ანა ონიანის “აკვანი” სკოლის სახელმძღვანელოებში შეაქვთ

ანა ონიანი – დაიბადა სვანეთში, სოფელ ჟახუნდერში. მან სკოლა იქვე დაამთავრა. როგორც თვითონ აღნიშნავს, ეს იყო ულამაზესი წლები. ჰქონდა ლამაზი ბავშვობა და ჰქონდა ის, რაც სჭირდებოდა, მამა ყოველთვის იმაზე მეტს აკეთებდა, ვიდრე შეეძლო.

რისთვისაც ის დიდ მადლობას უხდის თავის მშობლებს. ანა არის უნიჭიერესი ახალგაზრდა. მის მხატვრულ შემოქმედებას უკვე სასიამოვნო გამოხმაურება მოჰყვა ლიტერატურულ წრეებში.
გთავაზობთ ინტერვიუს ანა ონიანთან.

ანა როგორი ვითარებაა შენს პროფესიულ კარიერაში?
– ქართული და ინგლისური ენების სპეციალისტი ვარ. თბილისში სწავლა გავაგრძელე ჟურნალისტიკაზე, ვწერ სხვადასხვა საიტებისთვის, ძირითადად ჩემ წერილებს ჩვენი სინამდვილიდან გამომდინარე ვაქვეყნებ და მხატვრულ სახეს ვაძლევ ამა თუ იმ პრობლემას, არის კრიტიკაც და არის დადებითი აზრიც, ჩემთვის მთავარია პრობლემა გაშუქდეს და ხალხმა იფიქროს ამაზე. ჩემ ორ მეგობართან ერთად დავაფუძვნე საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,თბილი სამყარო”, ძირითადად ამ საქმით ვარ დაკავებული, ძალიან მინდა გავძლიერდეთ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმაროთ, ჩემთვის მთავარია ადამიანებამდე სითბო და სიკეთე მივიტანოთ. ვაწყობთ საქველმოქმედო საღამოებს მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის, დავდივართ ბავშვთა სახლებში და მოხუცთა თავშესაფრებში, შეძლებისდაგვარად ვცდილობთ ყველასთან დავტოვოთ ჩვენი კვალი. არის პრობლემებიც, მაგრამ მჯერა რაც გულით გინდა ის ყოველთვის გამოვა, თან პრობლემების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელიცაა.

