10 მაისს ლენტეხი რესპუბლიკურ ტურნირს უმასპინძლებს

ფოტო საქართველოს ქართული ჭიდაობის ფედერაციის საიტიდან
ფოტო საქართველოს ქართული ჭიდაობის ფედერაციის საიტიდან

10 მაისს 10:00 სთ-ზე დაბა ლენტეხში კომპლექსური სასპორტო სკოლის სპორტულ დარბაზში დაიწყება გერასიმე ქურასბედიანის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ 1999-2000, 2001-2002, 2003-2004 წლებში დაბადებული მოჭიდავეები. შეჯიბრი გაიმართება 24 კგ-დან +81 კგ წონით კატეგორიებში ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად. ტურნირში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს მესტიის, დმანისის, წყალტუბოს, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საყულიის და ქუთაისის გუნდებმა. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლების გაერთიანება ერთი გუნდით იქნება წარმოდგენილი.

საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები დაჯილდოვდებიან დიპლომებით და მედლებით, ხოლო გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა გერასიმე ქურასბედიანის სახელობის თასი. ტურნირი ერთ დღიანია და 10 მაისსვე დასრულდება.

ტურნირის ორგანიზატორია ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახური. შეჯიბრს უხელმძღვანელებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლების გაერთიანების მსაჯთა ბრიგადა.

გერასიმე ქურასბედიანის სახელობის ტურნირი პირველად შარშან ჩატარდა ჩოლურში და მასში მხოლოდ ქვემო სვანეთის მოჭიდავეებმა მიიღეს მონაწილეობა, წელს ღონისძიება გაფართოვდა და უკვე რესპუბლიკური ტურნირის სტატუსი შეიძინა.