უფასო გამოკვლევები რეგიონებში

სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, თბილისსა და მთელ საქართველოში რეგისტრირებულ მოქალაქეებს შეუძლიათ უფასოდ ჩაიტარონ 4 სახის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის გამოკვლევები განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით:

40-წლიდან 70 წლამდე – ძუძუს კიბოს სკრინინგი,
25-წლიდან 60 წლამდე – საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი,
40-დან 70 წლამდე თბილისში რეგისტრირებულთათვის – მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი,
50-დან 70 წლამდე რეგიონში რეგისტრირებულთათვის – მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი,
50-დან 70 წლამდე – პროსტატის კიბოს მართვა (PSA – ტესტი)

სკრინინგის პროგრამის სახელმწიფო დონეზე დანერგვა, პირველად საქართველოში, ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა დაიწყო. მისი განხორციელების იდეა კი ეკუთვნის საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის საბჭოს.
ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა საქმიანობა დაიწყო 2008 წლის 1 მაისს. მისი საქმიანობის მიზანია საქართველოს მოსახლეობაში სხვადასხვა კიბოს დაავადების თავიდან აცილება ადრეული დიაგნოსტიკის გზით.
დაფუძნებიდან მცირე ხანში, ეროვნული სკრინინგ ცენტრის საქმიანობა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ქვეშ მოექცა. 2008 წლის 26 დეკემბერს, ეროვნულ სკრინინგ ცენტრს მიენიჭა “ქართული ხარისხის ნიშანი” და მისი მენეჯმენტის ხარისხი და მომსახურება შეფასდა როგორც საუკეთესო. 2009 წლის 21 იანვარს, ევროპელი პარლამენტარების სამიტზე, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ქართული პროგრამა სამაგალითოდ აღიარეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის და დააჯილდოვეს სპეციალური პრიზით – “სიბრძნის მარგალიტი”.
თავდაპირველად, პროგრამა ხორციელდებოდა მხოლოდ თბილისში. შემდგომ, სკრინინგის სერვისი ხელმისაწვდომი გახდა მთელი საქართველოსთვის. სკრინინგის პროგრამაში მონაწილე სამედიცინო პერსონალის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, ხარისხიანი და მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად, უცხოელი კოლეგების დახმარებით მოხდა. ასევე, გაფორმდა ხელშეკრულება სხვადასხვა სამედიცინო ცენტრთან პროგრამული გამოკვლევების გეოგრაფიის გასაზრდელად. შესაბამისად, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს სკრინინგის სერვისის მიღება შეუძლია თითქმის ყველა მსხვილ ქალაქში.
თბილისში, სკრინინგის პროგრამას ეროვნული სკრინინგ ცენტრი 12 ქვეკონტრაქტორთან ერთად ახორციელებს, თბილისის მუნიციპალიტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) დაფინანსებით, რეგიონებში კი – 23 ქვეკონტრაქტორთან ერთად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დაფინანსებით.
საქართველოში, სკრინინგის პროგრამის ამოქმედების შედეგად, დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა. ეს არ ნიშნავს, რომ კიბოს შემთხვევებმა იმატა. უბრალოდ, გამოკვლევები ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს მოქალაქეებისთვის და მათ შეძლეს სკრინინგ ცენტრებისთვის მიემართათ, ადრე გამოევლინათ პათოლოგია და ემკურნალათ. ეს ნიშნავს მრავალ გადარჩენილ სიცოცხლეს, რადგან დაავადების ადრეული აღმოჩენა საუკეთესო პრევენციაა ავთვისებიან სიმსივნესთან ბრძოლაში.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი საშუალებას იძლევა, გამოვლინდეს ყოველგვარი კიბოსწინარე დაავადება და ინფექცია. მათი ადრეული აღმოჩენისა და მკურნალობის შედეგად კიბოს თავიდან აცილება 100-დან 75 შემთხვევაშია შესაძლებელი!
