სათემო მარკეტინგი

ქვემო სვანეთისა და ლეჩხუმის საშუალო და მაღალმთიან 7 თემში ევროპის კავშირის დაფინანსებით და მხარდაჭერით განხორციელდა სათემო მარკეტინგის სისტემების საპილოტე, ანუ საცდელი პროექტი.

პილოტირების ძირითადი სამიზნე მთის მცირე ფერმერები და მათი კოოპერაციული მარკეტინგის პოტენციალი იყო. პროექტი განხორციელდა ძირითადად ფერმერი ქალების მონაწილეობით. პროექტი განახორციელა კონსორციუმმა, რომელიც შედგებოდა ოთხი წევრისაგან, ესენი არიან: “ასოციაცია-საზოგადოება განვითარებისათვის“, ქ. ფოთის მერია, ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, შპს “სამაუწყებლო კომპანია “მე-9 ტალღა“. კონსორციუმის ასოცირებული პარტნიორები იყვნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა და სხვა ორგანიზაციები. პროექტის დირექტორი იყო – “ასოციაცია-საზოგადოება განითარებისათვის“ თავმჯდომარე ნათელა გიუნაშვილი.

პილოტირებამ აჩვენა, რომ ფერმერები თავს იკავებენ შედარებით სარისკო და ამავე დროს უფრო მაღალშემოსავლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანისაგან და ამჯობინებენ ისეთი პროდუქტების წარმოებას, რაც ნებისმიერ შემთხვევაში ოჯახის საჭიროებებს შეიძლება მოხმარდეს, ასევე ისიც, რომ დღეისათვის მთის ამ თემებში მეცხოველეობა არ არის მარკეტინგის სტრატეგიული მიმართულება, უფრო მეტიც, ადგილზე ხორცისა და რძის ნაწარმის ისეთი დეფიციტია, რომ გაზრდილი მოწოდება ადგილზევე „გაიწოვება“ და აღარ რჩება რესურსი სხვა რეგიონებში – ქვეყნის შიდა ბაზარზე გასვლისათვის.
პილოტირებამ გამოავლინა ფარული საწარმოო რესურსები, რაც ნამდვილად საჭიროებს მცირე ფერმერების სამეწარმეო მოტივაციის წახალისებას, რაც დღეისათვის არ ხდება, მიუხედავად სასოფლო-სამეურნეო სფეროში ამუშავებული მთელი რიგი პროგრამებისა.
რეგიონთაშორისი მარკეტინგის თვალსაზრისით ჯერ-ჯერობით მიზანშეწონილად არის მიჩნეული ყურადღების გადატანა არამალფუჭებად პროდუქტებზე, უპირველესად ყოვლისა, მომხმარებელი ბიზნესების შედარებით დაბალი ოპერატიულობის გათვალისწინებით: საპილოტე პროექტმა მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესა მთის სამიზნე თემების მკვიდრი მწარმოებლის ორიენტაცია მომხმარებელზე, მაგრამ მიწოდების ჯაჭვის გამართული მუშაობისათვის აგრეთვე აუცილებელია მომხმარებლის, მათ შორის რეალიზატორი და საექსპედიციო ბიზნესების, ოპერატიულობა.
სათემო მარკეტინგის თვალსაზრისით მთის უმნიშვნელოვანესი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტია თაფლი, წარმოების მზარდი პოტენციალით და სტაბილური მოწოდების პერსპექტივით, მათ შორის ალპური და სუბ-ალპური მდელოებიდან. სწორედ თაფლის მარკეტინგი გამოიკვეთა, როგორც მცირე და საშუალო ფერმერების სათემო კოოპერაციის პოტენციურად მდგრადი ფაქტორი.
პილოტირება ჩატარდა კომბინირებული (მაღალი და დაბალი ტექნოლოგიების შემთავსებელი) საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, რამაც შესაძლებელი გახადა თემის დონეზე აქტუალური ინფორმაციის მოგროვება და ინტეგრალური სურათის შექმნა, მათ შორის საფრთხის ქვეშ დამდგარი აგრო-ბიომრავალფეროვნების შესახებ.
ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში პროექტს კურატორობდა ა(ა)იპ ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის პროექტების მართვის ცენტრის“ დირექტორი ოლეგ ლიპარტელიანი. ჩვენ მას ამ პროექტთან დაკავშირებით გავესაუბრეთ:
― ლენტეხის რომელ თემებში და როგორ განხორციელდა ეს პროექტი ?
