ნინო ბენდელიანმა, ლენტეხელმა პედაგოგმა ლენტეხის საკრებულოს 24 თებერვლის სხდომაზე მწვავე განცხადება გააკეთა ლენტეხის თვითმმართველობის მისამართით და ნეპოტიზმიც ახსენა.
ლენტეხის საკრებულოს 24 თებერვლის სხდომა სხვა სხდომებისგან სიმწვავის გარდა იმით განსხვავდებოდა, რომ სხდომას ესწრებოდნენ ა.(ა).ი.პ.-ის “მოქალაქე” (თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი) და გამოცდების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის “სტუდენტები თვითმმართველობისათვის” მონაწილენი ნანული გოფოძე და თამთა ორჯონიკიძე. საკრებულოს თავმჯდომარეს მაიზერ ჩანქსელიანს, ლენტეხის გამგებელს ამირან ჯამბურიძეს და სხვა თანამდებობის პირებს ძალიან ერიდებოდათ ამ სტუმრების და ეს მათ გამოსვლებშიც ჩანდა.
საკრებულოს სხდომაზე სხვადასხვა პრობლემური საკითხი განიხილეს, მაგრამ ალბათ ყველაზე მწვავე საკითხი გამგეობას დაქვემდებარებული ა.(ა).ი.პ.-ების თანამშრომლებისთვის ხელფასების შემცირების საკითხი იყო.
ამ და სხვა საკითხებზე გამართულ კამათის შემდეგ ნინო ბენდელიანმა შემდეგი განცხადება გააკეთა:
(სამწუხაროდ, ეს პოლემიკა სრულად ვერ ჩავწერეთ ტექნიკური პრობლემის გამო).
ამის შემდეგ ნინო ბენდელიანმა საკრებულოს სხდომა დატოვა, თუმცა მის შესახებ რამდენიმე კომენტარი გაკეთდა:
იმისათვის, რომ ნინო ბენდელიანის გამოსვლის აზრი მთლიანად წარმოგვეჩინა თქვენს წინაშე, მას ტელეფონით დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვა დავუსვით:
“საკრებულოს სხდომაზე ნეპოტიზმი ახსენე და რას გულისხმობდი ?
იმ ნათესაურ კავშირებს, რომლებიც ასე თვალშისაცემია ადგილობრივ ხელისუფლებაში.
კონკრეტულად ვის გულისხმობდი ?
გასაგებად ვთქვი, შორს რატომ ეძებთ? აქვე, სხდომაზე მყოფებს გადახედეთ-მეთქი. უმეტესობა ერთმანეთის ახლობელი იყო, განსაკუთრებით კი ხელედის მკვიდრნი.
გამგეობას მიუთითებდი ნეპოტიზმისკენ თუ საკრებულოს ?
ერთსაც და მეორესაც.
იქ შეგეპასუხენ, აქ სვანეთია და, ბუნებრივია იქნება ნათესაური კავშირებიო.
იმ ნათესაობასა და რეალურ ნათესაობას შორის დიდი განსხვავებაა. მე ვგულისმობ ბიძაშვილს, დისშვილს, მეუღლეს და ა.შ. მე მგონი, თავადაც მიხვდებოდნენ, ვინც ვიგულისხმე.
სხდომაზე გითხრეს, რომ ამ თანამშრომლებმა კონკურსი გაიარეს და ისე მოხვდნენ თანამდებობებზეო. ამასთან დაკავშირებით რას იტყვი ?
ბევრი უკონკურსოც მუშაობს, ანუ ის ხალხი ვინც მათთვის მისაღები იყო.
თუ არ ვცდები გამგებელმა გითხრათ 1300 ადამიანს ვერ მოვიყვან და საჯარო სექტორში ვერ დავასაქმებო და ამასთან დაკავშირებით რას იტყვი ?
ისეთები ჰყავთ დასაქმებული, რომლებიც ხელფასს სხვა ქალაქში იღებენ ბარათით, აქ საერთოდ არ ცხოვრობენ. ხელმძღვანელი პირები თვეებისა და კვირების განმავლობაში მიდიან თბილისში, მერე ჩამოვლენ, ჩაატარებენ სხდომებს, ცოტა ხნით დაკავდებიან “ცრუ საქმიანობით“, მერე ისევ დაბრუნდებიან ქალაქში. რაიონის მკვიდრთა ხარჯზე, ხელფასები მაღალი აქვთ. მაშინ, როცა არანაკლები გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ადგილობრივი ახალგაზრდაა დაუსაქმებელი, რომლებიც საუკეთესოდ გაართმევდნენ თავს საკრებულოს თავმჯდომარეობას, გამგებლობას, აუდიტს, კულტურისა და სხვა სამსახურებს.
