,,ჩვენი ლამაზი, საამაყო და ნოსტალგიური,
დანგრეული, წაქცეული და ნაგავსაყრელად გადაქცეული მუაში…”
ასეთი წარწერა აქვს გაკეთებული ფეისბუქის გვერდის: ,,სვანეთი, ლაშხეთი, ჟახუნდერი.” –ის ადმინისტრატორს მუაშის ფოტოებზე .
ქვემო სვანეთს უამრავი ლამაზი და ღირსშესანიშნავი ადგილი მოეპოვება, რომელიც ტურისტს შეუძლია ინახულოს. კულტურულ ძეგლებთან ერთად არის ლამაზი ლანდშაფტები. ერთ–ერთი ასეთი ადგილია კურორტი – მუაში. ძველ თაობას კარგად ახსოვს აყვავებული, დალაგებული და დასუფთავებული მუაში, სადაც უამრავი დამსვენებელი დადიოდა. დღეს რეალობა სხვანაირია – კურორტიდან ნარჩენებიღა არის შემორჩენილი, არის ულამაზესი ბუნება, მჟავე წყალი, მაგრამ არიან ადამიანები, ვისთვისაც ბუნება ნაგავსაყრელია. სამწუხაროდ ეს მხოლოდ მუაშს არ ეხება, ანალოგიური სიტუაციაა სხვაგანაც. ყველამ ჩვენ გულებში ჩავიხედოთ და ვაღიაროთ, რამდენჯერ დაგვინაგვიანებია გარემო. არ ვიცი საიდან უნდა დაიწყოს და ვის უნდა მივმართოთ, მაგრამ ვიცი ერთი, რომ ბუნება ,,შეწუხებულია” ადამიანების ბოროტი საქციელით. ის გვჩუქნის მწვანე გარემოს, ყვავილებით, ბალახებითა და ხეებით მორთულ ხედებს, რომ ისევ ჩვენ ვისიამოვნოთ. სამწუხაროდ იმის მაგივრად, რომ მოვუფრთხილდეთ ჩვენ რას ვაკეთებთ?
ბავშვობის მერე მრავალი წელი გავიდა და აი ისევ ვესტუმრე მუაშს. შევედი ნაძვნარში სადაც ნაძვის სურნელებამ ფილტვებამდე ჩააღწია, მწვანე საბურველმა სული გამინათა, მაგრამ შემაწუხა კაცის ხელით დაბინძურებულმა გარემომ. ალბათ აქ ამოდიან საქეიფოდ და გულის გადასაყოლებლად, მოაქვთ პურ–მარილი და შლიან სუფრას. ქეიფის შემდეგ კი ყველას ავიწყდება, რომ თავიანთი ნასუფრალის ნარჩენები აალაგოს და არ დატოვოს იქვე. დღეს ერთი მოდის, ხვალ –მეორე, ზეგ – მესამე და გაივსო იქაურობა ნაგვით, დამყრელი ბევრია, ამლაგებელი –არავინ. ისევ ჩვენ ვსარგებლობთ ამ ბუნებით, მიგვყავს ბავშვები და რა მაგალითს ვაძლევთ მათ?!
შემთხვევით არ მითქვამს, რომ მე სხვანაირი მუაში მახსოვს. უკვე აღარ ვჩივით, რომ დამსვენებელთა კოტეჯები სულ დანგრეულია, ბუნებას მაინც მოვუფრთხილდეთ. აშენებას ბევრი რამ სჭირდება, დანგრევას – თითქმის არაფერი. არჩევანი ჩვენი გასაკეთებელია. რასაც დავანგრევთ, მეორედ ვეღარ ავაშენებთ. იქნებ მოვუფრთხილდეთ და ვისწავლოთ მოვლა.