25 აგვისტოს დაბა ლენტეხს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და, ამავდროულად, პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-ს თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი ეწვია.
მას თან ახლდნენ ენერგეტიკის მინისტრი – კახა კალაძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი – სოზარ სუბარი, სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში – პაპუნა მარგველიძე, საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სვანეთის, რაჭის და ლეჩხუმის საარჩევნო ოლქში პოლიტიკური გაერთიანებიდან “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – გოჩა ენუქიძე.
გიორგი კვირიკაშვილმა პირველმა მიმართა შეკრებილ ხალხს. მის სიტყვას უცვლელად გთავაზობთ:
“მოგესალმებით დედამიწის ყველაზე ლამაზი კუთხის მცხოვრებთ, ძალიან მოხარული ვარ აქ ყოფნის გამო და ამდენ მხარდამჭერს რომ გხედავთ. დღეს მინდა ვისაუბროთ გასულ 4 წელიწადზე და ასევე მომავალი 4 წელი მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო იქნება საქართველოს ცხოვრებაში, განსაკუთრებით საინტერესო იქნება ამ რეგიონის მცხოვრებთათვის, ვინაიდან განვითარების ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს. მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო 2012 წლიდან მოყოლებულ პერიოდს: 2011 წლის შემოდგომაზე ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პატრიოტული გადაწყვეტილება, გმირული გადაწყვეტილება ქართველ ხალხთან ერთად შეეცვალა ის რეალობა, ის პოლიტიკური რეალობა, რაც ქვეყანაში იყო დამკვიდრებული. დღეს თქვენ ხედავთ თუ რამხელა განსხვავებაა დღევანდელ საარჩევნო კამპანიასა და იმას შორის, რაც ხდებოდა საქართველოში. დღეს ქვებით არავის ხვდებიან, გარდა ცალკეული ინციდენტებისა, მთლიანად საარჩევნო კამპანია არის მშვიდობიანი. დღეს სატელევიზიო სივრცეში ისმის თავისუფალი აზრი, შეიძლება ხშირად გულსატკენი, მაგრამ თავისუფალი აზრი. დღეს ადამიანის ღირსება არის ის უზენაესი, რაზეც არის დამყარებული ყველაფერი საქართველოში. ამიტომ, მე მინდა სიამაყით ვთქვა, რომ დღეს აღარ არსებობს ნაპრალი საქართველოს მოსახლეობასა, ჩვენს ხალხსა და ჩვენს შორის. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ დიდი რესურსი დავხარჯეთ და ჩვენს ქვეყანაში მიღწეულ იქნა ის შედეგი, რომ დღეს ყველა მოქალაქეს აქვს უნივერსალური სამედიცინო მომსახურება. დღეს ადამიანებს აღარ უწევთ საკუთარი უკანასკნელი ქონების გაყიდვა-გაგირავება იმისათვის, რომ ოჯახის წევრებს უმკურნალონ. დღეს უპრეცედენტოდ დიდი ყურადღება ეთმობა სოფლის მეურნეობას, არის უამრავი პროგრამა გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტების, მრავალწლიანი ნარგავების გაშენების, მცირემიწიანი ფერმერების დახმარების და ასევე არის პროგრამა – “აწარმოე საქართველოში”, რომლის ფარგლებშიც არის მცირე საოჯახო სასტუმროების წახალისების პროგრამა, რომელსაც ჰქვია “უმასპინძლე საქართველოში”, რომელიც გრძელვადიან, შეღავათიან კრედიტებს სთავაზობს ყველა ადამიანს, ვისაც აქვს ინიციატივა, რომ ამ მიმართულებით საკუთარი ბიზნესი წამოიწყოს, თუ გააფართოვოს. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ შეიქმნას ადგილობრივი საწარმოო პოტენციალი და ჩვენმა მოქალაქეებმა უფრო წელგამართულად იგრძნონ თავი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ ჩვენ მივაღწიეთ საწადელს. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რამხელა გაჭირვებაა რეგიონებში, როგორ არიან ადამიანები მართლაც უკიდურეს მდგომარეობაში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და დამერწმუნეთ, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა, თუ როგორ მივაღწიოთ იმას, რომ ის საფუძველი, რომელიც უკვე არის ჩაყრილი, გარდაიქმნას თითოეული თქვენთაგანის ოჯახის კეთილდღეობაში. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს თითოეული რეგიონის მიმართულებით, იმისათვის რომ ჩვენი მოქალაქეების ყოფა გაიოლდეს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრისთვის, უპირველეს ყოვლისა, გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა.