“თქვენმა მთავრობამ საავადმყოფო გაყიდაო“ ასე შეგეპასუხენ და რომელიმე პარტიაში ხარ, ან იყავი ?
არასდროს არცერთ პარტიაში არ ვყოფილვარ. თუ ნაკლზე მიანიშნე, მაშინვე ნაციონალად მოგიაზრებენ. უსამართლობის დანახვას პარტია არ სჭირდება, ისევე , როგორც კეთილი საქმის კეთებას. პარტიის სახელს ამოფარებულნი, პირადი კეთილდღეობისთვის იბრძვიან, საიდანაც მობრძანდნენ, იქ ხელმოცარულნი.
პირველად ესწრებოდი საკრებულოს სხდომას ?
კი. პირველად.
რატომ გაგიჩნდა ეს სურვილი?
ამ ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ რამდენჯერმე ვიყავი გამგებელთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან ჩემი ძმების დასაქმების თაობაზე, რომელთაც არანაირი შემოსავალი არა აქვთ. პირდაპირ მითხრეს: გოგიმ რატომ არ დაასაქმაო? (მაშინ გოგი ლიპარტელიანის – ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, ბიუროში ვმუშაობდი). სხდომაზე შევედი, იქნებ რაიმე საიმედო მომესმინა. მაინტერესებდა დასაქმების საკითხი. იქ კი სულ ისმოდა, თანხები არა გვაქვსო. გადავწყვიტე ჩემიგულისტკივილი და უკმაყოფილება გამომეთქვა, იქნებ სინდისის ქენჯნამ შეაწუხოთ-მეთქი, მაგრამ როგორ ?
შენი გამოსვლა ისე იყო აღქმული, თითქოს უკმაყოფილო ხარ ხელფასით…
მასწავლებლის ხელფასი კმაყოფილების საშუალებას ვერ მომცემს, მით უმეტეს, თუ არასრული დატვირთვით ვმუშაობ და 300 ლარი მაქვს ხელფასი, რომლითაც ორი ოჯახის რჩენა მიწევს, ჩემი და ძმების ოჯახის. მასწავლებელი ვარ, რისთვის უნდა ისწავლოთ-მეთქი, რა ვუთხრა მოსწავლეებს, როცა ხედავენ რომ განათლებულ ხალხს ყველაზე მეტად უჭირს მატერიალურად. ამ ხელისუფლებამ დამანახა, რომ განათლება არაა საჭირო, გაუნათლებელი, უდიპლომო (ან ნაყიდი დიპლომიანი) კადრებით გაივსო რაიონი.
როგორ უნდა მოიქცეს მთავრობა, რომ დასაქმების პრობლემა არ იყოს ან შემსუბუქდეს ?
გულთან უნდა მიიტანონ ხალხის გასაჭირი. თითოეული ოჯახის მდგომარეობა შეისწავლონ და გაითვალისწინონ ის ოჯახები, რომელთაც მინიმალური შემოსავალიცკი არა აქვთ.
მომავლის იმედზე რას იტყვი?
სამწუხაროდ, ვერაფერს საიმედოს. დავრწმუნდი, რომ ღირსეული წინსვლა და წარმატება შეუძლებელია მაგარი “ზურგის“, ნათესავისა და ახლობლის გარშე. უბედურება ისაა, რომ ასეთები მოვლენ მომავალშიც, შეიძლება – უარესებიც. ეს, ზოგადად, ქართული ბუნებაა – პირადი კეთილდღეობისათვის ზრუნვა. უბედურებაა, რომ რაიონი საშოვარზე მოსული ხალხის ხელშია. ლენტეხი მათთვის დიდი მწვანე ველია, საიდანაც ნაიალაღარი, მაძღარი უნდა წავიდნენ, შემდეგ ახალი, მშიერი ან ხელმოცარული ხალხისთვის უნდა იქცეს რაიონი იალაღად და მოსახლეობა კი მათ მასპინძლად, დამპურებლად.”
