ლაშხელები გზის გაკეთებას მოუთმენლად ელიან

ქრისტინე დონღვანი, სოფ. ჩიხარეში
გიორგი ონიანი, სოფ. სასაში

ქვემო სვანეთის ბევრ სოფელში უმძიმესი მდგომარეობაა გზის გაუმართაობის გამო, განსაკუთრებით ზარალდებიან ლაშხეთის თემის მკვიდრნი, რადგან ლაშხეთი ქალაქებიდან უფრო დაშორებულია და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ნაკლებად მოძრაობს.

შევეცადეთ გაგვეგო ლაშხეთის ზოგიერთ სოფელში მცხოვრები ხალხის აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. სოფ. ჩიხარეშში ბევრს ვთხოვეთ ამ საკითხზე აზრის გამოთქმა, მაგრამ მხოლოდ ორი დავითანხმეთ.

არდაშა ავალიანი, სოფ.ჩიხარეში (2/03/2016წ):
ბატონო არდაშა, თქვენი აზრით, არის თუ არა სოფელ ჩიხარეშში გზების პრობლემა?
– რა თქმა უნდა არის გზის პრობლემა, კი არა და სხვა მხრივაც, ყველა დარგით არის პრობლემა, არაფერი კეთდება ხალხის სასიკეთოდ.
ვის შეუძლია გზის პრობლემის მოგვარება?
– ეს შეუძლია რაიონის ხელმძღვანელობას.
მოგითხოვიათ ხელისუფლებისთვის, სოფლის მოსახლეობას, გზის პრობლემის მოგვარება?
– პირადად ჩემი თანდასწრებით არავის მოუთხოვია. ჩემი თანდასწრებით არა და ისე თუ მოითხოვა ვინმემ და მე არ ვიცი.

ანზორი დონღვანი, სოფ.ლაშხარაში (2/03/2016წ):
“სვანეთში ყველაზე დიდი პრობლემა არის გზის პრობლემა, როგორც შიდა სასოფლო გზების, ასევე ცენტრალური გზისაც. ზამთრობით გზები იკეტება და იზოლირებულები ვართ გარე სამყაროსგან. დიდი ხნით ჩერდება ტრანსპორტის მოძრაობა, რის გამოც ფქვილის და სურსათის მომარაგება ჭირს. მთავრობა ყოველთვის გვპირდება ამ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ როგორც ხედავთ დღესაც არაა მოწესრიგებული. მოვითხოვთ რომ მალე მოგვარდეს ეს პრობლემა, რადგან გზის მხრივ გაუსაძლისი მდგომარეობაა, ხალხს ძალიან გვიჭირს ასეთ პირობებში ცხოვრება.”

ზოია ონიანი, სოფ. სასაში (26/02/2016წ):
– რას შეცვლის აქ გზის გაკეთება ?
– უგზოობა იწვევს მიგრაციას, დაცლას სოფლების, ამისათვის საჭირო არის ცოტა მოხედონ სოფელს, გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ ამ უგზოობის გამო, და ვისაც შეუძლია, ხელეწიფება დახმარება, დაგვეხმარონ და გაგვიკეთონ გზები.

როლანდი ონიანი, სოფ. სასაში (26/02/2016წ):

რამეს მნიშვნელოვნად შეცვლის აქ გზის გაკეთება ?

– ძალიან, ძალიან ცუდი გზები არის ჩვენსკენ. შეცვლის რა თქმა უნდა, ტრანსპორტირება უკეთესი იქნება ტურისტები შემოვლენ აქითაც და გამოკეთდება რამე.