ჩვენ, ქართული ოცნების მთავრობას, ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი გონივრული საგარეო პოლიტიკის წყალობით, ჩვენ, ერთის მხრივ, კიდევ უფრო დავუახლოვდით დასავლეთს და, მეორეს მხრივ, შევძელით, რომ შეგვენელებინა დაძაბულობა რუსეთთან. სწორედ ამის შედეგია ის, რომ დღეს გვაქვს ისევ ვაჭრობა ყოველგვარი კომპრომისების გარეშე ჩვენს სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებაში და ჩვენ დღეს ნახევარ მილიონამდე ტურისტი უკვე გვეწვია რუსეთიდან. წელს საქართველოში 6 მილიონამდე ტურისტს ველოდებით და, მე მგონია, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რეგიონებში რამხელა ზრდაა ტურიზმში. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეს სიკეთე ყველა თქვენგანის ოჯახმა იგრძნოს. მინდა გითხრათ, რომ ჯანდაცვის მიმართულებით გაგრძელდება, რა თქმა უნდა, უნივერსალური მომსახურება, მართლა სიამაყით მინდა ვთქვა, რომ დავით სერგეენკო არის ჩვენთან ერთად და ლენტეხში მალე დასრულდება ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საავადმყოფოს მშენებლობა. ეს იქნება დიდი შვება ადგილობრივებისთვის და ეს ყველაფერი, მთის კანონთან ერთად, შექმნის იმ წინაპირობებს, რომ აქ დამაგრდეს მოსახლეობა და ახალგაზრდობა რეგიონის დატოვებაზე აღარ ფიქრობდეს. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები ადგილობრივი ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარებისთვის.
აუცილებლად, მომავალი 4 წლის განმავლობაში, ამის პირობას ვდებთ ჩვენ, ჩვენ თქვენთან მოსასვლელი პირი არ გვექნება, პირდაპირ ვამბობ, თუ არ ავაშენეთ ლენტეხიდან მულახისკენ მიმავალი გზა თავისი გვირაბებით. ამ გზას ექნება ასევე საზაფხულო გზა უშგულის გავლით, რომელიც ამ გზაზე მდებარე ყველა სოფლისთვის მნიშვნელოვანია. ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა მთლიანად სვანეთის, როგორც ზემო, ისე ქვემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის განვითარებისთვის, ამას ექნება უდიდესი მნიშვნელობა და ზეგავლენა თითოეული თქვენთაგანის ოჯახის კეთილდღეობაზე და ამის პირობას ჩვენ ვდებთ, ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ამაზე მუშაობა. საზაფხულო გზის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება და იგეგმება უკვე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან გვირაბების მშენებლობის პროექტის უახლოეს მომავალში დაწყებაც. მაგრამ ეს ყველაფერი გაკეთდება უჩქარეს ტემპებში ისე, რომ ჩვენ არ გადავთელავთ ჩვენი მოქალაქეების უფლებებს. თითოეული თქვენთაგანის ღირსება იქნება ჩვენთვის უზენაესი, თავი და თავი და უპირველესი, სწორედ ამიტომ მინდა წარმოგიდგინოთ გაერთიანებული საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატი, მაგრამ თავშივე უნდა ვთქვა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ მოგვწონს ის, რომ საქართველოს მოსახლეობას რაღაც სტანდარტების მიხედვით მათემატიკურად აჯამებენ. ყველა რეგიონს აქვს თავისი თავისებურებები, თავისი გასაჭირი, თავისი სიხარული და ყველა რეგიონი არის გამორჩეული საქართველოში, მაგრამ ასეთია რეალობა და დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა რაჭისთვის და დარწმუნებული იყავით, რომ კიდევ უფრო მეტი შემართებით დაიცავს თითოეული თქვენგანის ინტერესს საქართველოს პარლამენტში მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. ეს არის კაცი, რომელმაც ძალიან კარგად იცის კერძო სექტორი, ძალიან წარმატებული ადამიანია ცხოვრებაში, ის არის ორი მოწვევის წარმატებული პარლამენტარი და დღეს უკვე ჩვენს გუნდთან ერთად ავაშენებთ უკეთეს მომავალს ლენტეხელებისთვის. მე მინდა წარმოგიდგინოთ და სიტყვა გადავცე გოჩა ენუქიძეს.”