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 25-დან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს უფასოდ ეკუთვნით შემდეგი გამოკვლევები:
PAP-ტესტი და საჭიროების შემთხვევაში – კოლპოსკოპია, Pap ტესტი საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევას გულისხმობს, კოლპოსკოპია კი – საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპით დათვალიერებას. ტესტის საშუალებით ვლინდება საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზით – ადამიანის პაპილომა ვირუსით გამოწვეული ცვლილებები. ძალზე იშვიათად, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგისას, პათოლოგიური ცვლილება შესაძლოა, არ დაფიქსირდეს. იმ ქვეყნების სტატისტიკის მიხედვით, სადაც საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ფართოდაა დანერგილი, ყოველი 10 ანალიზიდან ერთი გადამოწმებას მოითხოვს. დიაგნოზის დასაზუსტებლად გინეკოლოგმა შესაძლოა კოლპოსკოპიური კვლევის ჩატარება გირჩიოთ. ამდენად, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ავთვისებიანი სიმსივნისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა!
ძუძუს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 40-დან 70 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს უფასოდ ეკუთვნით შემდეგი გამოკვლევები:
მამოლოგის კონსულტაცია, მამოგრაფია, ექოსკოპია (საჭიროების შემთხვევაში), ციტოლოგია (საჭიროების შემთხვევაში). სარძევე ჯირკვლის მამოგრაფია გულისხმობს რენტგენოლოგიურ კვლევას, რომლის დროსაც ძუძუს ქსოვილის დასხივება ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო, მინიმალური დოზით ხდება. ძუძუს კიბოს სკრინინგი მეტად ხანმოკლე პროცედურაა. კვლევის ამ მეთოდით შესაძლებელია პათოლოგიური პროცესების აღმოჩენა, რომელთა ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში, განკურნება 100-დან 98 შემთხვევაშია შესაძლებელი. ისევე, როგორც ყველა სხვა სახის გამოკვლევას, მამოგრაფიასაც აქვს რამდენიმე ნაკლი. კერძოდ: ავთვისებიან სიმსივნეთა ზოგიერთი სახეობა ცუდად ჩანს ან სრულებით არ ჩანს რენტგენის ფირზე. თუ ექიმმა დაგარწმუნათ, რომ მკურნალობა გჭირდებათ, ნუ შეშფოთდებით. ძუძუს დაავადებათა უმრავლესობას კეთილთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს, თუმცა ყოველ მათგანს სჭირდება დროული და სწორი მკურნალობა, რისთვისაც ქალმა სკრინინგის პროგრამაში მომუშავე ექიმის რჩევით უნდა მიმართოს სპეციალიზებულ მამოლოგიურ დაწესებულებას, ვინაიდან დაავადების მკურნალობა სცდება სკრინინგის პროგრამის ფარგლებს.
სტატისტიკის თანახმად, ქვეყნებში, სადაც ფართოდ არის დანერგილი ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამა, მამოგრაფიული კვლევის შემდეგ გამოკვლეულთა 95%-ს არავითარი საეჭვო ცვლილება არ უვლინდება. შესაძლოა, ექიმმა ქალს განმეორებითი გამოკვლევის ჩატარება ურჩიოს, თუ: მამოგრაფიამ გამოავლინა ცვლილება, რომელიც დამატებით შესწავლას საჭიროებს ან ტექნიკური წუნის გამო ფირზე კვლევის შედეგის წაკითხვა შეუძლებელია. თუ მამოგრაფიული კვლევის შედეგად საეჭვო ცვლილებები გამოვლინდა ექიმი დამატებითი კვლევის (ექოსკოპიური კვლევის, ბიოფსიის) ჩატარებას გირჩევთ. თუ სკრინინგმა საეჭვო ცვლილება არ აჩვენა, განმეორებით გამოკვლევა მხოლოდ ორ წელიწადში ერთხელ მოგიწევთ.
