წყალდიდობების რისკების მართვაზე სემინარი გაიმართა

ფოტოზე: ფლეთილი ქვების ნაპირსამაგრი მდ. ხელედურაზე

10-11 მარტს, წყალტუბოში, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამნისტროს ინიციატივითა და ადაპტაციის ფონდის ხელშეწყობით გაიმართა საინფორმაციო სემინარი, რომელსაც საქართველოს მედია-ორგანიზაციების 20-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

სემინარზე განხილულ იქნა პროექტის “წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების მართვა რიონის აუზში” მიმდინარეობა. პროექტის შესახებ ისაუბრეს და ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდნენ ნინო ანთაძე (გაეროს განვითარების პროგრამის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი), ივანე წიკლაური (პროექტის მენეჯერი), ტატო ბერიძე,რამაზ ჭითანავა(გარემოს ეროვნული სააგენტო), ავთანდილ ქვაჩაკიძე (კოლხეთის რეგიონული ჰიდრომეტეო-ობსერვატორია), ეკა ბენდელიანი(გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო).

ეს პროექტი ხორციელდება მდინარე რიონის აუზის ექვს მუნიციპალიტეტში (ლენტეხი, ცაგერი, ონი, ამბროლაური, სამტრედია, წყალტუბო). 5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ბიუჯეტის მქონე პროექტი დაიწყო 2012 წელს და დასრულდება 2016 წლის ბოლოს.
2012 წლიდან, ნაპირდაცვითი სამუშაოები დაიგეგმა და ნაწილობრივ განხორციელდა რიონის აუზის 10 მაღალი რისკის ზონაში. აგრომეტყევეობა, ანუ მცენარეული საფარის შექმნა მდინარის ნაპირების ეროზიისაგან დაცვის მიზნით, მიმდინარეობს 11 სოფელში, რამაც დასაქმების შესაძლებლობა შეუქმნა 160 ადგილობრივ მაცხოვრებელს. დამონტაჟდა 35 ახალი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური და საგუშაგო. გარდა ამისა საფუძველი ჩაეყარა დატბორვის ტერიტორიების ზონირების პოლიტიკის დანერგვას, ამინდის ინდექსზე დაფუძნებული წყალდიდობის დაზღვევის შემოღებასა და ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებას, შემუშავდა რეკომენდაციები სამშენებლო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების შესახებ.

ივანე წიკლაურმა ჩვენთან საუბარში განაცხადა:”ამ პროექტის ფარგლებში ქვემო სვანეთში ნაპირსამაგრი სამუშაოები ხორციელდება სამ ადგილას: მდ. ხელედურაზე დაბა ლენტეხში უკვე გაკეთდა ფლეთილი ქვების ნაპირსამაგრი ნაგებობა (ბერმა), ასევე მდ. ცხენისწყლის ნაპირზე დაბა ლენტეხში გაკეთდა ბეტონით გამაგრება და ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები სოფ. ლექსურაში”. მისივე განცხადებით, გასამაგრებელი ადგილების შერჩევა ხდებოდა პროექტის ექსპერტების, გარემოს დაცვის სააგენტოს, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროსა და მუნიციპალიტეტების სპეციალისტების ერთობლივი მუშაობით.
berma xeleduraze 1
ავთანდილ ქვაჩაკიძემ განაცხადა:”წყლის დონის ავტომატური მზომები დამონტაჟდა დაბა ლენტეხში მდ. ხელედურაზე და მდ. ლასკადურაზე, ასევე სოფ.თეკალში, ხოლო ავტომატური ნალექმზომები დაიდგა დაბა ლენტეხში და სოფ. ლუჯში”.
donmzomi xeleduraze
ფოტოზე: წყლის დონის ავტომატური საგუშაგო დაბა ლენტეხში მდ.ხელედურაზე

სემინარის მონაწილეებს შეხვდნენ ნილს სკოტი – გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში და გიგლა აგულაშვილი – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. ისინი ჟურნალისტებთან ერთად ეწვივნენ რიონის აუზის სოფლებს, დაათვალიერეს ნაპირდაცვითი სამუშაოები და გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას.
გიგლა
ფოტო: ანკა გუჯაბიძის

“რიონის აუზის 200 ათასი მაცხოვრებელი წყალდიდობის მუდმივი საფრთხის წინაშე იმყოფება. ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან მიზნად ისახავს წყალდიდობის მართვის ისეთი პრაქტიკის დანერგვას, რომელიც დაიცავს ადამიანებს წყალდიდობის მაღალი რისკის მქონე რეგიონებში და ეკონომიკურ განვითარებასაც შუწყობს ხელს“, – თქვა ნილს სკოტმა.
„რიონის აუზი წყალდიდობის ყველაზე მაღალი რისკის მქონე ტერიტორიაა დასავლეთ საქართველოში. აქ შემუშავებული და გამოცდილი მოდელები შეიძლება დაინერგოს საქართველოს სხვა რეგიონებშიც, სადაც მაღალია წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების რისკი და საფრთხე ექმნება ადგილობრივ მოსახლეობას“ – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.