გოჩა ენუქიძე: ‘’მოგესალმებით სვანებო, მადლობა ქართულ ოცნებას და პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის, მე დღეს ერთ-ერთი თქვენთგანი ვარ, თქვენი ოჯახის მეგობარი და თქვენი ინტერესების დამცველი, მინდა ჩემი ცოდნა, უნარი, წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება გამოვიყენო იმისთვის, რომ იგრძნოთ უკეთესობა, ერთად მოვუტანოთ წარმატება და წინსვლა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ერთობლივი ძალებით შევქმნით თანამედროვე გარემოს, შევქმნით სამუშაო ადგილებს, შევაჩერებთ მიგრაციის პროცესს, განვავითარებთ ტურიზმს, მეცხოველეობას, გონივრულად ავითვისებთ ჰიდრო-რესურსებს, გადავწყვეტთ სოციალურ პრობლემებს, რაც წარმატების მომტანი იქნება თითოეული თქვენთაგანისთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ მთის კეთილდღეობა არის საქართველოს კეთილდღეობა. როგორც იცით, რაჭა, ლეჩხუმი და სვანეთი ერთ ოლქად გაერთიანდა, მე მეყოლება ჩემი წარმომადგენელი სვანეთში და ლენტეხში, რომელიც იმუშავებს ადგილობრივ პრობლემებზე. ჩემო საყვარელო სვანებო, ორი მოწვევაა, რაც მთის რეგიონს წარმოვადგენ პარლამენტში და მთისთვის დამახასიათებელი პრობლემები გათავისებული მაქვს, სულ რამოდენიმე დღეში გამოქვეყნდება ჩვენს მიერ მიღებული ე.წ. მთის კანონი და ის ნორმები, რომლებიც ბევრი სოციალური შეღავათის მომტანი იქნება თითოეული თქვენთაგანის და თქვენი ოჯახისათვის. არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება და მე მჯერა, რომ 8 ოქტომბერს ერთად გავაკეთებთ სწორ არჩევანს, ყველა ერთად გავიმარჯვებთ ქვეყნის, საერთო საქმის და კეთილდღეობისათვის, ერთად დავუბრუნოთ მთას სიცოცხლე! დიდი მადლობა.”
დავით სერგეენკო: “… მე ნამდვილად არ ჩამოვსულვარ იმისათვის აქ, რომ თავი მოგაწონოთ, რომ რამდენი რამის გაკეთება შევძელით… ეს მთლიანად მთავრობის დამსახურება არის. სამწუხაროდ, მოსახლეობის ნახევარზე მეტს არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ, თუნდაც, გადაუდებელ შემთხვევაში, ექიმთან მისულიყო. ეს არის თითოეული თქვენთაგანის დამსახურება და ეს არის ის, რაც გეკუთვნით. ჩვენ, ერთადერთი, რაც შევძელით, იმის ნაწილი დაგიბრუნეთ, მე მგონი საკმაოდ დიდი ნაწილი, რაც გეკუთვნოდათ და არა ის, რომ დაგამადლეთ, რომ რამდენი რამე გავაკეთეთ. იგივე ეს საავადმყოფო, რომელიც რამდენიმე კვირაში ამუშავდება, იგივე სასწრაფო დახმარების განახლებული სადგური… კარგად მესმის, დამერწმუნეთ, დეტალურად ვიცი ის დამატებითი საჭიროებები, რაც დარჩა, რაც ესაჭიროება რაიონს, მას შემდეგ, რაც ეს საავადმყოფო გაიხსნება, ვიცი, რომ კიდევ უფრო მეტი არის საჭირო და ზუსტად ვიცით ამის შესახებ, იგივე შეეხება სასწრაფოს, და ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული, რაც არის სოციალურ დახმარებები, ჩვენ ძალიან ვეცადეთ და ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკური შემადგენელი მთლიანად ამოვაცალეთ ამას, როდესაც არჩევნების წინ ხდებოდა ხოლმე ათეულობით ათასი ადამიანისთვის დახმარების დანიშვნა. მესმის, რომ თითოეული ადამიანისთვის, თითოეული ოჯახისთვის დანიშნული ან მოხსნილი განსაკუთრებით სოციალური დახმარება რამდენად მტკივნეული არის, მაგრამ პირობას გაძლევთ, თვალებში გიყურებთ და პირობას გაძლევთ, რომ ეს არის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკა და შეიძლება ითქვას ღირსების საკითხიც, რომ სოციალური დახმარების იმედზე კი არ იყოს მხოლოდ ადამიანი და ოჯახი, არამედ ჰქონდეს ღირსეული სამუშაოს შესაძლებლობა, რომ თვითონ ღირსეულად შეინახოს თავისი ოჯახი, თუმცა, რა თქმა უნდა, იმ ოჯახებს, ვისაც სჭირდება დახმარება, აუცილებლად დავეხმარებით. კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ ჩემი უღრმესი პატივისცემა და მოგიხადოთ მადლობა იმისათვის, რომ მომისმინეთ, გმადლობთ.”