მე ვიცნობ შენ შემოქმედებას, როდის დაწერე პირველად და ამჟამად რაზე მუშაობ?
– ვწერ…ძალიან მერიდება ამ სიტყვის ხმამაღლა თქმა, მაგრამ ჰო ალბათ ასე ქვია (იღიმის) ბავშვობიდან ვწერდი, ვერცერთი ჩემი კლასელი ვერ იტყვის რომ მათ წანაკითხი ქონდათ ჩემი ლექსები, მოთხრობები, მაშინდელი რა თქმა უნდა, ვწერდი ნებისმიერ თემაზე რაც ჩემ გარშემო თვალსაჩინო იყო, თუმცა მაშინ ჩემთვის ჩანახატის ან თავისუფალი თემის სახით თუ დავწერდი, ისევ მე ვიყავი მკითხველიც და შემფასებელიც. ამ ყველაფერში ხელი შემიწყო საოჯახო ბიბლიოთეკამაც, ჩვენ სახლში სადაც კი ნივთის დადება შეიძლებოდა, ყველგან წიგნი იდო, ბავშვობიდან ასე გავიზარდე, ერთი პატარა სამკითხველო იყო ჩვენი სახლი. ვერ ვიტყვი რომ სკოლაში ჩემი მაქსიმუმი შევძელი, პირიქით ძალიან ზარმაცი ვიყავი, სკოლის პროგრამაზე მეტად კლასგარეშე ლიტერატურას ვაქცევდი ყურადღებას, გულწრფელად ვაღიარებ, დღემდე მიკვირს ატესტატში ტექნიკურ საგნებში რატომ დამიწერეს ხუთიანი. ძალიან მიყვარდა ჩემი სკოლა, მასწავლებლები, დღემდე მოწიწებით ვარ მათ მიმართ განწყობილი, ჩემი საყვარელი საგნებიც მქონდა რა თქმა უნდა, მაგრამ ყველა საგანში ვცდილობდი უპასუხისმგებლო არ ვყოფილიყავი. ვერ ვიჯერებ რომ ეს სკოლა დღეს აღარ არის, დაშალეს და მის ადგილზე ახალი ააშენეს, ჩემ გონებაში ისევ ის ძველი სკოლა რჩება, ის იყო ჩემი მეორე სახლი, ჩემი ლამაზი და თბილი ბავშვობა. ჩემი კლასის ფანჯრები მეთორმეტე საუკუნის ტაძარს გაჰყურებდა, სულ მქონდა ამის შეგრძნება რომ ერთი ტაძრიდან მეორეს ვუყურებდი, სკოლა ყველაზე სათუთ მოგონებებს ინახავს, რადგან ყველაზე კარგი რაც შეიძლება გვქონდეს ცხოვრებაში ეს წლებია. მერე იზრდები, ფიქრობ, პრობლემები გემატება და ის დრო როცა არაფერზე დარდობდი, ისევ ხელშეუხებელი და წმინდა რჩება. ამჟამად ვწერ რეგულარულად, სხვა და სხვა სოციალურ თემებზე და კარგი მკითხველის წრე მყავს, ბევრი სითბო და სიყვარული მოდის მათგან, არის კრიტიკოსთა ნაწილიც, ზოგი დამსახურებულად, ზოგი დაუმსახურებლად, მაგრამ ამას ვერ აცდები, როცა საზოგადოებაში გამოდიხარ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. არაფრის მტკიცებას არ ვიწყებ, ვწერ იმას რასაც განვიცდი და ვხედავ რომ პრობლემურია, ადამიანებს ყველას საკუთარი გონება იმიტომ გვაქვს, ყველამ სხვადასხვანაირად ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ, ასე ხდება ცხოვრება საინტერესოც.

ყველაზე გამორჩეულად რომელი ნამუშევარი გიყვარს და რატომ?
– რომ ვთქვა რომელიმე მოთხრობა ან ლექსი გამორჩეულად მიყვარსთქო, მოგატყუებთ, ჩვეულებრივი თანაბარი დამოკიდებულება მაქვს ყველასთან, ეს კითხვა ასე რომ დაგესვათ, რომელმა მიიქცია მეტი ყურადღება საზოგადოების მხრიდანო ,გეტყოდით ,,აკვანმა”. თუმცა არ ვთვლი რომ აკვანით დავიწყე და დავამთავრე, ალბათ ეს თემა უფრო მეტს შეეხო და გულთან ახლოს მიიტანეს.

