ალბათ, ბევრი ვერც წარმოიდგენდა, რომ ხოფურში დაბადებული ბიჭი ერთ დღეს მსოფლიოს გააოცებდა და ვარსკვლავი გახდებოდა, მისით მთელი საქართველო იამაყებდა.
დღეს ტენორი გიორგი ონიანი გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ბონის საოპერო თეატრის სოლისტს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უწევს სიმღერა. ჩვენმა გაზეთმა მოახერხა მასთან დაკაშირება და გთავაზობთ ინტერვიუს
–––– საღამო მშვიდობისა გიორგი!
–––– საღამო მშვიდობის მშობლიურო კუთხევ!
–––– მე გაზეთი ,,სვანეთი“-დან გეხმიანებით და თუ თქვენ ძვირფას დროს დაგვითმობთ, მადლობას გეტყვით და უამრავი ლენტეხელის გულს გაახარებთ.
–––– რას ამბობ, ლენტეხს და სვანეთს დროს კი არა, სიცოცხლეს დავუთმობ.
–––– საკმაოდ დიდი ხანია საზღვარგარეთ მოღვაწეობთ, როდის და როგორ წახვედით საქართველოდან ?
–––– საქართველოდან პირველად 2001 წელს წავედი, თავიდან გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში ვსწავლობდი ასპირანტურაში და 2002 წლიდან იტალიაში, მილანში გადავედი, სადაც 2005 წლამდე ვცხოვრობდი. 2008 წლიდან ისევ გერმანიაში დავბრუნდი საცხოვრებლად და დღემდე აქ ვარ.
ვმღერი იმ ქვეყანებში, სადაც ჩემი იმპრესარიო გამიშვებს.
–––– როგორ მოხვდით ოპერაში? ვინ და რამ გიბიძგათ ამისკენ?
–––– დიდ როლი დედაჩემმა ითამაშა. ბავშვობიდან მასმენინებდა სახლში სხვადახვა ოპერის ჩანაწერებს. მეც ჩემებურად ვბაძავდი მომღერლებს და ვგრძნობდი, რომ მეც რაღაც მონაცემები მქონდა. ამიტომ ჯერ კიდევ ბავშვობიდანვე ვუფრთხილდებოდი ხმას და ველოდებოდი როდის დადგებოდა ჩემი ნიჭის რეალიზაციის შესაძლებლობა. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ეს ე.წ. კავეენიდან შევძელი და გია ნაცვლიშვილის დახმარებით მოვხვდი მუსიკის სამყაროში. შემდეგ, მოვემზადე და ჩავაბარე კონსერვატორიაში. ასე გავხდი პროფესიონალი მომღერალი.
–––– ეხლა სეზონის ბოლოა და წელს შესრულებული გაქვთ როლები ოპერებში: ,,ტრუბადური“, ,,აიდა“, ,,ჟანა დარკი“, ,,ჯამბაზები“, ,,სოფლის ღირსება“, ,,კარმენი“, ,,ტურანდოტი“, ,,ტოსკა“, ,,ბოჰემა“, ,,მადამ ბატერფლაი“ – აქედან რომელი როლი იყო ყველაზე რთული სამღერი და შესასრულებელი?
––––ეგ მხოლოდ ამ სეზონის ნამოღვაწარია. ისე 40 როლი მაქვს შესრულებული 15 წლის მანძილზე. ყველა როლი თავისებურად რთულია, მაგრამ უნდა მოუძებნო გასაღები და გაითავისო. ყველაზე რთული, რაც მიმღერია იყო არიგოს” როლი ვერდის ოპერაში “სიცილიური მწუხრი”, რომელიც პირველად ვერდის მშობლიურ ქალაქ ბუსეტოში შევასრულე, ხოლო შემდეგ სხვა თეატრებშიც..
–––– ქართულ ხალხურ სიმღერებს თუ ასრულებთ და სად?
–––– ქართულ სიმღერებს ამჟამად ისევ მეგობრების წრეში და შინაურულ გარემოში ვმღერი ხოლმე. სერიოზულად კი ანსამბლ რუსთავის წევრი ვიყავი 3 წელი და მაშინ ვეზიარე ამ ხელოვნებას.
–––– შენ უამრავ პროფესიონალ მომღერალთან მდგარხარ სცენაზე და შეგისრულებია ოპერის არიები, მაგრამ რა გრძნობაა როდესაც ქართველი მომღერალი გიდგას გვერდით? თუ აქვს ემოციურ ფაქტორს პროფესიონალისთვის მნიშვნელობა?
–––– ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა. იმიტომ, რომ უცხოეთში შენ საქართველოს წარმოადგენ და უფლება არ გაქვს სათანადო დონეზე არ წარადგინო შენი ქვეყანა. საბედნიეროდ დღეს მსოფლიოში ბევრი წარმატებული ქართველი მომღერალი მოღვაწეობს და როცა ჩვენი გზები იკვეთება ხოლმე სცენაზე, ძალიან გვიხარია.
–––– და ეს რა გრძნობაა, როდესაც პირველი ქართველი ხართ ვინც ტალინის ოპერაში იმღერეთ?
–––– არა მარტო ტალინის, ბევრ თეატრში მიმღერია, სადაც პირველი ქართველი ვიყავი. თუნდაც რიო დე ჟანეიროს ცნობილი თეატრი… შეგრძნება, რა თქმა უნდა სასიამოვნოა. ამით მომღერალი უქმნის შთაბეჭდილებას ყველას თავის ქვეყანაზე, ამ შემთხვევაში საქართველოზე.
სცენაზე კი, როცა შენი გმირის კოსტიუმს იცმევ და გრიმს გიკეთებენ – უკვე შენი თავი აღარ ხარ და ცდილობ გმირის ცხოვრებით იცხოვრო. ეს თუ დამაჯერებელი არაა პუბლიკა ისე არ მიგიღებს.
–––– და რიო დე ჟანეიროში რა ითამაშე?
–––– ვერდის “ბალ მასკარადი” პირველად რიოში შევასრულე
–––– გია ვიცი რომ შენ გულგრილი არ დაუტოვებიხარ თბილისის 13 ივნისის ტრაგიკულ მოვლენებს?
–––– მეც, როგორც ყველა ქართველს, ისევე მეტკინა და განვიცადე. საშინელება იყო. ასე იცის ადამიანის უხეშმა ჩარევამ ბუნების წინააღმდეგ,’რაც შეეხება გაჭირვებას – “კაცი გაჭირვებაში იცნობაო” – ნათქვამია.
აკეთეთ სიკეთე, დაეხმარეთ ვისაც თქვენი დახმარება სჭირდება, მაგრამ რა საჭიროა ამის აფიშირება, ღმერთი კამერების გარეშეც ხედავს სიკეთეს. აკეთეთ გულით, რასაც აკეთებთ.
–––– თქვენი ოჯახი?
–––– ჩემი მეუღლეა ხათუნა წიკლაური. თსუ–ში სწავლისას დავოჯახდით. რატი 20 წლისაა, დეა – 10-ის
–––– როგორ გაიხსენებდი ლენტეხს და ლენეხელებს და რას ეტყოდი მათ?
–––– გავიხსენებ კი არადა, ყოველდღე ვიხსენებ და ჩემი ფიქრები სულ მანდ ტრიალებს. მიყვარს ყველა და იმხელა სითბოს ვგრძნობ ყველასგან, რომ ენერგიით მავსებს და მერე მთელი წელი მყოფნის.
–––– გია, სამომავლოდ ლენტეხზე ხომ არა გაქვს რაიმე ჩაფიქრებული მუსიკალური თვალსაზრისით?
–––– სამომავლოდ მინდა ლენტეხში ჩემი შემოქმედებითი საღამო ჩავატარო, ამას დრო და ორგანიზება სჭირდება. იმედია გამოვნახავ დროს და როდესმე მოვახერხებ.
–––– სვანეთში ყველაზე მეტად ვინ და რა გენატრება?
–––– ყველაფერი – მშობლები, ადამიანები, მდინარის ხმაურზე ძილი. მჟავე წყალი, ჰაერი, მდინარეზე ბანაობა, საკულტო რიტუალები, თევზაობა, ტყე-ღრეში წანწალი…
–––– დიდი მადლობა გიორგი, უფალმა გაგაძლიეროს!
–––– დიდი მადლობა თქვენ ყურადღებისთვის.
ესაუბრა მაია ჩანქსელიანი