ჩვენ დავინტერესდით რას ფიქრობდნენ ლენტეხის მცხოვრებნი თვითმმართველობაზე ნეპოტიზმის კუთხით და რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ (რესპონდენტების ვინაობას მათივე თხოვნით არ ვასახელებთ):
არსებობს თუ არა ლენტეხის თვითმმართველობაში ნეპოტიზმის ფაქტები ?
გ.ლ. – რა თქმა უნდა არსებობს, რამდენიც გინდა, საკუთარი დეიდაშვილები, დები, ძმები, ბიძაშვილები და ა.შ.
ა.გ. – კი ბატონო.
თუ შეგიძლიათ კონკრეტული ფაქტები დაგვისახელოთ ?
გ.ლ. – გამგებელმა თავისი ცოლი გამგეობაშივე დაასაქმა, დეიდაშვილი თუ დისშვილი მძღოლად ჰყავს მოყვანილი, აუდიტის სამსახურის უფროსის ერთი და გამგეობაში მუშაობს, მეორე და გამგებლის წარმომადგენელია ხელედის თემში, მეტი რაღა გინდათ.
ა.გ. – გამგებლის მეუღლე, მაგალითად, გამგეობის სოციალურ სამსახურში დაასაქმეს. ახლა გამგებელს რომ ჰკითხო, გეტყვის რამდენიმე თვე უხელფასოდ მუშაობდაო და მერე დასაქმდაო. დიდი სიამოვნებით გაივლიდა სტაჟირებას ყველა, როცა ეცოდინებოდათ, რომ სამსახური გარანტირებული ექნებოდათ. მაგრამ ასეთებს არ აგებინებენ ხალხს, რადგან თავიანთთვის აქვთ განსაზღვრული და იმიტომ. მას აწყობდა და შეიყვანა მისი ცოლი. ძმისშვილი მძღოლად ჰყავდა თუ ჰყავს, დისშვილი აიპის ხელმძღვანელად ჰყავდა.
ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ლენტეხის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს სოზარ ბენდელიანს გავესაუბრეთ:
“როგორი მდგომარეობა იყო გამგეობაში 2014 წლამდე შტატების მხრივ და რა მდგომარეობაა დღეს ?
2014 წლამდე აქ 100-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული, შემდეგ 2014 წლიდან შეიცვალა თვითმმართველობის კოდექსი და ამ ცვლილებით განისაზღვრა რაოდენობა ყველა მუნიციპალიტეტში. ეს გამოითვლება ფორმულით, სადაც უნდა ჩავსვათ ამომრჩეველთა რაოდენობა და ადმინისტრაციულ ერთეულთა რაოდენობა. ამ ფორმულის მიხედვით ლენტეხის გამგეობაში და საკრებულოში ერთად უნდა იყოს 68 შტატიანი და 7 შტატგარეშე მოსამსახურე. გვყავს 72 შტატში და 9 შტატგარეშე მოსამსახურე. გამგებელის, გამგებლის მოადგილეების, სამსახურის უფროსების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 13-ს და ეს ჩვენთან დაცულია: სამი მოადგილე ჰყავს გამგებელს და ცხრა სამსახური ექვემდებარება. 2014 წლის შემდეგ ა.(ა).ი.პ.-ებში დასაქმებულთა რაოდენობა დიდად არ შემცირებულა . მხოლოდ გამგეობაში და საკრებულოში შემცირდა თანამშრომლების რაოდენობა. ჩატარდა კონკურსი, გამოცხადდა ვაკანსიები, იყო შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისია 11 კაცის შემადგენლობით, კომისიაში რეგიონის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული, კომისიის თავმჯდომარე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ იქნა დანიშნული, შემადგენლობას თვითონ კომისიის თავმჯდომარე ნიშნავდა და ამ კომისიამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები. 3 ეტაპი იყო: განცხადებების შერჩევა, ტესტირება და გასაუბრება. გამგებლის მოადგილეები, გამგებლის თანაშემწე და სამსახურის ხელმძღვანელები არიან კონკურსის გარეშე დანიშნული. ეს კოდექსით არის გათვალისწინებული. დანარჩენი ყველა თანამდებობა, ამჟამად ვინც არის დანიშნული, ყველა არის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაციის მერე გამგებლის მიერ დანიშნული.
