მუზეუმში სვანური ფოლკლორის საღამო ჩატარდა

inga muzeumshi

თემა, რომელიც ყველა ჩვენთაგანისთვის მტკივნეულია, პრობლემა-ჰიპერაქტუალური: სვანური კუთხური ენა გაქრობის საშიშროების წინაშე დგას! სწორედ ამ თემას მიუძღვნა ერთი საინტერესო საღამო ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა.

იმედია, ტენდენციურობაში არ ჩამომართმევთ, თუ ვიტყვი, რომ მუზეუმი არასდროს აკეთებს ღონისძიებას ღონისძიებისთვის და არც ეს საღამო ყოფილა ამ მხრივ გამონაკლისი…
„ ყველა კუთხე თავის საგანძურს უფრთხილდება. მე მინდა, ჩვენი საგანძურის მოფრთხილებას პატარაობიდანვე სწავლობდნენ … ჩვენ, უფროსი თაობა ვალდებული ვართ ავუხსნათ მათ, სვანური ენის სახით რა შეუფასებელი სიმდიდრის პატრონები არიან! „ -ასეთი შესავლით წარადგინა მუზეუმის დირექტორმა ინგა ონიანმა უმცროსი თაობის წარმომადგენლები, რომლებმაც თავის მხრიდან სვანური ეპოსის შედევრი „მირანგულა“ წარმოადგინეს მონტაჟის სახით..
* * *

სვანური ენა (სვან. ლუშნუ ნინ) — ქართველური ენების ჯგუფის ენა, მშობლიური ენაა საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში, ძირითადად სვანეთში მცხოვრები ხალხისთვის. სვანურად დაახ. 30 000 ადამიანი საუბრობს მესტიისა და ლენტეხის რაიონებში,ასევე ენგურის, ცხენისწყლისა და კოდორის ხეობის გასწვრივ მდებარე დასახლებებში. სვანურად მოსაუბრე ადამიანთა ნაწილი აფხაზეთის რეგიონში ცხოვრობს, რაც დაახ. 2 500 ადამიანი უნდა იყოს, თუმცა იქ არსებული სოციალურ-პოლიტიკური ვითარება მათი რიცხვის ზუსტად დადგენას თითქმის შეუძლებელს ხდის.
სვანური ენა ოჯახურ და არაოფიციალურ სოციალურ ურთიერთობაში გამოიყენება. მას წერილობითი სტანდარტი ან ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია. სვანურად მოსაუბრეთა უმრავლესობა ასევე ფლობს ქართულსაც, ქვეყნის ოფიციალურ ენას. სვანურის ფორმალური სწავლება არ არსებობს და ამ ენაზე მოსაუბრეთა რაოდენობა დღითიდღე კლებულობს გაუარესებული ეკონომიკური ვითარებით სვანი მოსახლეობის ქვეყნის სხვა რეგიონებში გაფანტვის გამო. სვანური ენა ამჟამად გაქრობის საშიშროების ქვეშ დგას, ვინაიდან ახალი თაობის უმეტესობა მას თავისუფლად უკვე ვეღარ ფლობს
.
* * *
სვანურ ენას, რომ იტყვიან, ყველაზე მეტად ლენტეხსა და მის ახლომდებარე სოფლებში უჭირს: აქ ძალიან იშვიათად უმცროს თაობაში ვინმე სვანურად ლაპარაკობდეს. „პირველ რიგში ჩვენ, მშობლები, ვართ დამნაშავე, რომ ჩვენი შვილები სვანურად ვერ ლაპარაკობენ! „-აღნიშნა თავის გამოსვლაში მუზეუმის დირექტორის მოადგილემ ნათია ფარჯიანმა, თუმცა ამ შემთხვევაში ნათიამ ითავმდაბლა, რადგან მან მოახერხა და მის ხუთივე შვილს სვანური ასწავლა, იქ მყოფი დედების უმრავლესობა კი ამ საყვედურს ნამდვილად ვიმსახურებდით…
* * *
საღამოზე ახალგაზრდა პოეტის ლევან ბენდელიანის დებიუტიც შედგა. ლევანი სვანურად წერს ლექსებს და არც თუ ურიგოდ!.. როგორც თავად აღნიშნა, ძალიან უნდა პოპულარიზაცია გაუწიოს სვანურს და ლექსების სვანურ ენაზე წერაც ამის მიღწევის ერთ-ერთ ხერხად მიაჩნია. „მინდა დარბაზში მყოფ ახალგაზრდებს მივმართო: გული მტკივა, რომ ჩემს სოფელში სვანურად უმცროსი თაობა უკვე თითქმის არ ლაპარაკობს… ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ დიდმა და პატარა სვანმა იცოდეს სვანური, მაშინ შევძლებთ, ვიყოთ კარგი ქართველები!“
levan bendeliani
* * *
სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ოლეგ ფურელიანის გატაცება სვანური პოეზიით., მის მიერ წაკითხულ ლექსს დარბაზი განსაკუთრებული სითბოთი და ემოციით შეხვდა.
* * *
სვანური პოეზიისა და პროზის ნიმუშები, სვანური ფოლკლორული სიმღერები, სვანური ენის, როგორც მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მატარებლის ფუნქციაზე და დანიშნულებაზე საუბარი, სვანურ ენაზე დაწერილი თანამედროვე ლექსები და სიმღერები, დიალოგები, მონოლოგები… ყველაფერი, რაც სვანურ ენასთან არის კავშირში…. ღონისძიების ყველა დეტალი ისე იყო გათვლილი, რომ დამსწრე საზოგადოებას დაღლა არ ეგრძნო და თან ბოლომდე დაინტერესებულიყო და ჩაფიქრებულიყო იმ პრობლემაზე, რომელიც სვანურ კუთხურ ენასთან არის დაკავშირებული.
* * *
ხელედის კულტურის სახლთან არსებული ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „ლამარია“ (ხელმძღვანელი ვასო გვიჭიანი), ფოლკლორული ანსამბლის „ლემშვანიერას“ (ხელმძღვანელი ზურიკო ლიპარტელიანი) უფროსი და უმცროსი თაობის წარმომადგენლები, ლენტეხის პირველი საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები (კლასის ხელმძღვანელი ბელა ტვილდიანი), მარიამ ნიგურიანი, ნათია ფარჯიანი, ანი გაზდელიანი, მარიამ ლიპარტელიანი… აი, მათი ჩამონათვალი, ვისი დახმარებითაც მხარეთმცოდნეობის მუზეუმში შემდგარი საღამო თბილი და შინაარსობრივად დატვირთული გამოვიდა. ეს იყო საღამო, სადაც ერთი პატარა, ერთი მცირე ნაბიჯი გადაიდგა სვანური ტრადიციების შენარჩუნების გზაზე.

ლ. გაზდელიანი