მომლოცველთა ჯგუფი იტალიაში და წირვა წმინდა ნიკოლოზის საფლავთან

22- ნოემბერს მესტიისა და ზემო სვანეთის მომლოცველთა ჯგუფმა, რომელიც სიწმინდეების მოსალოცად იტალიაში იმყოფება, დაბადების დღე მიულოცა მეუფე ილარიონს. ამ მეტად სასიამოვნო ფაქტით დაიწყო ეს დღე, შემდეგ ჯგუფი გაადაადგილდა ქალაქ ბოლონიაში, წმინდა ბასილი დიდის სახელობის რუსულ მართლმადიდებლურ ტაძარში, სადაც ქართული დიასპორიის წარმომადგენლები განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ მეუფეს და მომლოცველთა ჯგუფს. მეუფის პატივსაცემად გაიმართა ქართველი ემიგრანტების მიერ ორგანიზებული საზეიმო ცერემონიალი. მეუფე ილარიონმა გადაიხადა მათთვის სამშვიდობო პარაკლისი. ოყო სიხარული, გულისტკივილის გაზიარება და ცრემლები. იქაურმა მრევლმა სთხოვა მამა ეგნატეს, მიეღო მათი აღსარება, რაზეც, რა თქმა უნდა, უარი არ მიუღიათ. მათ მეუფე ილარიონისა და მამა ეგნატესგან მიიღეს დიდი ნუგეში, დალოცვა და სურვილი – საქართველოში მშვიდობით დაბრუნება. ემოციური დამშვიდობების შემდეგ ჯგუფი გაემგზავრა ქალაქ ლორენტოში, ღვთისმშობლის სახლის მოსალოცად, რომელიც იტალიელებმა, გადმოცემის თანახმად, იერუსალიმში დაშალეს, ყველა ქვა დანომრეს ისე გადმოიტანეს იტალიაში და თავიდან ააშენეს.ჯგუფმა განსაკუთრებით დიდი სიწმინდე მოილოცა, ევქარისტიის საოცრების სახლი, სადაც ქრისტეს სისხლი და ხორცი ინახება. ეს ადგილი მეტად მნიშვნელოვან სასწაულს უკავშირდება: Vlll საუკუნეში ერთ-ერთ მღვდელს, რომელიც წირვას აღავლენდა, ზიარების დროს ეჭვი შეეპარა იმაში, რომ სიმბოლური ღვინო და სეფისკვერი ქრისტეს სისხლად და ხორცად როგორ უნდა გადაიქცესო. იმ წუთს მომხდარა სასწაული და ღვინო და პური ნამდვილ სისხლად და ხორცად გადაქცეულა. ეს მოვლენა დღემდე მეცნიერებისთვის დიდი დაკვირვების საგნად იქცა. მეცნიერულმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ ეს სასწაული სისხლი და ხორცია, თანაც გულის ნაწილი, რომელიც დღემდე უხრწნელად ინახება. მადლობა უფალს, რომ ჯგუფს ამ დიდ სიწმინდესთან მიახლების საშუალება მიეცა.

23 ნოემბერს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა, სქიმარქიმანდრიტებმა ეგნატემ და იოანემ და არქიმანდრიტმა მოსემ იტალიის ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის საფლავთან გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ქართულად აღავლინეს. წირვას ესწრებოდა ქართველი ემიგრანტების გარკვეული ნაწილი. ეს დღე მათთვის განსაკუთრებულ სიხარულთან იყო დაკავშირებული. მოძღვრებს ჩააბარეს აღსარება, ეზიარნენ, მიიღეს დიდი ნუგეში,სიხარული. მათ მომლოცველთა ჯგუფს ცრემლებიც გამოგვაყოლეს.

 

მეუფე ილარიონი, სქიმარქიმანდრიტი ეგნატე და იონა წმ. ნიკოლოზის საფლავთან

მეუფე ილარიონი, სქიმარქიმანდრიტი ეგნატე და სქიმარქიმანდრიტი იონა წმ. ნიკოლოზის საფლავთან მსახურებისას

მარჯვნიდან: მამა ეგნატე, მეუფე ილარიონი, მამა მოსე წმ. ნიკოლოზის საფლავთან მსახურებისას

მარჯვნიდან: მამა ეგნატე, მეუფე ილარიონი, მამა მოსე წმ. ნიკოლოზის საფლავთან მსახურებისას

მადონა წერედიანი, იტალია