რა არის შენთვის სვანეთი, კერძოდ, ლაშხეთი?
– სვანეთი ეს არის ხელისგულზე დატეული სამყარო, პატარა, ლამაზი, ბუნებრივი და გებნიალური. საქართველო ხომ ზოგადად ძალიან ლამაზი ქვეყანაა, ულამაზესი კუთხეები გვაქვს და სიამოვნებით ვნახავდი ყველას, მაგრამ არსად ცა ისეთი მაღალი არაა, როგორც სვანეთში, ლაშხეთი, ეს არის ჩემი ბავშვობა, ჩემი ნათესავები, მეგობრები, მშობლები, საუკეთესო წლები და პირველი ნაბიჯები, პირველი შეხება კალამთან. ბევრი გათენებული ღამე და ბავშვური ოცნებებით სავსე ჩემი ბაბუას სახლი. იმერეთს რომ გავცდები და სვანეთისკენ მივდივარ, უკვე სხვანაირი განწყობა მოდის, მინდა ბევრი ვისუნთქო ის ჰაერი… ხარბად…ძალიან მინდა რაღაც გავაკეთო ამ კუთხისთვის და ჩემი მადლიერება ამით გამოვხატო, ალბათ ამის დროც მოვა. მინდა სოფლებში მეტი ყურადღება დაეთმოს ახალგაზრდებს, ისინი ვინც ასეთ მკაცრ პირობებში მთას და სოფელს გვინარჩუნებენ, გმირები არიან, ვინც არ გარბის და გამოსავალს ქალქაში არ ეძებს, ვინც არ ტოვებს მამა-პაპის სახლს, ისინი დასაფასებლები არიან და შესაბამისი პირობები უნდა შევუქმნათ, უნდა იყოს უფრო ძლიერი სკოლები, უნდა ფუნქციონირებდეს მინიმუმ სკოლის ბიბლიოთეკა მაინც და ბავშვები უნდა იყონ ჩართული კულტურულ ღონისძიებებში, უნდა ეწყობოდეს შიდა ოლიმპიადები და სკოლაში სიარულს აზრი და ინტერესი უნდა ქონდეს, ბავშვი მარტო დავალების მისაცემად არ დადის სკოლაში, ის ყველა მხრივ უნდა ვითარდებოდეს, ამაზე კი ადილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა იზრუნონ.
სიამოვნებით ჩავატარებდი მათთან პოეზიის საღამოებს, შეხვედრებს ვესაუბრებოდი წიგნზე და ზოგადად განათლების მნიშვნელობაზე, ისინი ახლა ყალიბდებიან და როგორც გამოძერწავ მათ გზას იმ გზას დაადგებიან ცხოვრებაშიც, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ოჯახს და სკოლას, ისინი ერთობლივად ხელს უნდა უწყობდნენ ერთმანეთს რომ რაც შეიძლება უკეთესი თაობა წამოვიდეს. განათლება არის საწყისი ყველა სიკეთის, განათლებული ადამიანი ადვილად არ დაიჩაგრება, არც თვითონ დაჩაგრავს სხვას უსამართლოდ. ასე სოფელიც გაძლიერდება, კუთხეც და ზოგადად ქვეყანაც, ჩვენი მომავალი ჩვენ უნდა შევქმნათ.

ორიოდე სიტყვა შენს ,,აკვანზე”
– აკვანი…აკვანი ვფიქრობ უფლის წყალობაა ჩემ ცხოვრებაში, ეს არის პატარა, არაპოეტური ხერხით აღწერილი, დაუხვეწავი მოთხრობა, რომელიც ბოლოს დიდ ემოციას ტოვებს მკითხველში. ამის გამო არაერთი რეჟისორი გამომეხმაურა, იგეგმება ფილმის გადაღებაც. სპექტაკლის დადგმაც, დაველოდოთ შედეგებს. თუ მართლა გადაიღეს ფილმი მას აუცილებლად საქართველოს ეროვნულ გმირს, ალეკო ონიანის ნათელ ხსოვნას მივუძღვნი, რადგან ეს ერთადერთი რამაა რაც მისი წმინდა სულისთვის შეიძლება გავაკეთო, ერთად გავიზარდეთ და ვამაყობ რომ ასეთი დიდი ადამიანის გვერდით ვიყავი, ვსწავლობდი. საერთოდ, ის ცოცხალია ჩემთვის და სულ ასე იქნება …. აკვანი სამი წლის წინ დავწერე, ჩემ ბოლო კრებულშიც შესულია მაგრამ ასეთი გამოხმაურება და მკითხველის ფართო წრე მაინც ინტერნეტში გამოჩენის შემდეგ ნახა. ათასობით ნახვა აქვს სხვა და სხვა საიტზე, მიხარია რომ ხალხი კარგად შეხვდა, ის გაიგო რისი მიტანაც მინდოდა მათ გულებამდე, ყველაზე მეტად ის მიხარია რომ მოსწავლეები მწერენ, იყო საუბარი სახელმძღვანელოებში შეტანაზეც, მაგრამ უარს ვამბობ, თუ ამას მაინც გადაწყვეტენ, ეს წლების მერე იყოს, ახლა ნამდვილად არ ვარ ამისთვის მზად. ჯერ ჩამოყალიბების პროცესში ვარ, ბევრი უნდა ვიკითხო, ვისწავლო, ავითვისო, ჩვენი ცხოვრება მუდმივი სიახლეები და ინოვაციებია, არ მინდა ერთ ადგილზე ვიდგე და ვხედავდე როგორ გარბის დრო. ვაპირებ სწავლის გაგრძელებას და ძალიან ბევრი გეგმები მაქვს წინ .