პროსტატის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 50-დან 70 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნით უფასო გამოკვლევა PSA ტესტის მეთოდით. PSA ტესტი პროსტატის კიბოს განვითარების რისკის მართვის მეთოდია, რომლითაც განისაზღვრება სისხლში პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) დონე. PSA-ს დონის მკვეთრი მომატება შეიძლება მიანიშნებდეს პროსტატის კიბოს არსებობის მაღალ რისკზე, თუმცა ეს მატება სხვა მიზეზითაც შეიძლება იყოს გამოწვეული (მაგ. პროსტატის ჯირკვლის გადიდებით, პროსტატიტით ან საშარდე გზების ინფექციით). მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ: გახშირებული შარდვა (განსაკუთრებით ღამით), გაძნელებული შარდვა ან შარდვის გახანგრძლივება, ტკივილი შარდვის დროს. ამ სიმპტომების არსებობა, ხშირად, არ ნიშნავს რომ კიბო გაქვთ. თუმცა პროსტატის კიბო, ზოგჯერ უსიმპტომოდ, ,,ჩუმად“ მიმდინარეობს და, რომ არ გამოგეპაროთ, მნიშვნელოვანია გამოკვლევა (PSA ტესტი) დროულად ჩაიტაროთ. დროული გამოვლენის შემთხვევაში, წარმატებული მკურნალობაა შესაძლებელი.
მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით, თბილისში რეგისტრირებულ 40-დან 70 წლამდე ასაკის, ხოლო რეგიონში რეგისტრირებულ 50-დან 70 წლამდე პირებს, უფასოდ ეკუთვნით შემდეგი გამოკვლევები: ფარული სისხლდენის განსაზღვრის ტესტი და საჭიროების შემთხვევაში კოლონოსკოპია.
რეგიონში რეგისტრირებულ მოქალაქეებს გამოკვლევები შეუძლიათ ჩაიტარონ როგორც თბილისში – ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, ასევე შემდეგ რეგიონებში განთავსებულ დაწესებულებებში: აჭარა, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, სამცხე–ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, კახეთი, თბილისში რეგისტრირებულებს კი – მხოლოდ ეროვნულ სკრინინგ ცენტრს შეუძლიათ მიაკითხონ. სკრინინგის პროგრამას ემსახურება ექიმთა მობილური ჯგუფიც, რომელიც გამოკვლევებს საქართველოს სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში ატარებს. თუ მოქალაქეს სურს გაიგოს თუ როდის ესტუმრება ექიმთა ჯგუფი რომელიმე ქალაქს ან მუნიციპალიტეტს, შეუძლია მიმართოს ეროვნულ სკრინინგ ცენტრს – ტელეფონზე – 2-20-35-35, ბერძნულ სამედიცინო ფონდს „ჰიპოკრატე“- ტელეფონზე – 291 06 01 ან ონკოპრევენციის ცენტრს – ტელეფონზე – 236 91 12.
რადგან ლენტეხის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელთათვის ქ. ქუთაისში გამოკვლევის ჩატარება უფრო ხელმისაწვდომია, ვაქვეყნებთ იქ მდებარე დაწესებულებების საკონტაქტო ინფორმაციას :
ქუთაისში, ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი ”ჰერა”, ტელეფონი 23 64 64
ქუთაისში, შ.პ.ს. “ბომონდი”, ტელეფონი 29 29 90
ქუთაისში, ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი, მისამართი ჯავახიშვილის ქ. 83ა
სანამ გამოკვლევისათვის უშუალოდ შესაბამის დაწესებულებაში მიხვიდოდეთ, უმჯობესი იქნება თუ წინასწარ დარეკავთ მათთან ან სკრინინგის ეროვნულ ცენტრში, დარეგისტრირდებით და დააზუსტებთ თუ როგორ მოემზადოთ სკრინინგისათვის. გამოკვლევის პასუხს 10 სამუშაო დღის შემდეგ მიიღებთ.
გისურვებთ ჯანმრთელობას !