უკვე მერვე წელია, აგვსიტოს მეორე ნახევარში, დაბა ლენტეხში ტარდება შესანიშნავი ლენტეხელი ახალგაზრდის, უდროოდ დაღუპული იასონ ქურასბედიანის სახელობის ტურნირი ფეხბურთში, ღონისძიებას საფუძველი ლენტეხის ახალგაზრდობამ იასონ ქურასბედიანის ძმის – ირაკლის ხელმძღვანელობით ჩაუყარა.
ტურნირი ტრადიციულად ლენტეხის N1 საჯარო სკოლის სპორტულ მოედანზე იმართება-ხოლმე. წლევანდელ შეჯიბრში სულ 20 გუნდი მონაწილეობდა, მათ შორის დაბა ლენტეხის და მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების გუნდების გარდა, საყულიის გუნდიც იყო. როგორც შეჯიბრის ორგანიზატორმა, ირაკლი ქურასბედიანმა აღნიშნა, ტურნირმა წარმატებით ჩაიარა. ფინალში ერთმანეთს ლენტეხის პირველი და მეორე გუნდი შეხვდა. თამაში პირველმა გუნდმა ანგარიშით – 5:2 მოიგო. შესაბამისად მეორე ადგილი ლენტეხის მეორე გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი საყულიის გუნდს ერგო. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ლერი რატიანი დასახელდა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ტურნირის ფარგლებში, მინი-სტადიონს დამცავი ბადეები დაამატა.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის გასამართად საჭირო ხარჯები ოჯახმა გაიღო და ეს შეჯიბრი ყოველწლიურად ჩატარდება.
ნანი ბენდელიანი, ლენტეხი