მეკლდეურების წარმატებები

18-19 აპრილს “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა” და თბილისის მერიის მხარდაჭერით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობაში მდებარე მეკლდეურობის დარბაზში ირაკლი გელდიაშვილის სახელობის მემორიალური ტურნირი ჩატარდა, სადაც რთული ცოცვის და სწრაფი ცოცვის სახეობაში გამარჯვებული ვაჟები და გოგონები გამოვლინდნენ.

ტურნირში მონაწილეობდნენ მესტიის, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, სტეფანწმინდის და ლენტეხის გუნდები. განსაკუთრებულად წარმატებით იასპარეზა სალომე მეშველიანმა, რომელმაც ორივე სახეობაში პირველი ადგილი მოიპოვა, ხოლო გიგა ჯანხოთელმა სწრაფ ცოცვაში დაიკავა პირველი ადგილი. საბოლოოდ ლენტეხის გუნდმა მე-2 ადგილი მოიპოვა და მხოლოდ თბილისის გუნდს ჩამორჩა.

ა.(ა).ი.პ. მეკლდეურობისა და ალპინიზმის სპორტ-სკოლის სპორტსმენებმა – დირექტორი ალიოშა (ჟორდან) გაზდელიანი, მწვრთნელი გურამი გაზდელიანი – მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვეს.

22-25 მაისს ქალაქ თბილისში ვაკის სპორტკომპლექსში მოწყობილ ხელოვნურ კედლებზე ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი მეკლდეურობაში ახალგაზრდებს შორის, 3 ასაკობრივ ჯგუფში: 1996-97, 1998-99 და 2000-2001 დაბადებულ ვაჟებში და გოგონებში. მონაწილეობდნენ თბილისის, მესტიის, ლენტეხის, ბათუმის, ქუთაისის და ყაზბეგის ნაკრები გუნდები. თბილისიდან და მესტიიდან ორ-ორი გუნდი ასპარეზობდა.

შეჯიბრი გაიმართა 2 სახეობაში – სწრაფი და რთული ცოცვა. შეჯიბრზე ლენტეხის მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 7 მეკლდეურის გაგზავნა შეიძლებოდა. ესენი იყვნენ: ავალიანი ლევანი, მუსელიანი დათო, ლიპარტელიანი სანდრო, ლიპარტელიანი კოტე, გაზდელიანი ეკა, ჩანქსელიანი გვანცა, გაზდელიანი ანი.

საქართველოს ჩემპიონები გახდნენ სწრაფ ცოცვაში სანდრო ლიპარტელიანი, ხოლო რთულ ცოცვაში – დათო მუსელიანი. დათომ სწრაფ ცოცვაშიც მოიპოვა საპრიზო მეორე ადგილი. გოგონებს შორის სწრაფ და რთულ ცოცვაში მეორე ადგილის მფლობელი გახდა ანი გაზდელიანი. საბოლოოდ ლენტეხის მუნიციპალიტეტის გუნდმა მე-3 ადგილი დაიკავა.