მარხვის შესახებ

მეუფე სტეფანე
გთავაზობთ საუბარს ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოს სტეფანესთან (კალაიჯიშვილი).

მეუფეო უპირველესად მინდა მადლობა მოგახსენოთ,რომ გამონახეთ დრო და დაგვთანხმდით საუბარზე, მორწმუნეებს უფრო მეტი სურთ იცოდნენ მარხვის მნიშვნელობის შესახებ, ამიტომ იქნებ რამდენიმე კითხვაზე გვიპასუხოთ:
როგორ განგვიმარტავთ მარხვის ზოგად მნიშვნელობას?
— მარხვა ზოგადად სჭირდება ადამიანს, რომ ისწავლოს თავშეკავება გარკვეული საკითხების დროს და რა საკითხები შეიძლება იყოს ეს? ადამიანი ემზადება სულის ცხონებისათვის, მას სჭირდება გარკვეული შინაგანი ვნებების დამარცხება, რომლებიც იწვევენ მის სულში ცოდვიან განწყობას. ამ ვნებების შეზღუდვისათვის აუცილებელია ძალისხმევა, რომელიც ადამიანმა თავშეკავების სახით უნდა დაუპირიპიროს რაღაც სიამოვნების მიღებას.
ყველაზე მეტად ადამიანი მაშინ სწავლობს თავშეკავებას, როცა გარეგან ხორციელ მიდრეკილებაზე ამბობს უარს. შეიძლება არც იყოს ცოდვიანი მიდრეკილება, მაგალითად ადამიანს უნდა ჭამა, მაგრამ ჭამის დროს თავშეკავება არის საჭირო. შეიძლება ცოდვად გადაიქცეს ჭამა, როდესაც ადამიანი უზომოდ ჭამს. მარხვა ამ უზომოდ ჭამის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
მარხვის დროს ადამიანი ჩვეულებრივი საკვების მიღებაზე ამბობს უარს, მაგ. ხორცზე ან რძის ნაწარმზე. ზოგადად, ეს საკვები აკრძალული არ არის და ცოდვაც არ არის ხორცის ან რძის ნაწარმი მიიღო, მაგრამ რატომ იზღუდავს თავს ადამიანი მარხვაში? ამით, გარკვეულწილად სწავლობს ისეთ რამეებზე თავშეკავებას, რაზეც აქვს მოთხოვნილება. ვთქვათ სურვილი აქვს ჭამოს ხორცი, მაგრამ არ ჭამს ღვთის გულისათვის. ამას თან უნდა ახლდეს სულიერი თავშეკავება. როდესაც ხორციელად მარხულობ, იქ სულიერადაც უნდა იმარხულო. მამები ამბობენ, რომ მარხვა არის ზეიმი სულისა. ხორციელ მოთხოვნილებაზე, გარკვეული უარის თქმა, იწვევს სულიერ განთავისუფლებას და ვნებებისაგან გარკვეულწილად თავშეკავებას. ეს უკვე ზეიმია სულისა, უფალთან უფრო ახლოს არის ადამიანი, როდესაც ცდილობს თავი შეიკავოს ცოდვებისაგან. სულიერი მარხვა არ უნდა დასრულდეს, ხორციელი მარხვა დასრულდება, მაგრამ სულიერი მარხვა უნდა დაუსრულებრივ გრძელდებოდეს და ფაქტიურად ხორციელი მარხვა ადამიანს სულიერი მარხვისთვის უნდა აძლევდეს ბიძგს.
როგორ წარმოიშვა მარხვა და რატომ უნდა ვიმარხულოთ?
— ჯერ კიდევ როცა ადამი და ევა იყვნენ სამოთხეში, უფალმა მაშინ დაადგინა გარკვეული საკვებისაგან თავის შეკავება, როგორიც იყო ბოროტისა და კეთილის გარჩევის ხის ნაყოფის ჭამა. მათ თავი უნდა შეეკავებინათ ამ ნაყოფის მიღებისაგან და ეს იყო პირველი მარხვა. მათ რომ მაშინ მარხვა დაეცვათ, მათი და ჩვენი ცხოვრებაც უფალთან სიახლოვეში გაგრძელდებოდა. როდესაც მათ მარხვა დაარღვიეს, ფაქტიურად კაცობრიობა ბოროტის ხელში აღმოჩნდა, უფალს დაშორებული აღმოჩნდა. ამისთვის გვჭირდება ჩვენ უამრავი მარხვის დაცვა, იმ ერთი მარხვის სანაცვლოდ, რომ მივაღწიოთ უფალთან დაბრუნებას.
როგორ უნდა მოვემზადოთ მარხვისთვის?
— ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა მნიშვნელობა აქვს მარხვას, რომ მარხვა არ არის უბრალოდ თავშეკავება საკვებზე, რომ ეს არის პირველ რიგში ადამიანებთან ურთიერთობების გამოსწორება, ეს არის ცოდვებზე უარის თქმა და ა.შ., ამიტომ ადამიანი უნდა მოემზადოს ამ ღვაწლის გასაწევად. ეს ლოცვით არის შესაძლებელი და ადამიანმა შინაგანი განწყობით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომ იბრძოლოს თავისი სულისთვის და ეს ბრძოლა გამოიხატება სწორედ მარხვით, როგორც ხორციელით, ასევე სულიერით.
რა მოეთხოვება ქრისტიანს მარხვისას?
— პირველ რიგში ადამიანს მოეთხოვება, რომ თავისი სულიერი სამყარო გამოასწოროს, მე ეს ზემოთაც აღვნიშნე, მთავარია, რომ ის უბრალოდ საჩვენებლად კი არ მარხულობდეს, რომ ვიღაცას თავი მოაჩვენოს… უფალი ამბობს, როცა მარხულობ ნუ აჩვენებ ხალხს, რომ შენ მარხულობ, რატომ ამბობს ამას? იმისათვის, რომ შენ ვიღაცეების საჩვენებლად კი არ გააკეთო ეს, არამედ შენი სულის განთავისუფლებისთვის და როცა ადამიანს სულის განთავისუფლება უნდა მას ამპარტავნებისთვის არ სცალია, ხოლო როდესაც ვიღაცის თვალში ნაცრის შესაყრელად აკეთებს, ქედმაღლობით და ამპარტავნებით აკეთებს, ასეთი მარხვა არ შეიწირება.
ამავე დროს შინაგანი ბრძოლა უნდა გაძლიერდეს, გაასმაგდეს და სწორედ ეს მოეთხოვება მარხვისას ქრისტიანს, რომ სძლიოს თავის თავს. ეს ძლევა არა მხოლოდ ხორციელად, არამედ სულიერად განახორციელოს და ამან მისცეს ბიძგი მის სულიერ გაძლიერებას და სულიერი მარხვის მუდმივად შენარჩუნებას. უფალი გვეუბნება – მღვიძარე იყვენითო, ხოლო მღვიძარება არის სულიერი მარხვა.
მარხვა ნიშნავს, როცა ადამიანი თავის სულიერ ძალებს ძაბავს იმისათვის, რომ ბოროტი არ შევიდეს მის სულში, თავშეკავება არის მთავარი იარაღი, რომ რამე უკეთური არ დასადგურდეს. მარხვის მთავარი ფუნქცია, ფაქტიურად, არის თავშეკავების სწავლა. ეს თავშეკავება უნდა ვისწავლოთ და მთელი ცხოვრება გამოვიყენოთ ეს იარაღი ბოროტის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა ლოცვასთან ერთად.

ესაუბრა ელზა ქურასბედიანი.