11 იანვარს, საჯარო სკოლების პედაგოგთა მორიგი საგნობრივი გამოცდები დაგვიანებით დაიწყო ერთ-ერთ დროებით საგამოცდო ცენტრში, რომელიც თბილისის 161-ე სკოლაში არის განთავსებული.
გამოსაცდელები გამოცდაზე რეგისტრაციისთვის 9 საათზე იყვნენ დაბარებული, ხოლო გამოცდა 10 საათზე უნდა დაწყებულიყო. მათ ჭიშკართან საგანგებოდ მოწვეული პოლიციის თანამშრომლები აყოვნებდნენ და სკოლაში მცირე ჯგუფებად უშვებდნენ, ამიტომ პედაგოგებს 1 საათზე მეტ ხანს მოუწიათ გარეთ დგომა, ბუნებრივია შესცივდათ და პროტესტმაც არ დააყოვნა:
ჩვენ დავუკავშირდით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს ბატონ ივა მინდაძეს. მან 161-ე სკოლაში გამოცდის დაგვიანებით დაწყება დაგვიდასტურა:
-“11-ში დაიწყო და 12 და 13 იანვარსაც ტარდება სკოლის მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა საგნობრივი გამოცდები. მსგავსი გამოცდები პირველად ტარდება ზამთრის პერიოდში, აქამდე ზაფხულში ტარდებოდა. მოგეხსენებათ 2015 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ დაადგინა “მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემა” და ამ სქემის თანახმად პედაგოგებს აქვთ საშუალება გამოვიდნენ საგნობრივ გამოცდაზე წელიწადში ორჯერ. გამოცდების ამ ეტაპისათვის რეგისტრირებულია დაახლოებით 10 000 გამოსაცდელი, 11 იანვარს უნდა მოსულიყო დაახლოებით 5 000 მათგანი, მაგრამ გამოცხადდა დაახლოებით 62%. გამოცდები ყველა საგამოცდო ცენტრში ნორმალურად ჩატარდა, მხოლოდ 161-ე სკოლაში შეფერხდა ნახევარი საათით, რაც გამოიწვია სპეციალურად გამოცდისთვის დამონტაჟებული გარდერობის დაზიანებამ.”
გარეთ შეციებულ გამოსაცდელებს ეგონათ სკოლაში მაინც გათბებოდნენ, მაგრამ მოტყუვდნენ, რადგან შენობაშიც მათაც და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებსაც საკმაოდ სციოდათ, თუმცა ეს ამბავი ბატონმა ივამ არ დაგვიდასტურა, პირიქით:
-“ შენობები, სადაც გამოცდები ტარდება, არის გამთბარი შენობები, რამდენიმე დღეა ინტენსიურად თბება, მაქსიმალურად ჩართულია მთელი შესაძლებლობები რაც აქვთ სკოლებს და მგონია, რომ ამ სკოლებში ტარდება ზოგადად სასწავლო პროცესი და ბავშვებიც არიან და მოსწავლეებიც და ნამდვილად თბება ყველა ცენტრი, ყველა სკოლა”
სამწუხაროდ ამჯერად ჩვენ ვერ გთავაზობთ გამოცდიდან გამოსული მასწავლებლების შთაბეჭდილებებს, იმედია მხოლოდ ერთი-ორს შესცივდა და დანარჩენები ბატონი ივას სიტყვებით რომ ვთქვათ “მაქსიმალურად გამთბარი” ავსებდნენ ტესტებს. ასევე იმედი გვაქვს, რომ არც მომავალ გამოცდებზე ექნებათ მასწავლებლებს თუ სხვა გამოსაცდელებს და ასევე ცენტრის თანამშრომლებს არაკომფორტული გარემო.
9,861 thoughts on “როცა საჭიროა პედაგოგებიც უსტვენენ”