რაც შეეხება შტატგარეშე თანამშრომლებს ?
შტატგარეშე თანამდებობებზე კონკურსი არ გამოცხადებულა. ისინი არიან გარკვეული ვადით დანიშნული, მათთან ვადიანი ხელშეკრულებები იდება.
კანონი არ ითვალისწინებს მათ კონკურსს ?
დიახ, ყოველ შემთხვევაში ჩვენთან არ ჩატარებულა. ვინც კონკურსით დაინიშნენ, ისინი უვადოდ არიან დანიშნული. 100-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა და დღეს 72 მუშაობს, ბუნებრივია ამან უკმაყოფილება გამოიწვია მოსახლეობაში, სამსახურის გარეშე დარჩა ბევრი პროფესიონალიც, რომელსაც დიდი გამოცდილება ჰქონდა და საჭირო საქმეს აკეთებდნენ, მაგრამ დარჩნენ უმუშევრები.
მოსახლეობაში გარკვეული უკმაყოფილება არის შტატგარეშე თანამშრომლების შერჩევასთან დაკავშირებით და გამოითქმის კონკრეტული ბრალდებებიც, რომ საქმე გვაქვს ნეპოტიზმთან…
მე ამას ვერ დაგიდასტურებთ.
როგორ ხდება ხელშეკრულებით დასანიშნი თანამშრომლის მიღება? ამას ერთპიროვნულად გამგებელი წყვეტს ? ვაკანსია არ ცხადდება ?
ვაკანსია რომ გამოცხადდეს კონკურსი უნდა ჩატარდეს. გამგებელი ნიშნავს ჩემთან და შესაძლოა სხვა სამსახურებთან კონსულტაციების შემდეგ.
მოსახლეობა ასახელებს გამგებლის მეუღლის – ქეთინო ფირცხელანი–ჯამბურიძის დანიშვნის ფაქტს. ეს პიროვნება მუშაობს თქვენთან გამგეობაში?
ქალბატონი ქეთინო ფირცხელანი ერთი წლის განმავლობაში უხელფასოდ მუშაობდა სტაჟიორად, გამგებლის უფლებამოსილ პირად, შემდეგ გამოთავისუფლდა ადგილი და გადაყვანილ იქნა, აქ არაფერი კანონდარღვევა არ არის.
როდის დაინიშნა ?
გასულ წელს, ზუსტად არ მახსოვს, არ არის დიდი ხანი რაც დაინიშნა. ვიმეორებ მუშაობდა იმ ადგილზე სტაჟიორად გარკვეული პერიოდის განმავლობაში 1 წელი და მეტი, ადგილი გამოთავისუფლდა, იქ პირადი განცხადებით განთავისუფლდა მელიტა ლიპარტელიანი და ქალბატონი ქეთინო გადაყვანილ იქნა იქ შტატგარეშე მოსამსახურედ. რადგანაც ამ საქმესთან ჰქონდა წვდომა და მუშაობდა იმ ადგილზე, დაინიშნა შტატგარეშე მოსამსახურედ იმ თანამდებობაზე.
რამდენი ხანია რაც მუშაობს შტატგარეშე თანამშრომლად ?
იქნება 6 თვე, ზუსტად რიცხვი არ მახსოვს.
გამგეობას დაქვემდებარებული ა.(ა).ი.პ.-ების რაოდენობა თუ არის შეზღუდული ?
კანონით არ არის შეზღუდული, მაგრამ ჩვენთან ახლა 14 აიპი არის. მათ ხელმძღვანელებს ნიშნავს გამგებელი, ხოლო აიპის ხელმძღვანელი თვითონ ნიშნავს მის დანარჩენ თანამშრომლებს. 2016 წლამდე იყო 22 აიპი და მერე მოხდა რამდენიმე ა.(ა).ი.პ.-ის გაერთიანება. კულტურული და სპორტული დაწესებულებები გაერთიანდნენ და საბოლოოდ დაგვრჩა 14 ა.(ა).ი.პ.-ი. მათში მთლიანად 550 ადამიანია დასაქმებული.
როგორც ცნობილია გამგეობის თანამშრომლების ხელფასები გაიზარდა, წელს გაიზარდა ხომ ?