გოჩა ენუქიძის და დავით სერგეენკოს გამოსვლის შემდეგ, ისევ პრემიერ-მინისტრმა მიმართა ხალხს:
“მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, ყველაფერი რასაც ჩვენ გავაკეთებთ, თითოეული ნაბიჯი რომელსაც ჩვენ გადავდგამთ იქნება ქვეყნის სიყვარულით და ჩვენი ხალხის სიყვარულით ნაკარნახევი. ჩვენ, შესაძლოა, რაღაცაში შევცდეთ, მაგრამ ყველაფერი იქნება გაკეთებული იმისათვის, რომ ჩვენი ხალხის სიყვარული და პატივისცემა იყოს თავი და თავი იმისა, რასაც ჩვენ გავაკეთებთ. ჩვენ გაგვაჩნია ის გამოცდილება, ის კომპეტენცია, ის თავმდაბლობაც, მათ შორის, და მომავლის ის ხედვა და კონკრეტულად, ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა, თუ რა უნდა გავაკეთოთ თითოეულ დღეს არჩევნებში გამარჯვების მეორე დღიდან და ის, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ არჩევნებში, ამაში ერთი წამით ეჭვი არავის არ ეპარება. ჩვენ გავიმარჯვებთ ისე, რომ საქართველო გაიმარჯვებს, გავიმარჯვებთ ისე, რომ ჩვენი საზოგადოება სიყვარულით გაერთიანდება. არ იქნება ასეთი სიძულვილი, არ იქნება ასეთი კონფრონტაცია და ერთიანი, პოზიტიური მომავლის ხედვის გარშემო გაერთიანდება მთელი ქვეყანა, ისინიც კი ვინც დღეს არ არიან ჩვენს გვერდით, აუცილებლად აღმოჩნდებიან ამ ერთი მძლავრი მიზიდულობის ძალის ქვეშ. დიდი მადლობა ჩემო მეგობრებო ასეთი მხარდაჭერისთვის, გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ საქართველოს, მთას, პირველ რიგში, როგორც ხერხემალს ჩვენი ქვეყნის და მთლიან, გამთლიანებულ და გაძლიერებულ, აგუგუნებულ საქართველოს. დიდი მადლობა.”
რედაქციის მინაწერი: უცნაური გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლაში ის იყო, რომ მან, რატომღაც, მის მოსასმენად მისული მოსახლეობა ყველა მხარდამჭერებად ჩათვალა, მაშინ, როდესაც იქ სხვადასხვა პარტიების ადგილობრივი ლიდერები და წარმომადგელებიც იმყოფებოდნენ. მოსახლეობას კი ვერ გაეგო, თუ რატომ გახდა აუცილებელი ლენტეხის ერთ-ერთი მთავარი ქუჩის გადაკეტვა და შუადღის პაპანაქება სიცხეში ქუჩაში დგომა, მაშინ, როდესაც იქ მისული ხალხის რაოდენობა თავისუფლად დაეტეოდა ლენტეხის კულტურის სახლის დარბაზში.
ცოტნე მუსელიანი, დაბა ლენტეხი