25-26 აგვისტოს, პირველად ქვემო სვანეთის ისტორიაში, სვანური ფოლკლორის ფესტივალი -,,სვანფესტი” ჩატარდება. კულტურული ღონისძიება პროექტის – “ტრადიცია და ტურიზმი – ქვემო სვანეთის ახალი სიცოცხლ”-ის ფარგლებში გაიმართება. აღნიშნულ პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია “ლაჰილი” ახორციელებს, რომლის მიზანიც ქვემო სვანეთის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი და პერსპექტიული ზონის ცნობადობის ამაღლება და რეგიონში ტურისტული სერვისების განვითარებაა.
“svanetiinfo.ge” “სვანფესტთან” დაკავშირებით “ლაჰილ”-ის თანადამფუძნებელს ზვიად მუსელიანს გაესაუბრა:
-წინა ინტერვიუში ორგანიზაციის დამფუძნებელმა, კატურბი გულბანმა აღნიშნა, რომ 25-26 აგვისტოს ლენტეხში ჩატარდებოდა სვანური ფოლკლორის ფესტივალი. როგორ გაჩნდა “სვანფესტი”-ს იდეა?
– ქვემო სვანეთი ტურისტული კუთხით ახლა იდგამს ფეხს. გვინდა, რომ ფესტივალი იქცეს ტრადიციად და ქვემო სვანეთის ტურიზმის სავიზიტო ბარათი გახდეს.
-ვინ იღებს მონაწილეობას ამ ფესტივალში?
– ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს სვანეთის თითქმის ყველა ფოლკლორული ანსამბლი, მოწვეული იქნებიან საქართველოს სხვა კუთხის ფოლკლორული ჯგუფებიც.
-ვინ უმასპინძლებს ღონისძიებას?
-ფესტივალს პირველ დღეს უმასპინძლებს კურორტი “მუაში”, ხოლო მეორე დღეს – ლენტეხის კულტურის სახლი, სადაც წარმოდგენილი იქნება სვანური ფოლკლორი. ორგანიზაციულ საკითხებში თანადგომისთვის მადლობას ვუხდით ლენტეხის კულტურის სახლის დირექტორს, ქალბატონ მაყვალა გაზდელიანს.
-რა სახით იქნება წარმოდგენილი სვანური ფოლკლორი?
– ამ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სვანური ტრადიციული ცეკვა და სიმღერა. გამოიფინება ხეზე კვეთისა და სხვადასხვა სვანურ ნაკეთობათა ნიმუშები, სვანური სამზარეულო, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქცია, რისი შეძენის საშუალებაც ფესტივალზე მოსულ ვიზიტორებს ექნებათ. გაიმართება შეჯიბრებები ტრადიციულ სვანურ თამაშობებში:”ფაყვა ლიკედ”-ში, (ქუდის ჩამოხსნა – თამაში რაგბის ელემენტებით, რომელიც შემონახულია სვანეთის მხოლოდ ერთ – ლატალის თემის სოფელ ლახუშდში) სვანურ ჭიდაობაში, საჯილდაო ქვის აწევასა და დოღში.
-ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან თუ გაქვთ მხარდაჭერა?
– რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად, ისინიც გვიწევენ მხარდაჭერას როგორც ორგანიზაციული, ასევე ფინანსური თვალსაზრისით.
გეპატიჟებით ყველას ამ ლამაზ ფესტივალზე!