ჟუჟუნა ონიანი, სოფ. სასაში (26/02/2016წ)::
‘’აუცილებლად საჭიროა გზების გაკეთება, ყოველ მიზეზ გარეშე, გზების გაკეთებას შეუძლია შეცვალოს ძალიან ბევრი, გზის კარგად გაკეთებას მოჰყვება სოფლის კეთილდღეობა, მეტი განათლება, მეტი კულტურა, ხალხთან ურთიერთობა, რადგან ასე დაცილებული ვართ ჩვენ მთავრობებთან, მისვლა გვიჭირს ამ გზის გამო, მთებში მყოფ ხალხს გვყავს ღრმა მოხუცებულები, რომელთა მომვლელებსაც საშუალება არ გაგვაჩნია რომ დაბა ლენტეხს მივაკითხოთ და რაიმეთი დახმარებას იმათგან არც ველით ფაქტიურად, იმიტომ რომ ამ ზამთარში, ამ დიდთოვლიანობის პერიოდში მხოლოდ ერთხელ გაიწმინდა გზის ის მონაკვეთი სადაც ასეთი ღრმა მოხუცებული, ორი მოხუცებული ცხოვრობს, ამჟამადაც დღევანდელ სიტუაციაში მანქანას აქ ამოსვლა უჭირს, ამდენად არანაირი მადლობა არ მინდა ვუთხრა მთავრობას და მივესალმებით რა თქმა უნდა გზების გაკეთებას.’’

ლევანი ონიანი, სოფ. სასაში (26/02/2016წ):
რა შეიცვლება დავუშვათ, რომ გზები გაკეთდეს და ხელისუფლებიდან, ცენტრალური ხელისუფლებიდან უნდა გამოიყოს თანხა ამისთვის თუ თვითონ გამგეობიდან?
– გზები ძალიან ბევრ რამეს შეცვლის. გზები უხსოვარი დროიდან შეჰყავდათ სხვადასხვა ადგილებში, რამეთუ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ნებისმიერ სიტუაციაში იქ მაცხოვრებელი ხალხისთვის. თუ გზა არ იყო, ხალხი ვერ სახლდებოდა იმ ადგილებზე და ამიტომ პირველ რიგში შეყავდათ გზა, რომ შემდგომ იქ ხალხი დასახლებულიყო და ჰქონოდათ იქ, ადგილზე ცხოვრების საშუალება, და გამომდინარე აქედან გზა უპირველესია, რომ გვქონდეს კავშირი ქალაქთან, რაიონთან, მეზობელ სოფლებთან. …

აი დაახლოებით 120 კმ-იანი მონაკვეთია ქუთაისი-ლაშხეთი, შესაძლოა ცოტა მეტი და სადღაც 3-4 საათი უნდება ტრანსპორტი ჩასვლას და იშვიათად ვინმე თუ ახერხებს დღის განმავლობაში დილას წავიდეს ქალაქში, რომ საღამოს ამობრუნდეს, რადგან მთელი დღის პერიოდი, მთელი დრო გადის ტრანსპორტით მგზავრობაში და იძულებულია ადამიანი დარჩეს ქალაქში, რომ თავისი პრობლემები იმ საკითხებზე რისთვისაც ქალაქშია ჩასული, ისინი მოაგვაროს და შემდეგ ისევ ამობრუნდეს და როცა გზა იქნება ნორმალური და ადამიანს იმ 4 საათის მაგივრად 2 სთ მოუწევს ტრანსპორტში ჯდომა ადგილიდან ადგილამდე მისასვლელად, ეს რა თქმა უნდა გააიოლებს მის ცხოვრებას, მის ყოველდღიურობას, და შესაძლებელია ამან ტრანსპორტის გაიაფებაზეც იქონიოს გავლენა, რამდენადაც საწვავის ხარჯი უფრო ნაკლები იქნება, სამუშაო დრო უფრო ნაკლები იქნება იმ მძღოლებისთვის.

ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია ამ გზების რეაბილიტაციაზე და მათ გაკეთებაზე, რა თქმა უნდა პირველ რიგში ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ამ საკითხზე და შემდეგ თუ მოინახება რესურსები ადგილობრივი ხელისუფლებიდანაც, რაიონის თვითმმართველობიდან შეიძლება, მაგრამ იმდენად შრომატევადია და იმდენად ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომ არა მგონია ადგილობრივმა ბიუჯეტმა ეს შეძლოს, რომ კაპიტალურად გზები შეკეთდეს და გაკეთდეს როგორც წესი და რიგია ისე.

ქრისტინე დონღვანის ფოტო: გზა სოფ. ჩიხარეშში 2/03/2016წ