საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გამოაცხადა კონკურსი “შეNს ქალAქს დაუTOვე”, რომელიც რამდენიმე დღის წინ დასრულდა.
ამ პროექტის ფარგლებში მხატვარმა ზურა ფალიანმა დაბა მესტიაში შესასვლელი კედელი მოხატა.
კონკურსის ფარგლებში, ნატოს თემაზე საქართველოს დაბებში და ქალაქებში წინასწარ შერჩეული ობიექტები მოიხატა. ნატოს დღეების შემაჯამებელ ღონისძიებაზე, საუკეთესო ესკიზების ავტორების მიერ მოხატული ობიექტების პრეზენტაცია და დაჯილდოება გაიმართა. ნატოს დღეები საქართველოში 2-დან 11 აპრილამდე 2017 წელს მეათედ აღინიშნა.
ზურა ფალიანის ნამუშევრები ხუთ საუკეთესოთა შორის მოხვდნენ.
მხატვარი დასაჩუქრდა წიგნებით და სხვა საჩუქრებით.
(ზურა ფაილიანის ნამუშევარი მესტიის შესასვლელში)
I ადგილზე გარდაბნისა და თბილისში მოხატული ნამუშევრები გავიდა, II ადგილი ქუთაისმა, ხოლო III ზუგდიდმა დაიკავა. ესკიზები ნატო-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებს, ნატოს მიზნებსა და ამოცანებს, საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს გამოხატავს. პირველ ადგილზე გასული გამარჯვებული გუნდის წევრები ბუდაპეშტში ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტით დაჯილდოვდნენ, მეორე ადგილზე გასული მონაწილეები კი ბულგარეთში გაემგზავრებიან.
გამარჯვებული მონაწილეები ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ, ბულგარეთის ელჩმა დესისლავა ივანოვამ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ დააჯილდოვეს.
პროექტი ბულგარეთის საელჩოს, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ტურისტული სააგენტოს “თრეველშოპი”-ს, კომპანია “კაპაროლი”-ს და შპს “შუხმან ვაინს ჯორჯია“-ს მხარდაჭერით განხორციელდა.
მადონა წერედიანი, დაბა მესტია.