2016 წლის დეკემბერში, ლენტეხის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, გამგებელმა ამირან (ჟორდან) ჯამბურიძემ უკმაყოფილება გამოთქვა გაზეთში “სვანეთი” საკრებულოს სხდომის შესახებ გამოქვეყნებული მასალის გამო და სხდომაზე დამსწრე რედაქტორის მოადგილეს (თქვენს მონა-მორჩილს) მოსთხოვა – საკრებულოს სხდომებზე რაც ხდება, პირდაპირ, სიტყვა-სიტყვით ნუ აქვეყნებთ გაზეთშიო. მან ასევე სრულიად არაორაზროვნად განაცხადა, გაზეთი “ჩვენ ტენდერში” მონაწილეობს, “ჩვენი თანხით” ფინანსდება და “ჩვენი საწინააღმდეგო რაღაცეები” როგორ შეიძლება დაიბეჭდოსო, გაზეთი კერძო რომ იყოს კიდევ სხვა საქმეაო.
მსურს შევახსენო ბატონ ამირანს, რომ გაზეთი “სვანეთი” 2003 წლიდან კერძო საკუთრებაა და არა სახელმწიფო ორგანო, და მის ფურცლებზე წინა მთავრობების დროსაც (მათ შორის სააკაშვილის მმართველობის დროსაც), იბეჭდებოდა კრიტიკული წერილები და ამის შესახებ უკმაყოფილებას პარტია “ნაციონალური მოძრაობის” მაშინდელი ადგილობრივი ლიდერებიც გამოხატავდნენ ჟურნალისტებთან პირად საუბრებში. მათ არ მოსვლიათ აზრად, საჯაროდ გამოეთქვათ თავიანთი უკმაყოფილება და თან დაფინანსების შესახებ მიენიშნებინათ.
რაც შეეხება იმას, რომ გაზეთი მისთვის მნიშვნელოვან დაფინანსებას სახელმწიფო ტენდერში გამარჯვების შედეგად იღებს, გაუგებარია, რატომ მიაჩნია ბატონ ამირანს, რომ ეს “მათი” ან “მისი” ტენდერია. ტენდერები ლენტეხის მუნიციპალიტეტში გაზეთის გამოცემასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ სააკაშვილის პრეზიდენტობის ადრეული წლებიდან ტარდება. ბატონი ამირანი ლენტეხის ცხოვრებაში მხოლოდ 2014 წელს ჩაერთო, როცა გამგებლის არჩევნები გაიმართა.
როგორც ჩანს, ამირან ჯამბურიძეს მიაჩნია, რომ რადგან გაზეთი „სვანეთი“ ტენდერში გამარჯვების შედეგად თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან იღებს, ამიტომ მის ფურცლებზე მხოლოდ გამგეობისა და საკრებულოს ქება-დიდება უნდა იბეჭდებოდეს. ბატონ ამირანს ისევ შევახსენებთ, რომ ბიუჯეტი მოსახლეობის გადასახადებით ივსება და ის (ბიუჯეტი) ხალხს ეკუთვნის. გაზეთი „სვანეთი“ კი სწორედ ამ ხალხის ინფორმირებისთვის მუშაობს.
რადგან ბატონი ამირანი ამ კონკრეტულ ტენდერს “მისად” მიიჩნევს, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, სხვა სამუშაოების შესახებ გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებსაც “მისად” ან “მათად” ხომ არ მიიჩნევს იგი?
აშკარაა, რომ ლენტეხის გამგეობაში არ იციან, თუ სად გადის ზღვარი საკუთარი აზრის გამოთქმასა და ჟურნალისტის საქმიანობაში ჩარევას შორის. როგორც ჩანს, ამირან ჯამბურიძეს გაზეთი „სვანეთი”-ს ჟურნალისტები საკუთარი ხელქვეითები ჰგონია. თუმცა, ცივილიზებულ სამყაროში ხელქვეითების მიმართაც მიუღებელია საჯაროდ საყვედურებისა თუ შენიშვნების მიცემა და მათზე ზემოქმედება.
