კითხვები და პასუხები გენდერული თანასწორობის შესახებ (R)

კითხვა: რა როლი აკისრია საქართველოს პარლამენტს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის სფეროში?

პასუხი: საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს გენდერულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს ასევე, უზრუნველყოფს გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და განვითარებას, განიხილავს და ამტკიცებს შესაბამის სტრატეგიას, აკონტროლებს გენდერული თანასწორობის საკითხებზე საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობას.
საქართველოს პარლამენტი ქმნის გენდერული თანასწორობის საბჭოს, რომლის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

კითხვა: რა უფლებამოსილებები გააჩნია გენდერული თანასწორობის საბჭოს?
პასუხი: გენდერული თანასწორობის საბჭო უფლებამოსილია შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი ასევე, განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი და შეიმუშაოს წინადადებები კანონმდებლობაში არსებული გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, უზრუნველყოს საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი საკანონმდებლო აქტების პროექტების ექსპერტიზა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით, შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის.
თანასწორობის საკითხის შესასწავლად საბჭო უფლებამოსილია გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საბჭო განიხილავს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილ განცხადებებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს მათზე რეაგირებას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს.
გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას საბჭო იწვევს შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო ან ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ან/და ექსპერტებს.

კითხვა: რა მოვალეობები აკისრია გენდერული თანასწორობის საბჭოს საქართველოს პარლამენტის წინაშე?
პასუხი: გენდერული თანასწორობის საბჭო წელიწადში ერთხელ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს საქართველოში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ ასევე, ამზადებს ანგარიშებს გენდერული თანასწორობის საკითხებზე საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე.

კითხვა: როგორ ხდება გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების მიერ ?
პასუხი: ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები საქართველოსა და ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობების თანახმად, შეიმუშავებენ და ახორციელებენ ღონისძიებებს შესაბამის ავტონომიურ რესპუბლიკაში დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად.
ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები შესაბამის ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნიან გენდერული თანასწორობის საბჭოს, რომლის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები, უფლებამოსილება და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ურთიერთობა განისაზღვრება შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტით და გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.

კითხვა: რა უფლებამოსილება გააჩნია საქართველოს სახალხო დამცველს გენდერული თანასწორობის დაცვასთან დაკავშირებით?
პასუხი: საქართველოს სახალხო დამცველი უზრუნველყოფს გენდერული თანასწორობის დაცვის მონიტორინგს და რეაგირებას ახდენს გენდერული თანასწორობის დარღვევაზე მისთვის „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებების ფარგლებში.

რუბრიკის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. შინაარსზე პასუხისმგებელია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, ის შეიძლება არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.

Georgian_Horizontal_RGB
13090236_10209225710024134_907944571_n

GDI GEO_logo (1)