ქვემო სვანეთში აგრარული ბაზარი არ არსებობს – “…ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს…” აცხადებს გერმან ქურასბედიანი

თამარ ონიანი, სოფ. სასაში
ცოტნე მუსელიანი, დაბა ლენტეხი

ქვემო სვანეთის მოსახლეობისგან ხშირად გვესმოდა უკმაყოფილება აგრარული ბაზრის არარსებობის გამო, კითხვებით სოფ. სასაშის მკვიდრებს მივმართეთ:
როგორ ფიქრობთ ქვემო სვანეთის მოსახლეობა მათ მიერ მოწეულ ჭარბ მოსავალს სად ყიდის ? 

ლ. ო.- სად ყიდის და ქუთაისში ანდა აქ მოდიან გადამყიდველები და იმათ ვაძლევთ. საჭირო პროდუქტს ვყიდულობთ და ჩვენს მიერ მოწეულ პროდუქტს ვაძლევთ, რა თქმა უნდა ზედმეტ ფასებში.

ნ. ო.- მოსახლეობა ჭარბ მოსავალს ყიდის ქუთაისში. გვიხდება ძაან შორ მანძილზე წასვლა. თავისთავად ლენტეხი დაცილებულია ქუთაისამდე 120-130 კმ-ით. ტრანსპორტირების ფული ცალკეა გადასახდელი. დროის დაკარგვა ცალკე არის. რომ ჩავდივარ უკან იმ დღესვე ვერ ვბრუნდებით და ორ დღიან მოგზაურობაში ვიმყოფებით მოწეული მოსავალი რომ გავყიდოთ და სანაცვლოდ რაღაცა წამოვიღოთ ოჯახისთვის.

– რა პრობლემები გექმნებათ მეურნეებს სოფლის პროდუქციის გაყიდვისას ?

ლ. ო.  – რა პრობლემები გვექმნება და ქუთაისში უნდა ჩავიტანოთ აუცილებლად, ქუთაისამდე ჩასვლა ძვირი ღირს, თავისი ქირა უნდა, მძღოლს თავისი უნდა, მერე იქ ჩაიტან და უნდა მისცე გადამყიდველებს ბაზარში ვერ დადგები, ადგილები ყველა ნაყიდი აქვთ გადამყიდველებს, გამოგართმევენ რაღაც კაპიკებში და მერე ხალხამდე, უბრალო მოსახლეობამდე ძვირად, ორმაგ ფასში ყიდიან ჩვენ მიერ მოწეულ მოსავალს. ჩვენ გვაძლევენ ნახევარ ფასს.

ნ. ო.- ბაზარი როცა არ არის ადგილზე, რომ არ არის სტაბილური ბაზარი სადმე გაყიდო, როცა მოწეულ მოსავალს შორ მანძილზე წაიღებ სოფლის მეურნეობის მუშაკს მოგება არაფერი არ რჩება, ეს მოგება მიაქვს ტრანსპორტს.

– ვის შეუძლია ამ პრობლემის გადაჭრა ?

ლ. ო.  – ვის შეუძლია ამ პრობლემის გადაჭრა და ყველას, რაიონის გამგეობას, დეპუტატს პირველ რიგში, მთავრობას, გადამამუშავებელი ქარხანა პატარა რო იყოს აქ თუნდაც კარტოფილი რომ ჩავაბაროთ, თუნდაც ლობიო, ნამატი პროდუქტი, თუნდაც ხილი, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა რომ იყოს და წვენი დაამზადონ და მერე ხალხს მისცენ

ნ. ო.- ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლია მთავრობას. გამგეობას შეუძლია გადაჭრას, რომ იყოს შექმნილი ბაზარი სადაც შეიძლებოდეს ჩავიდეს მოსახლე და თავისი მოწეული პროდუქტი

ჩააბაროს, გაყიდოს, რეალიზაცია გაუკეთოს.

როგორ სჯობს რომ მოიქცეს მოსახლეობა ამ შემთხვევაში ?

ლ. ო. – მოსახლეობა როგორ უნდა მოიქცეს, მეტი გამოსავალი არ არის, რასაც აკეთებს ის არის მისი გამოსავალი და სხვანაირად ვერც მოიქცევა, თუ მოვთხოვთ არჩევნები რომ არის მაშინ და როცა ყველაფერს გვპირდებიან, მაშინ თუ მოვთხოვთ და ვინმეს ავაშენებინებთ გადამამუშავებელ ქარხანას თუნდაც ხილის, წვენებისა კარგი იქნება, მაგრამ ვერ ვაღწევთ ჩვენ, მაშინ ყველა გვპირდება არჩევნები რომ არის, მოდიან და ყველაფერს გვპირდებიან, მაგრამ მერე არავის ახსოვს ხალხი ახალ არჩევნებამდე.

დავინტერესდით თუ რას ფიქრობენ ამ საკითხზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში და გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსს გერმან ქურასბედიანს მივმართეთ: