საქართველოს ჩემპიონატი მეკლდეურობაში

gogonaTa shejibri

26-28 ივნისს დიდი სპორტული ზეიმი იყო დაბა ლენტეხში, სადაც კომპლექსური სასპორტო სკოლის ბაზაზე არსებულ ხელოვნურ კედელზე ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი რთულ და სწრაფ ცოცვაში გოგონებსა და ვაჟებს შორის და ასევე გამოჩენილი სვანი ალპინისტის, ალპინიზმში საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონისა და პრიზიორის, სპორტის დამსახურებული ოსტატის – ჯოკია გუგავას თასის გათამაშება გუნდებს შორის სწრაფ ცოცვაში.

ჩემპიონატი ჩატარდა საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ძალისხმევით და ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით.
შეჯიბრებებში მონაწილეობა მიიღეს თბილისის ორმა გუნდმა, მესტიის ორმა გუნდმა, სტეფანწმინდის, ბათუმის, ქუთაისის, ლენტეხის და აზერბაიჯანის გუნდებმა. თითოეულ გუნდში 7 სპორტსმენი შედიოდა: 4 ვაჟი და 3 გოგონა.
შეჯიბრების პირველ დღეს, 26 ივნისს, ჩატარდა საკვალიფიკაციო შეჯიბრება რთულ ცოცვაში, რის შედეგადაც მეორე დღისთვის ფინალურ ეტაპზე გადავიდა საუკეთესო რვა-რვა სპორტსმენი როგორც ვაჟებიდან, ასევე გოგონებიდან. ლენტეხის გუნდიდან საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახეს სალომე მეშველიანმა, ანი გაზდელიანმა და დათო მუსელიანმა.
მეორე დღეს გაიმართა ფინალური შეჯიბრი რთულ ცოცვაში. რთული მარშრუტის სრულად დაფარვა გოგონებიდან ვერავინ შეძლო, მაგრამ ყველაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა და შესაბამისად საქართველოს ჩემპიონი რთულ ცოცვაში გახდა სალომე მეშველიანი, მეორე ადგილზე გავიდა ანი დულარიძე (თბილისი), ხოლო მესამე ადგილზე ფატი იოსელიანი (მესტია).

salome
დაძაბული შეჯიბრი წარიმართა ვაჟებს შორის. რთული მარშრუტი მთლიანად მხოლოდ სამმა სპორტსმენმა დაძლია, მაგრამ რადგან ერთერთმა სპორტსმენმა წინა დღეს საკვალიფიკაციო შეჯიბრისას ვერ შეძლო სრულად დაეძლია დაბრკოლებები, ის გამოეთიშა ჩემპიონობისათვის ბრძოლას, ხოლო იმისათვის, რომ ორ სპორტსმენს შორის გამოვლენილიყო გამარჯვებული, ორგანიზატორები იძულებული გახდნენ შეცვლილი სირთულის მარშრუტი აეწყოთ კედელზე და ნახევარი საათის შემდეგ ორი სპორტსმენი თავიდან შეეჯიბრა ერთმანეთს უკვე ახალ მარშრუტზე, მაგრამ ორივე სპორტსმენმა ისევ შეძლო სრულად დაეძლია დაბრკოლებები და მსაჯებმა ორივე სპორტსმენს პირველი ადგილი მიაკუთვნეს. შესაბამისად საქართველოს ჩემპიონები რთულ ცოცვაში გახდნენ გიორგი გაბულდანი (თბილისის პირველი გუნდი) და გუგა დაბრუნდაშვილი (თბილისის პირველი გუნდი), მეორე ადგილი დაიკავა გოგი ჩართოლანმა (მესტია) , ხოლო მესამე ადგილზე გავიდა ლენტეხის მეკლდეურთა სკოლის აღზრდილი ავთო ქურასბედიანი, რომელიც თბილისის პირველი გუნდის შემადგენლობაში ასპარეზობდა.
ორივე სპორტსმენის მიერ განმეორებით რთული მარშრუტის დაძლევას თავიდანვე ვარაუდობდნენ სპეციალისტები, ისინი აღნიშნავდნენ, რომ ლენტეხში არსებული ხელოვნური კედელი გათვალისწინებული არის სწრაფი ცოცვისათვის, ხოლო რთული ცოცვისათვის უნდა გაკეთებულიყო სხვა კედელი, რომელიც რატომღაც არ გაკეთდა, შედეგად არსებულ კედელზე საკმაოდ ძნელია რთული მარშრუტის შექმნა.
შეჯიბრების მესამე დღე განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა ლენტეხის მეკლდეურთა გუნდისთვის. სწრაფ ცოცვაში ვაჟთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა გიგა ჯანხოთელი (ლენტეხი), მეორე ადგილზე გავიდა სანდრო ლიპარტელიანი (ლენტეხი), ხოლო მესამეზე – დათო მუსელიანი (ლენტეხი).

saqartvelos chempioni giga janxoteli startis win

 

lentexis gundi

გოგონებში სწრაფ ცოცვაში ჩემპიონი გახდა დარო რატიანი (მესტია), მეორე ადგილზე გავიდა სალომე მეშველიანი (ლენტეხი), ხოლო მესამეზე – ფატი იოსელიანი (მესტია).
გუნდური პირველი ადგილი სწრაფ ცოცვაში და შესაბამისად ჯოკია გუგავას თასი წილად ხვდა ლენტეხის გუნდს, მეორე ადგილზე მესტიის გუნდი გავიდა, ხოლო მესამეზე – აზერბაიჯანის გუნდი.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სწრაფი ცოცვის ხელოვნური კედელი ლენტეხში 2012 წელს გაკეთდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ. იმ დროისათვის ის ერთადერთი სტანდარტული კედელი იყო საქართველოში. ხელოვნურ კედელზე, განსხვავებით ბუნებრივი კლდისაგან, შესაბამისი სპეციალისტების მიერ ხდება სხვადასხვა ზომისა და ფორმის მოსაჭიდების მიმაგრება, რომელთა მეშვეობითაც უნდა აცოცდნენ მეკლდეურები კედელზე. სწორედ ამ კედელის არსებობამ განაპირობა ის, რომ ლენტეხი მეკლდეურობის მნიშვნელოვან ცენტრად იქცა საქართველოში და აქ შესაძლებელი გახდა საქართველოს ჩემპიონატებისა და მაღალი დონის ტურნირების ჩატარება.
საქართველოს ჩემპიონატს ლენტეხში წარსულში ცნობილი სპორტსმენები და სპორტის დამსახურებული მოღვაწენი სტუმრობდნენ. ელზა ქურასბედიანს საქართველოს მეკლდეურობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ლადო გურჩიანმა თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა:
ლენტეხის თვითმმართველობა დაგვეხმარა სპორტსმენებისა და მწვრთნელების სასტუმროთი და კვებით უზრუნველყოფაში. ეს ხელოვნური კედელი, რომელიც აქ არის ლენტეხში, ერთერთი საუკეთესოა საქართველოში, ამ კედელს ახლა სჭირდება მეორე კედლის მიმატება რთული ცოცვისათვის, რაც არის პროგრამაში. ჩვენ შეჯიბრი სწრაფ და რთულ ცოცვაში, ორივე ამ კედელზე ჩავატარეთ, რადგან არ იყო რთული ცოცვის კედელი. შეჯიბრებით კმაყოფილი ვარ, ხალხიც არის, თუმცა სასურველია უფრო მეტი მაყურებელი ყოფილიყო, მე მგონი ასეთი ღონისძიებები ლენტეხში ძალიან იშვიათად ტარდება, თქვენ ამ სპორტის ისეთი წარმომადგენლები გყავთ ლენტეხში, ერთერთი უძლიერესი სპორტსმენი სწრაფ ცოცვაში არის გიგა ჯანხოთელი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ასევე ცნობილი სპორტსმენია სალომე მეშველიანი, ვფიქრობ ლენტეხლებისთვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს მათი ცოცვის საკუთარი თვალით ნახვა.

ცოტნე მუსელიანი