ახალგაზრდები არჩევნებზე ‘’დავაფიქრეთ’’

ოცნების პლაკატი

როგორც წესი, არჩევნები მხოლოდ საარჩევნო კამპანიის მოახლოებისას გვახსენდება და  აღარც პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციები იწუხებენ თავს , რომ მანამდე შეგვახსენონ თავიანთი არსებობა.

არადა, სწორედ არჩევნების შედეგებზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული ჩვენი მდგომარეობა, თუ ვინ იქნებიან სახელმწიფოს თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელისუფლებაში, როგორი დამოკიდებულება და მიდგომა ექნებათ მათ სხვადასხვა პრობლემისადმი და ა. შ.

სამწუხაროდ, ბევრს არა აქვს გააზრებული თუ როგორი მნიშვნელოვანია არჩევნები. ეს ხშირად იმით არის გამოწვეული, რომ ზოგიერთებს არ აქვთ სათანადო ცოდნა, ან არც უნდათ თავი შეიწუხონ ამ საკითზე ფიქრით. ზოგს საკუთარი არჩევანი ვაჭრობის საგნადაც კი აქვს გადაქცეული და არჩევნებიდან არჩევნებამდე სარფიანადაც ვაჭრობს.

,,საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“  ახორციელებს პროექტს “რეგიონული მედია ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირებისა და განათლებისათვის”. ამ პროექტის ფარგლებში გადავწყვიტეთ გაგვერკვია ქვემო სვანეთის ახალგაზრდების ცოდნა არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებში. ამ მიზნით მარტივი კითხვებისგან ტესტი შევადგინეთ და 17-30 წლის ახალგაზრდებს ანონიმურად შევსება ვთხოვეთ.

როცა ზოგიერთმა 17-19 წლის ახალგაზრდამ წინასწარ გვკითხა რა თემას შეეხება ტესტიო, მათმა რეაქციამ სიტყვა ,,არჩევნების“ ხსენებაზე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, უმრავლესობამ ვისაც მივმართეთ, კატეგორიული უარი განგვიცხადა ტესტის შევსებაზე. ,,პოლიტიკა არ მაინტერესებს“ – იყო ერთერთი ახალგაზრდის პასუხი.

ჩვენ მაინც მოვახერხეთ 11 ახალგაზრდის გამოკითხვა. ამ გამოკითხვას, ბუნებრივია არა აქვს პრეტენზია ჩაითვალოს სოციოლოგიურ კვლევად, მაგრამ ის გვაძლევს საშუალებას დავფიქრდეთ არჩევნებთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

გამოკითხულთა უმრავლესობამ სწორად გამოიცნო ის, რომ საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატია, რომ უახლოესი საპარლამენტო საერთო არჩევნების ჩატარება 2016 წელს არის დაგეგმილი და საქართველოს პარლამენტი აირჩევა 4 წლის ვადით.

გამოკითხვის შედეგებიდან გამომდინარე, ყველაზე დამაბნეველი გამოდგა კითხვა, რომელიც ეხებოდა პარლამენტში არჩეული დეპუტატის გამოწვევის საკითხს : 73%-მა მიიჩნია, რომ თუ ამომრჩევლებს არ მოეწონებათ მათ მიერ არჩეული დეპუტატის საქმიანობა პარლამენტში, მაშინ მათ აქვთ ბერკეტები გადაირჩიონ ან უკან გამოიწვიონ ეს დეპუტატი.

არა ძვირფასო მკითხველო, თუ თქვენ პარლამენტში ან საკრებულოში აირჩევთ დეპუტატს, ამის შემდეგ რამდენიც უნდა ინანოთ, მას ვერ გადაირჩევთ და ის დეპუტატად დარჩება უფლებამოსილების ვადის გასვლამდე, თუ რაიმე დანაშაული არ ჩაიდინა.

სწორედ ამიტომაც უნდა დავფიქრდეთ კარგად არჩევნებზე და ისეთ პარტიებს და ადამიანებს გამოვუცხადოთ ნდობა რომელთა მომავალ საქმიანობაში ეჭვი არ შეგვეპარება.

სჯობს, არჩევნებზე ფიქრით და მსჯელობით მანამ დავკავდეთ, სანამ გვიანი იქნება.

გთავაზობთ ჩვენს მიერ შედგენილი ტესტის ნიმუშს და თქვენც შეგიძლიათ გამოსცადოთ თქვენი ახლობლები:

 

რამდენი დეპუტატია საქართველოს პარლამენტში ?

  1. 200
  2. 250
  3. 150
  4. 300

უახლოესი საპარლამენტო არჩევნები დაგეგმილია გაიმართოს:

 

  1. 2016 წელს
  2. 2017 წელს
  3. 2018 წელს
  4. 2019 წელს

 

საქართველოს პარლამენტი აირჩევა:

  1. 5 წლის ვადით.
  2. 4 წლის ვადით.
  3. პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული ვადით.
  4. პრემიერ-მინისტრის მიერ განსაზღვრული ვადით.

 

თუ რომელიმე საარჩევნო ოლქის ამომრჩევლებს არ მოეწონებათ მათ მიერ არჩეული დეპუტატის საქმიანობა პარლამენტში, მაშინ:

 

  1. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ დეპუტატი პარლამენტიდან და ამისათვის საჭიროა ამომრჩეველთა უმრავლესობის სიტყვიერი მოთხოვნა.
  2. მათ არ შეუძლიათ გამოიწვიონ ან გადაირჩიონ დეპუტატი.
  3. მათ შეუძლიათ გადაირჩიონ დეპუტატი და ამისათვის უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები.
  4. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ დეპუტატი პარლამენტიდან და ამ მოთხოვნით საჭიროა შეგროვდეს ამომრჩეველთა 51%-ის ხელმოწერები.

 

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს:

 

  1. საქართველოში რეგისტრირებულ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას.
  2. საქართველოში რეგისტრირებულ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლის მხარდაჭერაც დადასტურებულია ამომრჩეველთა ხელმოწერებით ორგანული კანონით დადგენილი წესით , ან რომელსაც ჰყავს წარმომადგენელი პარლამენტში არჩევნების დანიშვნის დროისათვის.
  3. საქართველოში რეგისტრირებულ მოქალაქეთა ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელსაც აქვს მონაწილეობის სურვილი.
  4. საქართველოში რეგისტრირებულ მოქალაქეთა ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელსაც აქვს არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება.

ცოტნე მუსელიანი

ფოტოზე ზემოთ: ლენტეხში მარგველაშვილი ისევ საარჩევნო კამპანიაშია
ასოციაციის ლოგო