ალბათ, შემთხვევითი არ არის ისიც, რომ ქვემო სვანეთში გაზეთის გამოცემისთვის, ბეჭდვისთვის და სოფლებში გავრცელებისთვის ტენდერზე გამოტანილი თანხა ლენტეხის გამგეობამ 2013 წელთან შედარებით 25%-ით შეამცირა, რის შედეგადაც გაზეთის “სვანეთი” რედაქცია იძულებული გახდა, შეემცირებინა თანამშრომლების რაოდენობა და მათი ხელფასები.
ზემოთ აღნიშნული “შენიშვნები” მე აღვიქვი როგორც ჩემი, როგორც ჟურნალისტის საქმიანობაში ჩარევა და ჩემზე გავლენის მოხდენის მცდელობა და 2017 წლის იანვრიდან დავტოვე გაზეთის “სვანეთი” რედაქცია და მხოლოდ ამ საიტზე (www.svanetiinfo.ge) გავაგრძელე მუშაობა, რომლის დაფინანსებასთან სახელმწიფოს კავშირი არა აქვს. მეგონა ამის შემდეგ, ბატონი ამირანის “შენიშვნები” ჩემს მიმართ დამთავრდებოდა, მაგრამ თურმე ვცდებოდი. 30 მარტის საკრებულოს სხდომაზე, როცა ერთ-ერთი გამომსვლელი შეეხო ჩემს მიერ საიტზე გამოქვეყნებულ სტატიას “ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას ნეპოტიზმში ადანაშაულებენ“, ბატონი ამირანი ისევ გადმოვიდა შეტევაზე:
ჩანაწერში სვანურად ამბობს “… გონს მოდიო” (მანამდე რას ამბობს სვანურად, გაურკვეველია).
ე.ი. თუ ჟურნალისტი ცდილობს აღწეროს სვანეთში არსებული რეალური სიტუაცია, ის რაც აწუხებს ხალხს, ის თურმე ამით “ათახსირებს” სვანეთს და სვანეთში რაც არ უნდა ხდებოდეს, ჟურნალისტი სვანეთის “სახელს უნდა გაუფრთხილდეს“ და ხმა არ ამოიღოს, თორემ ამას “სხვები“ წაიკითხავენ და სვანებს კისერი მოგვეჭრება.
საკრებულოს სხდომა ქვემო სვანეთისთვის თითქმის იგივეა, რაც პარლამენტის სხდომა მთელი საქართველოსთვის და რაც ამ სხდომებზე გადაწყდება, მერე ჩვენ, “უბრალო მოკვდავნი“ იძულებული ვხდებით იმ გადაწყვეტილებებს დავემორჩილოთ. საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს სხდომა საჯაროა, ეს ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს და კარგად დაფიქრდეს, სანამ საკრებულოს სხდომაზე რაიმეს იტყვის ან მოიმოქმედებს.
მე არ მაქვს ილუზია, რომ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ამირან ჯამბურიძის მოსაზრებები ჟურნალისტური საქმიანობისა და გამგებლის უფლება-მოვალეობების შესახებ შეიცვლება, ამიტომ მივმართავ თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, სახალხო დამცველს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, რეგიონული მედიის ასოციაციას, რათა მოახდინონ ამ ფაქტებზე რეაგირება.
საქართველოში ჟურნალისტის საქმიანობაში ჩარევა აზრადაც არ უნდა გაივლოს ვინმემ.
ისე ცნობისთვის: ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლა კანონით ისჯება.
(ფოტოზე – საკრებულოს სხდომაზე, მარჯვნიდან: ამირან ჯამბურიძე – ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მაიზერ ჩანქსელიანი – ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ოლეგ ფურელიანი – ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე)
ცოტნე მუსელიანი, დაბა ლენტეხი.