“სანამ ცოცხალი ვიქნები ვაკეთებ, სანამ მხედველობა მექნება თვალებში.”

ავტორი: ქრისტინე დონღვანი
სოფ. ჩიხარეში

ქვემო სვანეთში ხეზე კვეთის ოსტატების დიდი სიმცირეა. მოგეხსენებათ ხის მასალაზე მუშაობა დიდ ნიჭს, ცოდნას და ენერგიას მოითხოვს. ეს ცოდნა ზოგს წინაპრებისგან მოსდევს, ზოგიც სხვისგან სწავლობს, იშვიათი გამონაკლისები კი მხოლოდ საკუთარი ნიჭით და გამოცდილებით აღწევენ ოსტატობის მაღალ დონეს.

სწორედ ასეთი პიროვნება გახლავთ, ქვემო სვანეთის ერთ პატარა სოფელ ლაშხარაშში მცხოვრები, ანზორი დონღვანი. ის ერთ-ერთი საუკეთესო ოსტატია ქვემო სვანეთში. მას დიდი წვლილი მიუძღვის რამოდენიმე ეკლესიის მშენებლობაში. ბატონი ანზორი, ასაკის მიუხედავად, ყოველთვის დიდი მონდომებით და ომახიანად იწყებს საქმეს. მის ნამუშევრებში უამრავი სახის ნივთი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, უმეტესად კი სვანეთისთვის დამახასიათებელ, ტრადიციულ ნივთებს ამზადებს.
IMG_20160331_185559IMG_20160331_185424
IMG_20160331_185620IMG_20160331_185708
IMG_20160331_185750
IMG_20160331_185857
შევეცადე მეტი გამეგო ამ ადამიანის შესახებ და კითხვებით მივმართე მას, რაზეც ბატონი ანზორი სიამოვნებით დამთანხმდა:
რამდენი ხანია რაც ამ ხელობით ხართ დაკავებული?
-“დაახლოებით 15-20 წელია.”
თქვენ თვითონ შეისწავლეთ, თუ იყო ისეთი ადამიანი რომელმაც გასწავლათ?
-“არავის უსწავლებია, ჩემით ვისწავლე.”
არის თუ არა ძნელი ხეზე მუშაობა?
-” რომ იცი მაშინ არა, რომ არ იცი მაშინ ძნელია”
გქონიათ შემთხვევა, როცა ნივთის კეთების დროს რამე ისე არ გამოგსვლიათ როგორც გინდოდათ?
-“რასაც ჩავიფიქრებდი იმას ვაკეთებდი.”
თქვენი ნაკეთობებიდან რომელს გაკეთებას დაუთმეთ ყველაზე დიდი დრო?
-“ჭაღი არის პირველი ხელობა, 8 ნათურიანი, იმას მოვუნდი უფრო დიდი დრო და მერე მახვშის სკამს.”
თქვენი ფანტაზიით ქმნით ესკიზს,თუ გეხმარებათ ვინმე?
-“ჩემი ფანტაზიით.”
გინდათ თუ არა, რომ თქვენმა შთამომავლებმა გააგრძელონ თქვენი საქმიანობა?
-“სიხარულე მინდა,თუ ისწავლიან.”
აპირებთ სამომავლოდ ამ საქმის გაგრძელებას?
-“სანამ ცოცხალი ვიქნები ვაკეთებ,სანამ მხედველობა მექნება თვალებში.”