― პროექტის ფარგლებში ლენტეხის მუნიციპალიტეტი 5 პირობით ზონად დაიყო, ესენია: ლაშხეთის, ჩოლურის, ლენტეხის, ხელედის და ხოფურის ზონები, რომლებშიც გაიხსნა საკომუნიკაციო ოფისები – ჰაბები. ამ ზონების საზღვრები არ ემთხვეოდა ადმინისტრაციული თემების საზღვრებს, მაგალითად ლაშხეთის ჰაბი მთელ ლაშხეთს ემსახურებოდა. თითოეულ ჰაბში დასაქმდა ორი ადგილობრივი მცხოვრები – ჰაბის მენეჯერი და მისი თანაშემწე. ჰაბების მენეჯერები არიან: ლაშხეთში – ია დევდარიანი, ჩოლურში – მარიკა ლიპარტელიანი, ლენტეხში – ზვიად ჯინჭარაძე, ხელედში – ელდინო ლიპარტელიანი, ხოფურში – მელანო ქურასბედიანი. ჰაბების განსათავსებელი ფართები ლენტეხის მუნიციპალიტეტმა მისი მონაწილეობის ფარგლებში უზურფრუქტის ხელშეკრულებით გადმოსცა პროექტს. ისინი პროექტის ფარგლებში აღიჭურვნენ კომპუტერებით და ინტერნეტით: დაბა ლენტეხში – ,,მიკრონეტის“ ქსელით, ხოლო სოფლებში – მოდემებით. თითოეულმა ჰაბმა მარკეტინგის სისტემაში გააერთიანა თავიანთ ზონებში მცხოვრები მცირე ფერმერები და მეურნეები, ვისაც სურდათ ამ პროექტის მეშვეობით გაეყიდათ საკუთარი ხელით მოწეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. სულ ხუთივე ჰაბმა სისტმემაში ჩართო 400-მდე ფერმერი, ამათგან დაახლოებით 25%-მა მოახერხა საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია ამ პროექტის დახმარებით, ძირითადად ეს იყო თაფლი. პროექტის მეშვეობით 3000 კგ-მდე თაფლი გაიყიდა.
― როდის დაიწყო ეს პროექტი და როდემდე გაგრძელდება ?
― პროექტი დაიწყო 2013 წლის აპრილის დასაწყისში და უნდა დასრულებულიყო 2014 წლის სექტემბერის ბოლოს, მაგრამ პროექტის წარმატებულობის გამო გაგრძელდა სამი თვით და დასრულდა 2014 წლის 31 დეკემბერს. ამ საცდელი პროექტის ფარგლებში მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ჩამოსული იყვნენ ევროკავშირის წარმომადგენლებიც, ისინი ძალიან კმაყოფილი დარჩნენ პროექტის მიმდინარეობით და ამჟამად ამ პროექტის ბაზაზე მუშავდება რამდენიმე პროექტი, დიდი იმედი გვაქვს, რომელიმე მათგანი უახლოეს მომავალში განხორციელდება.
სოფლის მეურნეების ამ პროექტისადმი დამოკიდებულების გასარკვევად გავესაუბრეთ ხელედის ჰაბის მენეჯერს ელდინო ლიპარტელიანს:
― კონკრეტულად როგორ ხდებოდა ფერმერების ჩართვა მარკეტინგულ სისტემაში ?
― სისტემაში გაერთიანებულ ფერმერებს შეეძლოთ მათი პროდუქციის შესახებ მობილური ტელეფონებიდან გაგზავნილი სმს-ით განეთავსებიათ ინფორმაცია სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე: www.agromarketplace.org და ასევე ამ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია (მაგალითად, დაინტერესებული მყიდველის გამოხმაურება) ავტომატურად, ასევე სმს-ით მისდიოდათ ტელეფონზე სისტემაში ჩართულ თითოეულ მონაწილეს. ეს ტექნიკურად შესაძლებელი იყო, მაგრამ ძირითადად ფერმერები პირადად მოდიოდნენ ჩვენთან ჰაბში და გვაწვდიდნენ ინფორმაციას ან ტელეფონით გვიკავშირდებოდნენ, ხოლო ჩვენ ამ ინფორმაციას ვანთავსებდით ვებ-გვერდზე. თავიდან მოსახლეობა საკმაოდ უნდობლად მოეკიდა ამ პროექტს (ბევრს ეგონა და შესაძლოა ახლაც ჰგონია ვინმეს, რომ ჩვენ მათ პროდუქციას უფრო ძვირად ვყიდდით, რაც გამორიცხული იყო და ვინც გაიგებს თუ როგორ მუშაობს სისტემა, თავადაც დარწმუნდება), ამიტომ ჰაბების თანამშრომლებს კარდაკარ გვიწევდა სიარული რომ მოსახლეობა სისტემაში ჩაგვერთო. ასეთნაირად პირველივე თვეში 50 მეურნე ქალი ჩავრთეთ სისტემაში, შემდეგ კი – მათი რიცხვი ნელ-ნელა გაიზარდა. ინფორმაცია გამოკრულიც გვქონდა და ნებისმიერს შეეძლო სისტემაში ჩართვა.
― ძირითადად რა პროდუქცია იყიდებოდა ?
― ძირითადად ეს იყო თაფლი და ნიგოზი. ჩვენ ვებ-გვერდით გაყიდვის გარდა კერძო დისტრიბუტორებთანაც ვთანამშრომლობდით და მათაც ვაკავშირებდით ფერმერებთან.
― პროექტი დასრულდა, თქვენ უკვე ხელფასს აღარ გაძლევენ, ენთუზიაზმზე მუშაობთ ?
― დიახ, ენთუზიაზმზე და დიდი სიამოვნებითაც. 2014 წლის 19 დეკემბერს პროექტის დასრულების შეჯამება-პრეზენტაცია მოეწყო თბილისში, სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში“, სადაც მეც ვიყავი მიწვეული. იქ ამ პროექტისადმი დადებითი შეფასება გამოთქვა მრავალმა კომპეტენტურმა ექსპერტმა, პროექტი წარმატებულად იქნა მიჩნეული და ეს მაძლევს იმედს, რომ აუცილებლად განხორციელდება სხვა პროექტი, რომელიც გამოიყენებს უკვე შექმნილ ბაზას ჰაბების სახით და დაეხმარება ჩვენს მოსახლეობას.