“სვანფესტი” – სვანური ფოლკლორის ფესტივალი ქვემო სვანეთში გადაიდო 26 აგვისტოსათვის. ამის მიზეზი სოფ. შკედში მოზარდის დაღუპვა გახდა, რადგან დასაფლავება 25 აგვისტოს დაემთხვა. ცვლილებაა ფესტივალის განრიგშიც.
როგორც “svanetiinfo.ge”-სთან საუბარში ფესტივალის ერთ-ერთ ორგანიზატორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია “ლაჰილი”-ს დირექტორმა კატურბი გულბანმა განაცხადა:
26 აგვისტოს ფესტივალი გაიხსნება კონცერტით დაბა ლენტეხში დაახლოებით 18.00 სთ-თვის, ხოლო 27 აგვისტოს გაგრძელდება კურორტ მუაშში. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული ანსამბლები ლენტეხიდან “ლაგუშედა” და “ლილე”, ჩოლურის ფოლკლორული ანსამბლი “მიჟე ნარი”, ლენტეხის მგალობელთა გუნდი “ლემშვანიერა”, ზემო სვანეთიდან ქალთა ანსამბლი “ლაგუშედა” და ანსამბლი “საგალობელი” რაჭიდან.
27 აგვისტოს სამი მიკროავტობუსი მოემსახურება დაბა ლენტეხიდან კურორტ მუაშში წასვლის მსურველებს. მიკროავტობუსები დილას 10.30 სთ-ზე გავლენ გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან. მუაშში ღონისძიებები დაიწყება 12.00 სთ-დან, ჯერ იქნება სამი სპორტული ღონისძიება – დოღი, სვანური ჭიდაობა და “ფაყვა ლიკედ” (სვანეთში შემონახული რაგბის ელემენტების შემცველი სპორტის სახეობა). შემდეგ გაიმართება სხვადასხვა ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა, სვანური სამზარეულოს დაგემოვნება, ხოლო საღამოს კონცერტი ღია ცის ქვეშ. ფესტივალი შებინდებისას დასრულდება, რადგან მუაში ელექტროფიცირებული არ არის.
ნანი ბენდელიანი.