პროექტი “სტუდენტები თვითმმართველობისათვის” ორგანიზებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის და არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” მიერ.
ეს პროექტი უკვე მესამე წელია მიმდინარეობს, წელს ამ პროექტის ფარგლებში, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის და ეკონომიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტებმა: გიორგი გარუჩავამ, ლუკა ხუბაშვილმა და ბექა გუდაშვილმა იმოგზაურეს სვანეთში, მესტიის რაიონის სამ თემში: ბეჩოს, ნაკრის და ფარის. აღნიშნული სტუდენტების გუნდმა პროექტის შესაბამისად დაიმატეს სამი ადგილობრივი ახალგაზრდა: არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდები მთისთვის” დამფუძნებელი ელენა განაია, ამავე ორგანიზაციის აქტიური წევრი რაშიბო ნაკანი და სკოლის მოსწავლე სანდრო მუშკუდიანი. უკვე ექვს წევრამდე შევსებულმა გუნდმა აღნიშნულ სამ თემში ჩაატარა კვლევა რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით, მოახდინეს ამ თემების სოციო-ეკონომიკური გარემოს შესწავლა და პრობლემების გამოვლენა. კვლევის შედეგად სამი თემიდან პროექტის პრინციპების თანახმად შეარჩიეს ერთი სამიზნე თემი – ფარის თემი. პროექტის წევრები სწორედ ამ თემზე მოამზადებენ ანალიტიკურ დოკუმენტს, რომელშიც იქნება სრულყოფილი ინფორმაცია კვლევის მეთოდებზე და სოფლის პრობლემებზე.
აღნიშნული გუნდი პროექტის ფარგლებში 27 თებერვალს შეხვდა მესტიის რაიონის გამგებელს კაპიტონ ჟორჟოლიანს, გუნდის ერთ-ერთი წევრი გიორგი გარუჩავა ამ შეხვედრის შესახებ აღნიშნავს: “ჩვენს შორის შედგა საინტერესო საუბარი, გამგებელმა მხარდაჭერა აღგვითქვა პროექტის მიმდინარეობის პერიოდში ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ვისაუბრეთ მესტიის მუნიციპალიტეტზე, პრობლემებზე, ასევე მოგვითხრო იმ პრიორიტეტებზე რომელთა მოგვარება იგეგმება უახლოეს მომავალში”.
გიორგი გარუჩავა ჩვენთან საუბარში აგრეთვე აღნიშნავს: “მესტიის მუნიციპალიტეტში ჩამოსვლამდე ჩავატარეთ მცირე სამაგიდო კვლევა, მოვახდინეთ სამუშაო გარემოს შესწავლა, ვცდილობდით რაც შეიძლება ბევრი გაგვეგო ადგილობრივ კულტურაზე, მოსახლეობაზე, მათ მენტალიტეტზე, ზოგად პრობლემებზე. ამ კვლევის დროს მივაგენით არასამთავრობო ორგანიზაციას “ახალგაზრდები მთისთვის ” რომელიც განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა ზემო სვანეთში. ამ ორგანიზაციის მიზანი და ძირითადი მისია სრულიად თანხვედრაში მოდის ჩვენს პროექტთან, აქიდან გამომდინარე, ჩვენი თანამშრომლობა შედგა და ვფიქრობ გაერთიანებული ძალებით მივაღწევთ საერთო მიზანს, მოვახდენთ ადგილობრივი ახალგაზრდების და არამარტო ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას სამოქალაქო ცხოვრებაში. ასევე ვეცდებით მათ დაინტერესებას თვითმმართველობის საკითხებით, რომლითაც გავაძლიერებთ ადგილობრივ დემოკრატიას”.
მადონა წერედიანი, დაბა მესტია.