20 ივნისს 12 სთ-ზე, დაბა ლენტეხში, მინერალური წყლის (“მჟავეწყლის”) მიმდებარედ ლენტეხის მერიამ ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიება გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულ გუბერნატორის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით პირველი, ლენტეხის მერი გია ონიანი, მერის პირველი მოადგილე მარადი ლიპარტელიანი და სხვა თანამდებობის პირები.
ღონისძიება მერიის ა.(ა).ი.პ.-ის “ტურიზმის განვითარების ცენტრი ლაილა”-ს ორგანიზებით და ნაწილობრივ მერიის დაფინანსებით ჩატარდა.
ამავე ორგანიზაციას წარმოდგენილი ჰქონდა ტურიზმის სააგენტოს და მათ მიერ სხვადასხვა დროს გამოცემული ბუკლეტები და რუკები ქვემო სვანეთზე.
ღონისძიებაში მონაწილეობდა ანსამბლი “ლაგუშედა” (ლოტბარი ზურა ლიპარტელიანი), ლენტეხის სამხატვრო სკოლას (ხელ. თამილა ლიპარტელიანი ) გამოფინა სხვადასხვა ნამუშევრები, სტუმრებს შეეძლოთ შეეძინათ რამდენიმე მეწარმის და დედათა მონასტერის მიერ შექმნილი პროდუქცია, ასევე იყიდებოდა სათამაშოები და ტკბილეული, ბავშვებს შეეძლოთ ესიამოვნათ ბატუტზე ხტუნვა-თამაშით, კულინარებმა ნინური ჩანქსელიანმა და ზიმნარა ქურასბედიანმა იქვე მოამზადეს კუბდარი, ჭვიშტარი, თაშმუჯაბი და სხვა სვანური კერძები, რომლებიც დააგემოვნეს ღონისძიების დამსწრეებმა.
ღონისძიებას უძღვებოდა “ტურიზმის განვითარების ცენტრი ლაილა”-ს თანამშრომელი, ანსამბლ “ლაგუშედა”-ს წევრი ბაქარ ლიპარტელიანი.
ანონსი ამ ღონისძიების შესახებ 18 ივნისს გამოაქვეყნა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიამ, მაგრამ აშკარად შესამჩნევი იყო დამსწრეთა რაოდენობის სიმცირე. უმჯობესი იქნებოდა ღონისძიება უფრო ადრე დაგეგმილიყო და ინფორმაციაც უფრო ადრე გავრცელებულიყო.
გთავაზობთ ვიდეო-ჩანაწერს და ფოტოებს, რომლებიც წარმოდგენას შეგიქმნით ამ ღონისძიების მიმდინარეობაზე (ჩანაწერი იწყება ბერდია ჩანქსელიანის სიტყვით):