მცირე მეწარმეთა დასახმარებლად

სსიპ ,,მეწარმეობის განვითარების სააგენტო“ ანხორციელებს ახალ სამთავრობო პროგრამას – ,,მიკრო და მცირე მეწარმეთა ხელშეწყობა საქართველოში“.

აღნიშნული პროგრამის მიზანია საქართველოში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარება, მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერა, რეგიონული ბაზრების განვითარება, მოსახლეობის შემოსავლების ზრდა, მიკრო-ბიზნესის წამოწყების ხელშეწყობის პროგრამების დანერგვა ეკონომიკურად მოწყვლად რეგიონებში. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტია 20 მილიონი ლარი.
პროგრამის მთელ საქართველოში განხორციელების შედეგად მოსალოდნელია მსხვილ ქალაქებსა და რეგიონებს შორის ეკონომიკური უთანასწორობის შემცირება, რაც, თავის მხრივ ხელს შეუწყობს რეგიონული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდას, რეგიონის მკვიდრთა მიგრაციის შემცირებას, რეგიონში თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკის დამკვიდრებას, რეგიონალური პროდუქციის დივერსიფიკაციას (გამრავალფეროვნებას), ადგილობრივ პროდუქციაზე მოთხოვნის მატებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.
პროგრამის შედეგი გაიზომება შემდეგი კონკრეტული რაოდენობრივი მაჩვენებლების საშუალებით:
• რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტების რაოდენობის ზრდა,
• სამუშაო ადგილების ზრდა,
• მიკრო და მცირე ბიზნესის ბრუნვის ზრდა,
• მიკრო და მცირე ბიზნესის მოგების ზრდა,
• მიკრო და მცირე ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობის ზრდა,
• მიკრო და მცირე ბიზნესში (რე)ინვესტირების ხანგრძლივობის და მოცულობის ზრდა.

პროგრამაში ჩართვა შეუძლია ფიზიკურ პირს, რომელიც პროგრამაში ჩართვისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სარგებლობს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები ვრცელდება:
ა) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე;
ბ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებზე;
გ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირებზე.
პროგრამის ხელშეწყობა ითვალისწინებს თანამონაწილეობრივი დაფინანსების გაცემას დამწყებ და არსებულ მეწარმე სუბიექტზე (გარდა იურიდიული პირისა) და მეწარმე სუბიექტთა ჯგუფზე (არაუმეტეს სამი მეწარმე სუბიექტისგან შექმნილი ამხანაგობა (გარდა იურიდიული პირისა)). დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 5000 ლარით ერთ მეწარმეზე, ხოლო მეწარმეთა ჯგუფის შემთხვევაში 15,000 ლარს შეადგენს. მეწარმე სუბიექტის ან მეწარმე სუბიექტთა ჯგუფის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 20 პროცენტით. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ტექნიკური დახმარება ტრენინგების, სტაჟირებების და ინდივიდუალური კონსულტაციების მეშვეობით.
სამიზნე რეგიონები, სადაც პროგრამა უნდა განხორციელდეს, დაყოფილია 4 ლოტად:
1. ლოტი 1 – აჭარა, გურია, სამეგრელო და ზემო სვანეთი (მოსახლეობა 1,011,700 ადამიანი -რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის 30.5%) – სავარაუდო ბიუჯეტი 6,100,000 ლარი
2. ლოტი 2 – კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი (მოსახლეობა 827,600 ადამიანი – რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის 25%) – სავარაუდო ბიუჯეტი 5,000,000 ლარი
3. ლოტი 3 – იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (მოსახლეობა 749,200 ადამიანი – რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის 22.6%) – სავარაუდო ბიუჯეტი 4,520,000 ლარი
4. ლოტი 4 – სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი (მოსახლეობა 726,800 ადამიანი – რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის 21.9%) – სავარაუდო ბიუჯეტი 4,380,000 ლარი
ამ პროექტის აქტიური ფაზა, ანუ უშუალოდ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთაგან განაცხადების მიღება, 2014 წლის 10 ოქტომბრიდან უნდა დაწყებულიყო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო შეფერხდა და იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში 1 მარტიდან დაიწყება.
მეწარმეობის განვითარების სააგენტო ხელშეკრულებებს გაუფორმებს ორგანიზაციებს, რომელნიც თავის მხრივ ამ პროგრამას განახორციელებენ ლოტების მიხედვით. მე-3 ლოტში, რომელშიც ლენტეხის მუნიციპალიტეტი შედის, ამ პროგრამას განახორციელებს საქართველოს სკაუტური მოძრაობა ,,საქართველოს სკაუტები“.
პირველი 4 თვის განმავლობაში ეს ორგანიზაცია ჩაატარებს სწავლება-ტრენინგებს, რომელთა მეშვეობითაც მცირე მეწარმეები შეისწავლიან ბიზნეს-გეგმის შედგენას, რათა შემდეგ მონაწილეობა მიიღონ ბიზნეს-გეგმების კონკურსში და მოიპოვონ გრანტი.

ცოტნე მუსელიანი



კომენტარები სტატიაზე