შემოქმედებითი წრე, სადაც შენ ტრიალებ და ცხოვრობ?
– ჩემი სამეგობრო წრე ჩემი სიმდიდრეა, ძალიან ბერი ნიჭიერი და კარგი ახალგაზრდაა ჩემ ირგვლივ, ბევრი ძლიერი პოეტია, მხატვარი, მუსიკოსი, მინდა ყველას წარმატებები ვუსურვო და საკუთარი ქვეყნისთვის დახარჯულიყვნენ. მიხარია რომ ამ თაობის ნაწილი ვარ, მინდა ერთიანი და ძლიერი იყოს ხელოვანი ადამიანების გაერთიანება, ხელოვნება ზოგადად ძალიან ბევრს ცვლის სახელმწიფოს ცხოვრებაში, მინდა ბევრი მათგანი ამ ნიშნით შემორჩენილიყვნენ ჩვენ საუკუნეს. ნამდვილ ხელოვანს დიდი მისია აკისრია, საკუთარი ბედნიერების ხარჯზეც რომ მოუხდეს თავის გაწირვა, მაინც ქვენის სამსახურში უნდა იდგეს, მით უმეტეს ახლა როცა ასე ჭირდება საქართველოს ძლიერი, განათლებული და ნიჭიერი ახალგაზრდობა.

რისი თქმა გსურს ყველაზე მეტად და არ ან ვერ გითქვამს?
– რომ თქვა, ამასაც დიდი ნიჭი უნდა, უნდა დაინახო კარგი რაც კეთდება, მარტო შავს არ უნდა ხედავდე, მივესალმები ბევრ რამეს, მაგრამ როგორც კარგზე დაუკრავ ტაშს და შეაქებ, ასე ცუდის პატიებაც არ შეუძლია ხალხს. პატარა ერის ცხოვრება ყოველთვის მძიმე და ძნელია, ამდენი მტერი ირგვლივ, შენ კი ერთი მუჭა ხარ და ყველა მიწას გაცლის …ოდითგანვე ბრძოლით მოვდიოდით, სულ სისხლის ფასად ვიცავდით ჩვენს რჯულს და ქვეყანას, მაგრამ ახლა ამ მსხვერპლში ჩვენი სისხლიც შეერია, საუკუნის სირცხვილია შვილის საფლავზე მამა ააფეთქო, ამდენი უხამსი გადაცემები, მაშინ როცა შეგვიძლია გაცილებით უკეთეს საქმეში დაიხარჯოს ეს ფინანსები, გადაიღონ კარგი ფილმები, თუნდაც მულტფილმები, მისცენ ახალგაზრდებს იდეების განხორციელების საშუალება, აშენდეს სოფლებში ადგილობრივი საწარმოები, დაასაქმონ იქ მაცხოვრებლები. გაიხიზნა მთელი ქართველობა ქვეყნიდან, ქართველ ქალს ფასი და ხიბლი ეკარგება, ვისაც ჩვენ ეკრანებზე ვხედავთ და თავიდან ბოლომდე მუმიებივით არიან ხელოვნურად შელამაზებულნი, ესენი არ არიან ქართველი ქალები, მათგან ვერცერთი ახალგაზრდა გოგო ვერ აიღებს მაგალითს, ქართველი ქალები ისინი არიან, ვინც წასულები არიან და საკუთარი შვილებისგან შორს, ტირილით და სიმწრით ითვლიან დროს და წამებს, რომ შვილები ნახონ და ჩაეხუტონ. იმ ქალებს უნდა მიხედონ და დააფასონ. ორი შვილი მყავს და მინდა ნორმალურ ჩამოყალიბებულ და განვითარებულ ქვეყანაში იცხოვრონ, არ მინდა გაქცევაზე იფიქრონ ან იძულებული გახდნენ გაიქცნენ, ამისთვის ჩვენც უნდა გავანძრიოთ ხელი და ჩვენვე ვცადოთ ჩვენი თავის შველა.