ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურის საჯარო სკოლაში არსებული მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბის “რტო“-ს წევრებმა 2016-2017 სასწავლო წელს განახორციელეს პროექტი სახელწოდებით “სკოლა ჩვენი სიამაყეა”, რომლის მიზანი იყო ჩოლურის საჯარო სკოლას ჰქონოდა მუდმივი სასმელი წყალი. მათ საკუთარი ინიციატივით და შრომით სასმელი წყალი შეიყვანეს მშობლიური სკოლის ეზოში და ასევე აამოქმედეს სკოლის პირველ სართულზე განთავსებული სველი წერტილები.
ჩოლურის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ “რტო“-ში გაწევრიანებული არიან მოსწავლეები მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით. მათ ხელმძღვანელობს სამოქალაქო განათლებისა და გეოგრაფიის პედაგოგი თინა მუკბანიანი.
2016 წელს, პროგრამა “მომავლის თაობა”-ს ფარგლებში, გამოცხადდა მცირე გრანტების კონკურსი. ამ პროგრამას ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია “Ph international” აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. გრანტების კონკურსში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ათი სკოლის მოსწავლეების მიერ წარდგენილი პროექტებიდან, სამოქალაქო კლუბის “რტო”-ს პროექტმა “სკოლა ჩვენი სიამაყეა” გაიმარჯვა და დაფინანსდა 450 დოლარით.
ჩვენ გავესაუბრეთ პროგრამა “მომავლის თაობა”-ს კოორდინატორს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მაკა ჩინიჯიშვილს:
პროექტის იდეა კლუბის წევრებმა მოიფიქრეს, შემდეგ მათ ის კლუბის ხელმძღვანელს გააცნეს და მასთან ერთად პროექტი შეადგინეს: თუ როგორ შეეყვანათ წყალი უმოკლესი გზით სოფლის წყალსადენის სათავე ნაგებობიდან სკოლაში, რა მასალა დასჭირდებოდათ ამისათვის, წინასწარ შეითანხმეს პარტნიორი ორგანიზაცია შპს “ავტოგზა ლენტეხი 99“.
დაფინანსებული გრანტით სკოლამ შეიძინა კანალიზაციის და სასმელი წყლის მილები და სხვა საჭირო მასალები. შემდეგ კი ჩოლურის საჯარო სკოლის დირექტორმა ნავრეზ შავრეშიანმა, პედაგოგმა თინა მუკბანიანმა და ძირითადად მე-10 კლასის მოსწავლეებმა ფიზიკურად იმუშავეს სკოლაში წყლის შესაყვანად.
შპს “ავტოგზალენტეხი 99”-ის დირექტორმა ამირან (გენური) ზურაბიანმა ამ საქმისთვის სრულიად უანგაროდ გამოყო ტრაქტორი და საჭირო საწვავი, ასევე უსაყიდლოდ დაეხმარენ სკოლას ტრაქტორისტი გია ლიპარტელიანი და სანტექნიკის სპეციალისტი ლევან ბენდელიანი. ჩოლურში ბევრი ადამიანი დაუდგა გვერდით მოსწავლეებს ამ საქმეში, გივი მუკბანიანმა და გია ლიპარტელიანმა ხარები ათხოვეს მილების დასამარხი კვლების გასაყვანად, ზოია ბაბლუანმა სამუშაო იარაღებით უზრუნველყო ისინი, სოფ. თეკალის მკვიდრი დათო მუკბანიანი მეტად საჭირო რჩევებით გულშემატკივრობდა მათ.
ამ პროექტის ფარგლებში სხვა აქტივობებიც განხორციელდა: ამავე სკოლის ბიოლოგიის პედაგოგმა ქეთევან ჯინჭარაძემ მოსწავლეებს ჩაუტარა ტრენინგები ადამიანის ორგანიზმისთვის წყლის მნიშვნელობის შესახებ, ასევე წყლის რესურსების მართვის შესახებ. სამოქალაქო კლუბი “რტო”-ს წევრებმა მოამზადეს კედლის გაზეთი სახელწოდებით “წყალი სიცოცხლეა“, ჩაატარეს ტრენინგი უმცროსკლასელთათვის ჰიგიენის დაცვისა და წყლის სწორად მოხმარების შესახებ, კლუბის ოთახის კედლებზე მოაწყვეს პროექტის მიმდინარეობის ამსახველი ფოტოების გამოფენა, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი პროგრამა “მომავლის თაობა”-ს კოორდინატორის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, მაკა ჩინიჯიშვილის წინაშე მოაწყვეს პროექტის შემაჯამებელი განხილვა.
მირანგულა მუკბანიანი, სოფ. ჭველიერი.