ნაგავსაყრელების პრობლემა მწვავედ დგას – სოფელი ჩიხარეში

ავტორი: ქრისტინე დონღვანი, სოფ ჩიხარეში

ქვემო სვანეთის ერთერთ ულამაზეს სოფელ ჩიხარეშში ნაგავსაყრელებთან დაკავშირებით უმძიმესი მდგომარეობაა. შევეცადე გამეგო აქ მცხოვრებთა აზრი ამ პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით.

ბევრს ვთხოვე ამ საკითხზე აზრის გამოთქმა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად მხოლოდ რამდენიმე დამთანხმდა.
მიმოზა ჯანხოთელი, ჩიხარეშის სკოლის პედაგოგი:
თქვენი აზრით, არის თუ არა სოფელში ნაგავსაყრელების პრობლემა ?
– არის რა თქმა უნდა, არის! არ არის მოსაწონი, როცა მიდიხარ ცენტრალურ გზაზე და თითქმის გზაში ყრია ეს ნაგავი, იყო ერთი პერიოდი, როცა მოწესრიგებული იყო ეს პრობლემა. მოსახლეობამ უნდა შევიგნოთ, იმ დონემდე მივიდეთ, რომ არ დავყაროთ იქ, არაა ნაგავი ცენტრალურ გზაში, გზისპირზე დასაყრელი. ტურისტები დადიან, უყურებენ, სტუმრები დადიან … ეს ძალიან ცუდი რაღაცაა, სანეპიდსადგურები დადიოდნენ ადრე, ყველანაირ წესრიგს და სისუფთავეს ამოწმებდნენ, ახლა ეს სამსახურები არ არის, მაგრამ ხალხის დონეზე, ჩვენ, თქვენ ახალგაზრდები ხართ, მოსწავლეები, ბავშვები, შეგიძლიათ პლაკატების, რეკლამების გაკეთება, ჩემი აზრით, რომ გამოვაფინოთ, სადღაც დავდგათ, ბანერებივით, რომ აქ არ შეიძლება ნაგავის დაყრა, ჩვენ სკოლასაც შეუძლია ეს რომ გააკეთოს ჩემი აზრით.
ამ პრობლემის გადაჭრა ვის შეუძლია ?
– ჩვენ თვითონ, მოსახლეობას შეგვიძლია, ჩვენი მოწოდებებით, რეკლამებით და ბანერებით …  გამოიღებს აუცილებლად შედეგს. ნაგავი შეიძლება ცოტა ქვევით იქნეს ჩაყრილი, ან ერთი ადგილი გამოინახოს ამისთვის. იქ მოსახლეობაც არის, ძალიან აღიზიანებთ იმათაც, სახლის წინ რომ ნაგავი იყრება არ არის სასიამოვნო, იქ ანტისანიტარიაცაა ყველანაირი, მერე ცხოველები ესევიან ნაგავს, საკმაოდ ხშირად ყოფილა, რომ ამის გამო საქონლის ზარალიც კი მოსვლია მოსახლეობას, მაგრამ მაინც არ ეშვებიან და ყრიან.

ზოია დონღვანი, ჩიხარეშის მკვიდრი: -“ჩემი აზრით, ამჟამად არსებული ნაგავსაყრელები უნდა დაიფაროს ქვიშით და გამოიყოს დაცული ადგილი ნაგავის დასაყრელად, რომ შიგნით პირუტყვმა არ შეაღწიოს და არ მოხდეს მათი დაინფიცირება სხვადასხვა დაავადებით, რაც საკმაოდ ხშირი შემთხვევაა.”

IMG_20160220_133412 პატარა

ანა ჩარქსელიანი, გამგებლის წარმომადგენელი ჩიხარეშის ტერიტორიულ ერთეულში:
”ამ მხრივ ძალიან სავალალო მდგომარეობაა არა მარტო ჩიხარეშში, არამედ ტერიტორიული ერთეულის ყველა სოფელში და მთლიანად მუნიციპალიტეტშიც, ჩიხარეშში საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, პიდაპირ გზის პირას ყრია ნაგავი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე, მერე საქონელი ესევა ნაგავს, ღორიც, ქათამიც.
ამის შესახებ, გასულ წელს, რამდენჯერმე იყო საუბარი წარმომადგენლების თათბირებზე გამგებელთან, დეკემბერშიც იყო საუბარი, გამოითქვა მოსაზრება, რომ დადგმულიყო ნაგვის ბუნკერები და შემდეგ კვირაში ერთხელ ჩამოივლიდა სატვირთო მანქანა და დაცლიდა ამ ბუნკერებს, მაგრამ ეს მოსაზრება უარყოფილ იქნა დიდი ფინანსური ხარჯის გამო.
ერთადერთ გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ ყველა სოფელში გამოიყოს ტერიტორია, შემოიღობოს, იქ ამოითხაროს დიდი ორმო და მხოლოდ იქ მოხდეს ნარჩენების ჩაყრა.
საუკეთესო ვარიანტი იქნება რომ გადამუშავდეს ეს ნაგავი მაგრამ … ეს კიდევ უფრო მეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ჯერჯერობით გამგეობის მხრიდან კონკრეტული გადაწყვეტილებები არ არის. იქნებ რაღაცა გავაკეთოთ.’’

მალე დათბება და ეს პრობლემა უფრო მეტად იჩენს თავს, რადგანაც ნაგავსაყრელზე გაუსაძლისი სუნი დგება, რაც ბუნებრივია შემაწუხებელია სოფლის მცხოვრებთათვის და მგზავრებისთვისაც. ამიტომ საჭიროა ეს პრობლემა დროზე მოგვარდეს.



კომენტარები სტატიაზე