას (3 იანვარს, ავტ.) ჩემი რეისი იყო და მიუხედავად თოვლისა შევასრულე, წავედი და წამოვედი, გზა გაწმენდილი არ იყო, მანქანები იქით-აქეთ ეყარა, მაგრამ მე კარგი საბურავები მაქვს, მანქანას ბლოკიროვკა აქვს, თან იმ დღეს მგზავრები ბლომად იყვნენ, ტვირთი მქონდა და ფიფქზე კარგად ვიარე. მერე როგორც ჩანს მოყინა, წვიმაც დაერთო, მე კიდევ სამშაბათს (5 იანვარს, ავტ.) ისევ რეისი მქონდა, ვიფიქრე გზაზე უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა და წავედი, ქუთაისში კი ჩავედი წვალებით, მაგრამ აქეთობას სოფელ ზუბის გადასახვევის ტერიტორიაზე ბევრი წვალების მერე რედუქტორი ჩავშალე. მარტო მე კი არ დავზარალდი, ბადრი ბენდელიანს კვირა დღეს გაუფუჭდა მანქანა, ასევე ზაქრო ბენდელიანს სოფელ საყდარიდან. ახლა მთავრობა ბოდიშებს იხდის, გუშინ პროფილაქტიკიდან ახალი მისული ვიყავი სახლში, რომ მოვისმინე. 800 ლარი დამიჯდა მანქანის გაკეთება, ბოდიში უშველის ჩვენს საქმეს ?
უკმაყოფილებას არ მალავს ბადრი ბენდელიანიც:
კვირას მქონდა რეისი, ქუთაისიდან რომ მოვდიოდი მანქანამ ვერ გაუძლო ამდენ წვალებას, ბუქსაობას და რედუქტორი ჩაიშალა. გზა გაწმენდილი არ იყო, ლენტეხი-ცაგერის გზა კი იწმინდებოდა, მაგრამ ცაგერი-წყალტუბოს გზა იყო გაუვალი. ძველისძველი კა-700 თუ რომელიღაცა ტრაქტორი გამოუშვიათ გასაწმენდად და ის თვითონ გაფუჭდა, მატორი დაესტუკა. ხალხმა საშინლად იწვალა, ბევრი გაცივდა, მე იმის მერე სულ გზებში ვარ ამ მანქანის გადამკიდე, შობა დღეს ვიყავი მარტო სახლში. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ცაგერის პოლიციის თანამშრომლებს, რომელნიც ყოველმხრივ გვერდში ედგნენ ხალხს.
8 იანვარს, დილიდან, ცაგერი წყალტუბოს გზაზე უკვე მოძრაობა სრულად აღდგა, მაგრამ გაუწმენდავი იყო თვითონ დაბა ლენტეხის ქუჩები, რის გამოც ლენტეხი-ქუთაისის რეისის შესასრულებლად თემურ გაზდელიანის მიკროავტობუსი ბუქსირით გახდა გასაყვანი დაბა ლენტეხის გამოსასვლელამდე. 8 იანვარსვე აღადგინა რეისების შესრულება ქუთაისი-ლენტეხი-ქუთაისის მიკროავტობუსმაც. სამწუხაროდ ხონი-ლენტეხი-ხონის მარშრუტის მიკროავტობუსი აღარც 8 იანვარს გამოჩენილა.
ლენტეხი-მელეს მიმართულებით მოძრაობა ცალხიდიან მანქანებს მხოლოდ ჯაჭვების გამოყენებით შეუძლიათ, გზებზე წვიმის შედეგად გუბეები დგას, ქვემოდან ყინულია, ზემოდან გუბეები, რაც ავტოტრანსპორტისთვის დიდ საშიშროებას ქმნის. გაუწმენდავია შიდა სასოფლო და სოფლებამდე მისასვლელი გზები ქვემო სვანეთის ბევრ სოფლებში, ძალიან ცუდი მდგომარეობაა ჩოლურის და ლაშხეთის თემებში, სადაც ბევრია ისეთი სოფელი რომლებიც ცენტრალური გზიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.

ცოტნე მუსელიანი