ქვემო სვანეთში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით საკმაოდ რთული მდგომარეობაა.
დაბა ლენტეხში, 2014 წლის ზაფხულში, შვედეთის მთავრობის დაფინანსებული პროექტის – ‘’დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში’’ ფარგლებში იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების კონსორციუმის წარმომადგენლები და მათ პრეზენტაციები გამართეს თვითმმართველობის თანამშრომლებისთვის ნარჩენების გადამუშავების თანამედროვე მიდგომებთან დაკავშირებით, შეხვდნენ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელობასაც, მაგრამ მას შემდეგ ქვემო სვანეთში ამ მხრივ ბევრი არაფერი შეცვლილა.
დაბა ლენტეხიდან ნარჩენების გატანაზე ადრეულ წლებში მუნიციპალიტეტის გამგეობა ტენდერს აცხადებდა-ხოლმე, 2015 წელს ტენდერი არ გამოცხადებულა და გამგეობამ ეს მომსახურეობა თავის დაქვემდებარებაში არსებულ არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირს მიანდო.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ ნაგავსაყრელი გამოყოფილია დაბა ლენტეხიდან დაახლოებით ხუთი კილომეტრის მანძილზე, ცენტრალურ გზას, მდ. ლახაშურსა და მდ. ცხენისწყალს შორის. ეს ნაგავსაყრელი შემოღობილია და სწორედ აქ იყრება დაბა ლენტეხის მოსახლეობისაგან შეგროვებული ნარჩენები.
ნარჩენების გასატანი სატვირთო მანქანა დაბა ლენტეხში კვირაში ერთხელ ჩამოუვლის ხოლმე მოსახლეობას, ნარჩენების ჩასაყრელი მცირე ზომის ურნები (სათლები) კი – მხოლოდ კულტურის სახლსა და ფოსტის შენობას შორის არსებულ სკვერთან და თვითმმართველობის შენობის შესასვლელთან არის განთავსებული. ხშირია შემთხვევები, როცა მოსახლეობა ნაგავს პირდაპირ მდინარეებში ან სანაპიროებზე ყრის. კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა სოფლებში, რადგან აქ ნარჩენების გასატანი მანქანაც არ მოძრაობს და მოსახლეობას თავად უწევს ნაგვის უსისტემოდ გადაყრა, ვისაც სად მოუხერხდებათ, თუ მოესურვებათ, მრავლად არის უკანონო ნაგავსაყრელებიც.
ჩვენ ვესაუბრეთ ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს ხელედის თემში ტახუ ჩანქსელიანს:
__ რა მდგომარეობაა ნარჩენების მხრივ ?
__ ძალიან რთული მდგომარეობაა, არ ვიცით როგორ მოვიქცეთ, მოსახლეობა ნარჩენებს ძირითადად მდინარეების ნაპირებზე ყრის, რომ ავუკრძალოთ, მაშინ უნდა მივუთითოთ ის ადგილი თუ სად უნდა დაყარონ, ამას კი ვერ ვაკეთებთ.
__ რაში ხედავთ ამ პრობლემის გადაწყვეტას ?
__ საუბრების და კრებების ჩატარების შედეგად, მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება გამოიყოს სოფლისგან 2-3 კმ მოშორებით ადგილი, სადაც მოხდება დიდი ორმოს ამოთხრა, ეს ორმო შეიღობება და იქ მოხდება ნარჩენების ჩაყრა. ეს ორმო უნდა იყოს საკმაოდ ღრმა, რათა დიდხანს გამოადგეს სოფელს. რადგან ეს ადგილი სოფლისგან დაშორებული იქნება, საჭიროა გამოიყოს სატვირთო, რომელიც კვირაში ერთხელ მაინც მოემსახურება სოფლის მოსახლეობას. იმედი გვაქვს გამგეობა გვერდში დაგვიდგება და ეს პრობლემა გონივრულ ვადებში გადაიჭრება. ამ პრობლემის გადაწყვეტის სხვა რეალური გზა ჯერჯერობით არ ჩანს.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში ასევე დიდი პრობლემაა ის, რომ არ არსებობს კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობები და სალექარები, შედეგად კანალიზაცია პირდაპირ მდინარეებში ჩაედინება.
უფრო ვრცელ მასალას ქვემო სვანეთში ნარჩენების პრობლემებთან დაკავშირებით მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ფოტოზე აღბეჭდილია ერთერთი უკანონო ნაგავსაყრელი მდ. ცხენისწყლის პირას ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურში.