2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის ქვემო სვანეთის ამომრჩეველთა სიაში 5 861 ადამიანი იყო დაფიქსირებული, აქედან მხოლოდ 3 145 ამომრჩეველი (54%) გამოცხადდა არჩევნებზე. სავარაუდოდ, 2 ოქტომბრისათვის ამომრჩეველთა რაოდენობა ქვემო სვანეთში დაახლოებით იგივე იქნება, საბოლოო სია ჯერ გამოქვეყნებული არ არის. 2017 წელს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის № 46 საარჩევნო ოლქში, 8 მაჟორიტარული ოლქი იყო, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცანის მაჟორიტარული ოლქი შეუერთდა ჩიხარეშის მაჟორიტარულ ოლქს და შესაბამისად დარჩა 7 მაჟორიტარული ოლქი, საარჩევნო უბნების რაოდენობა კი – ისევ 23-ია.
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 3 აგვისტოს დაიწყო, თუმცა დღეისათვის ქვემო სვანეთის მერობისა და საკრებულოს წევრობის ყველა კანდიდატი ცნობილი არ არის. ლენტეხში წინასაარჩვენო კამპანია, საკმაოდ მდორედ და მონოტონურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის, ოფიციალურად ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მხოლოდ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ ჰყავს დასახელებული (30.08.2021წ).
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ლენტეხის მუნიციპალიტეტში 8 საარჩევნო სუბიექტი (ბლოკი, პარტია) და 2 საინიციატივო ჯგუფი მონაწილეობდა, 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში კი, საარჩევნო ბლოკები არ იქნებიან და ცესკო-ში დარეგისტრირებული 48 პარტიიდან ზუსტად რომელი მიიღებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის არჩევნებში მონაწილეობას, ჯერჯერობით უცნობია. საინიციატოვო ჯგუფებს რაც შეეხება, ქვემო სვანეთში 3 ასეთი ჯგუფი დარეგისტრირდა.
ჩვენ დავინტერესდით, თუ რატომ არ ასახელებენ ოპოზიციური პარტიები მერობის და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებს ქვემო სვანეთში. ოპოზიციურ პარტიების წარმომადგენლებმა ოფიციალურ კომენტარზე უარი განცხადეს, თუმცა, პირად საუბრებში განმარტეს, რომ ქვემო სვანეთში ამომჩეველთა რაოდენობა მცირეა და შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების ინტერესიც დაბალია. ისინი პარტიებიდან საარჩევნო კამპანიისთვის გამოყოფილი ფინანსების ნაკლებობაზეც საუბრობენ.
წინასაარჩევნო ფონის შეფასება თვითონ ამომრჩევლებს ვთხოვეთ. სოფელ შკედის მცხოვრებლის, გელა გაბიანის თქმით, ადგილზე აქტიური კამპანია არ იგრძნობა, რადგან კონკურენცია არ არის. „სიმართლე გითხრათ, აქ წინასაარჩევნო განწყობა ნაკლებად იგრძნობა, ალბათ იმიტომ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. ჯერ მოსახლეობასთან შეხვედრებიც არ დაწყებულა. მხოლოდ ქართული ოცნების კანდიდატი იყო ერთხელ მოსული, გავიცანით და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რადგან პრიორიტეტად ახალგაზრდების კულტურული განვითარება დაასახელა. ამ დროისათვის, ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც მინიმუმ ამომრჩეველს გაესაუბრა. იმედია, სხვა კანდიდატებიც მოისურვებენ შეხვედრებზე მოსვლას და პროცესი უფრო კონკურენტუნარიანი გახდება, რადგან ჯანსაღი კონკურენცია არჩევნების ხარისხს ზრდის,“-გვითხრა გელა გაბიანმა.
სოფელ ახალშენის მკვიდრის, ერმილე ნემსაძის განმარტებით, ქვემო სვანეთი რეალური პოლიტიკური კონკურენციისათვის ძალიან პატარა მხარეა და აქ მმართველ პარტიას ყოველთვის სასათბურე პირობები აქვს.
„სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს ასეთი პატარა რაიონების ხმებისთვის ბრძოლა არ უღირთ, მოსახლეობაც, თავის მხრივ, მიეჩვია „ვინც მოვიდა-გაუმარჯოს“ პრინციპს და მინიმალური დაპირებების სანაცვლოდ, უკრიტიკოდ, შემოთავაზებულ კანდიდატს ირჩევს. საგულისხმოა, ისიც, რომ აქ ყველა ყველას იცნობს, მთის რეგიონია და არჩევნებზე ნათესაობის ინსტიტუტიც ეფექტურად მუშაობს. ყველაზე დასანანი კი ის ფაქტია, რომ ოპოზიციური პარტიები არ დგანან მყარად და ასე დანებდნენ,“- ამბობს ერმილე ნემსაძე.
რადგან არსებული მდგომარეობით, ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრის შესახებ წარმოდგენის შექმნა ძალიან რთულია, ჩვენ დავუკავშირდით ქვემო სვანეთში 2017 წლის ადგილობრივ და 2020 წლის საპარლამენტო არჩვენებში მეტნაკლებად წარმატებული პარტიების წარმომადგენლებს და გავესაუბრეთ მიმდინარე საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით. არცერთმა მათგანმა არ ისურვა საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების პარტიული სიების გამოქვეყნება, რადგან ეს სიები ჯერ არ არის დამტკიცებული ცესკო-ს მიერ.
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია გიორგი გაზდელიანი, რომელიც ამავე დროს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარეც არის. „ქართულმა ოცნებამ“ მთელი საქართველოს მასშტაბით მერობის კანდიდატები ერთიანად გამოაქვეყნა და ლენტეხში მერობის კანდიდატად გია ონიანი დაასახელა, რომელიც უკვე აქტიურ საარჩევნო კამპანიას ეწევა. გიორგი გაზდელიანმა ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქართული ოცნებიდან დეპუტატობის კანდიდატთა სავარაუდო პარტიულ სიაზე ინფორმაციის მოწოდებისგან თავი შეიკავა და არც პარტიული სიის პირველი ნომერი დაასახელა. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატებს რაც შეეხებათ, რცხმელურის მაჟორიტარულ ოლქში მათი კანდიდატი ისევ დალი ტვილდიანი იქნება, ხელედის ოლქში – ისევ მურადი ჩანქსელიანი, ხოფურის მაჟორიტარულ ოლქში – კახა ლიპარტელიანი, ლენტეხის ოლქში – ირაკლი ქურასბედიანი, ჩოლურის მაჟორიტარულ ოლქში – ბერდია ზურაბიანი, ჟახუნდერში – ზურაბ ონიანი, ჩიხარეშში – სოსო ავალიანი. აღსანიშნავია, რომ ზურაბ ონიანი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა დეპუტატობის კანდიდატად ჟახუნდერის ოლქში და ის ერთადერთი იყო 8 მაჟორიტარული ოლქიდან, რომელმაც „ქართული ოცნების“ კანდიდატს მოუგო.
ზურაბ ზურაბიანი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გახდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“-ს პარტიული სიით (პირველი ნომერი იყო), მაშინ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“-დან მხოლოდ 2 დეპუტატი მოხვდა საკრებულოში, რაც ფრაქციის შესაქმნელად საკმარისი არ იყო, მაგრამ ცოტა მოგვიანებით ამ ორმა დეპუტატმა საკრებულოში „ქართული ოცნების“ პარტიული სიით შესულ დეპუტატთან, ამირან ლიპარტელიანთან ერთად შექმნეს თემატური ფრაქცია „სვანეთის მომავლისთვის“ და ზურაბ ზურაბიანი არის ამ ფრაქციის თავმჯდომარე. ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ლენტეხში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“-ს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო, მაგრამ 2021 წელს დატოვა ეს პარტია და ამჟამად არის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი. 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში ის იქნება პირველი ნომერი ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისათვის „სახალხო პარტია“-დან წარდგენილ კანდიდატთა პარტიულ სიაში, ასევე არის ამავე პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ქვემო სვანეთში, თუმცა ლენტეხში ოფისი ჯერ-ჯერობით არ გაუხსნიათ და უახლოეს მომავალში გეგმავენ. მისი განცხადებით, „სახალხო პარტია“-ს ამ არჩევნებში ლენტეხში მერობის კანდიდატი არ ეყოლება, ასევე არ ეყოლებათ საკრებულოს დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატები.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-ს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლენტეხში არის რომან (მურმან) მუკბანიანი, რომელიც 2017 წლის არჩევნების შედეგად გახდა საკრებულოს წევრი საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მაშინ ამ ბლოკიდანაც მხოლოდ 2 დეპუტატი მოხვდა ლენტეხის საკრებულოში და მათ საარჩევნო ბლოკის “ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”-ს სიით გასულ მირიან ლიპარტელიანთან გაერთიანებით შექმნეს ფრაქცია „ძლიერი მუნიციპალიტეტი“, რომლის თავმჯდომარეც არის რომან მუკბანიანი. ის იქნება ასევე პირველი ნომერი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წარსადგენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატთა პარტიულ სიაში, რომან მუკბანიანი არის ასევე პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელიც. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი და მაჟორიტარი კანდიდატები ამ პარტიას ჯერჯერობით არ დაუსახელებია.
მირიან ლიპარტელიანი არის ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ძლიერი მუნიციპალიტეტი“-ს თავმჯდომარის მოადგილე და პარტიის „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ლენტეხის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. ის იქნება ასევე პირველი ნომერი ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატთა ამ პარტიიდან წარსადგენ პარტიულ სიაში. პარტიას „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ლენტეხის მუნიციპალიტეტში მერობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ ეყოლებათ.
გამზა ლიპარტელიანი 2017 წლის არჩევნებში საარჩევნო ბლოკიდან „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო” წარდგენილ პარტიულ სიაში მე-3 ნომერი იყო, 2 ოქტომბრის არჩევნებში კი პარტია „ლელო საქართველოსთვის“-ს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და ამ პარტიიდან ცესკო-ში წარდგენილ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობის პარტიულ სიაში პირველი ნომერი იქნება. მისი თქმით, ამ პარტიას მერობის კანდიდატი ქვემო სვანეთში არ ეყოლება, ხოლო მაჟორიტარული ოლქებიდან მხოლოდ ოთხში ეყოლება კანდიდატები, ესენი არიან: ხოფურის ოლქში – ედიშერ ქურასბედიანი, ჟახუნდერში – ალუდა მუკბანიანი, მელეში – კობა გველებიანი, ხელედში კი – თავად გამზა ლიპარტელიანი.
მურმან ტვილდიანი 2017 წლის არჩევნებში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“-ს მიერ წარდგენილ კანდიდატთა პარტიული სიაში მეორე ნომერი იყო, ახლა კი პირველ ნომრად გადაინაცვლა. ის არის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“-ს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც ქვემო სვანეთში. მისი განცხადებით, არც მათ ეყოლებათ ქვემო სვანეთში მერობის კანდიდატი და არც მაჟორიტარი კანდიდატები.
ამირან ქურასბედიანი არის ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე. ის 2017 წელს გახდა საკრებულოს დეპუტატი ქართული ოცნების სიით, ამჟამად კი, არის პარტია „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“-ს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ასევე იქნება პირველი ნომერი ამ პარტიის მიერ 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის წარსადგენ პარტიულ სიაში. მერობის და საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატები ქვემო სვანეთში არც ამ პარტიას ეყოლება.
სხვადასხვა, წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, ჯამლათ გვიდიანი იქნება მერობის კანდიდატი პარტიიდან „საქართველოსთვის“ (2 ოქტომბრის არჩევნებში – „გახარია – საქართველოსთვის“). ხოლო ამ პარტიის მხრიდან წარსადგენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატთა პარტიულ სიაში პირველ ნომრად მოიაზრება ნინო ბენდელიანი. ჩვენ დაუკავშირდით ჯამლათ გვიდიანს, თუმცა მან კომენტარზე უარი გვითხრა. ასევე დავუკავშირდით პარტია „საქართველოსთვის“ პიარის სამსახურის უფროსს სოფო მდინარაძეს, მაგრამ მან განაცხადა, რომ მათი პარტიიდან ჯერჯერობით ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ოფიციალურად მერობის კანდიდატები არ დასახელებულან და მათ შორის ლენტეხშიც.
ლიკა დევდარიანი,
გაზეთისათვის „სვანეთი“
სტატია ქვეყნდება პროექტის „გამჭვირვალე არჩევნები და მედია” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს მიერ”.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.