26 აგვისტო, წმინდა მაქსიმე აღმსარებელის ხსენების დღე, ტრადიციულად განსაკუთრებულად აღინიშნება ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში. ამ დღეს მომლოცველები თაყვანს სცემენ დიდი საეკლესიო მოღვაწის წმინდა ნაწილებს, რომლებიც დაბრძანებულია ქალაქ ცაგერში მისივე სახელობის მონასტერში.
საზეიმო წირვა-ლოცვა ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინეს ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) და ნიკორწმინდის ეპისკოპოსმა ვახტანგმა (ლიპარტელიანი). ღვთისმსახურებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ეპარქიებიდან ჩამოსული სასულიერო პირები. წირვის შემდეგ, ტრადიციულად, სასულიერო პირებმა წმინდა მაქსიმეს ხატი მისივე სახელობის მონასტერში გადააბრძანეს, სადაც ჩატარდა პარაკლისი.
პარაკლისის შემდეგ გაიმართა საზეიმო ტრაპეზი.
საღამოს 7 სთ-ზე ცაგერის კულტურის ცენტრში ჩატარდა მაქსიმობისადმი მიძღვნილი კონცერტი.
ცოტნე მუსელიანი, ქალაქი ცაგერი