შარშან დეკემბერში გაიზარდა. იმის მერე რაც ბიუჯეტი შემცირდა, ხელფასები არ გაზრდილა.
შარშან დეკემბერში არ იყო ცნობილი, რომ ბიუჯეტი უნდა შემცირებულიყო ?
შესაძლოა ნოემბერშიც ცნობილი ყოფილიყო, მაგრამ …
გამგეობის თანამშრომლების ხელფასები გაიზარდა და ა.(ა).ი.პ.-ების თანამშრომლების ხელფასები შემცირდა და ეს მოსახლეობაში გარკვეული უსამართლობის განცდას იწვევს…
სამსახურის ხელმძღვანელებს ხელფასები გაეზარდათ 100 ლარით, ხოლო განყოფილების ხელმძღვანელების და სპეციალისტების ხელფასები 50 ლარით გაიზარდა. მოსახლეობაში უსამართლობის განცდა შესაძლოა მართლაც იყოს. გამგეობაში ყველა შტატზე ხელფასი განსაზღვრულია. ვთქვათ განყოფილების უფროსის ხელფასი არის 750 ლარი. ეს დამტკიცებულია. გამგეობა შედის საკრებულოში წინადადებით და საკრებულო ამტკიცებს სახელფასო სარგოებს. პრეზიდენტის ბრძანებულება არსებობს თანამდებობრივი სარგოების შესახებ, სადაც განსაზღვრული არის ზედა ზღვარი. აიპიებში ასეთი რამ არ არის. ხელმძღვანელებზე კი არის დადგენილი, ვთქვათ 600 ლარი.
ააიპ–ების ხემძღვანელების ხელფასები რომელი კანონქვემდებარე აქტით არის დადგენილი ?
არ არის დადგენილი. მართალი რომ გითხრათ, ვერ გეტყვით, რატომ 600 ლარი? რატომ მეტი არა? რატომ ნაკლები არა ? ამ კითხვებზე პასუხი არ მაქვს.
ა.(ა).ი.პ.-ების ხელმძღვანელები როგორ ინიშნებიან ? კონკურსის საფუძველზე ?
არა, კონკურსის საფუძველზე არ ინიშნებიან. გამგებელი წყვეტს საკრებულოს თავმჯდომარესთან და ადმინისტრაციულ სამსახურთან კონსულტაციების საფუძველზე.
მოსახლეობიდან არის ასევე ასეთი მოსაზრება რომ ა.(ა).ი.პ.-ების თანამშრომლებიც და ხელმძღვანელებიც ნეპოტიზმის ნიშნით ინიშნებიან და მოყავთ ასეთი მაგალითი , რომ გამგებლის დისშვილი გია ჩანქსელიანი იყო ერთერთი ა.(ა).ი.პ.-ის ხელმძღვანელი. თქვენ ადასტურებთ ამ ინფორმაციას ?
გია ჩანქსელიანი იყო ა.(ა).ი.პ.-ის დირექტორი, მაგრამ ის აღარ მუშაობს ახლა. ის დაინიშნა იმიტომ რომ ის საკმაოდ ნიჭიერი ახლაგაზრდაა, პერსპექტიული ბიჭია.
რამდენი ხნის განმავლობაში მუშაობდა ამ თანამდებობაზე ?
წელიწადნახევარი ალბათ – 2 წელი.
რის საფუძველზე არ მუშაობს ახლა ?
პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა, როგორც ჩემთვის ცნობილია.
ამჟამად სად მუშაობს ?
ჩვენთან არ მუშაობს, არ ვიცი.
მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ გამგებლის მძღოლად მისივე უახლოესი ნათესავი მუშაობს .
გამგებელს უფლება აქვს, ეს არის უშუალოდ მისი პირადი გადასაწყვეტი, ეს არავის გადასაწყვეტი არ არის, გამგებელი ვის დანიშნავს პირად მძღოლად. დისშვილს დანიშნავს, ბიძაშვილს, შორეულ ნათესავს თუ უახლოესს, ეს მისი გადასაწყვეტია. არა მგონია ეს ნეპოტიზმთან იყოს დაკავშირებული იმიტომ, რომ მისი პირადი მძღოლი უნდა სარგებლობდეს მისი სრული ნდობით და თუ მისი დისშვილი მისი მძღოლია ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.”
ცოტნე მუსელიანი, დაბა ლენტეხი.