მესტიის გიმნაზიის მოსწავლეებმა კონკურსში გაიმარჯვეს და ერთი კვირით იერუსალიმს მოილოცავენ

10 ივნისს თბილისში, საპატრიარქოს ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში, ჩატარდა ინტელექტუალური კონკურსის “ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას” ფინალური ეტაპი, რომელშიც მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის სკოლა-გიმნაზიის გუნდმა “ოსანა”-მ გაიმარჯვა და საჩუქრად ისრაელის ერთკვირიანი საგზური მოიპოვა.

ეს კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს პატრონაჟით ხორციელდება. მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხის 122 სკოლა მონაწილეობდა.

ფინალში გუნდი “ოსანა”-ს გარდა მონაწილეობდა რუსთავის №4 სკოლის ორი გუნდი და ხონის ტექნიკური შემოქმედების გიმნაზიის გუნდი. მესტიის გიმნაზიის გუნდმა ეს შეხვედრა დიდი უპირატესობით მოიგო, ფინალამდე კი რთული გზა გაიარა. მათ მოიგეს შიდასასკოლო, სარაიონო, სანუგეშო, ზონალური, ნახევარფინალური და ფინალური ტურები. ფინალურ ეტაპს მოსწავლეების საგულშემატკივროდ ესწრებოდა მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი, მოსწავლეებმაც გამარჯვებით გაახარეს ის.

კონკურსის ბოლოს, პროექტის ავტორმა და ორგანიზატორმა, ჟიურის თავმჯდომარემ, ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის თავმჯდომარემ,   ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ აღნიშნა, რომ ამ კონკურსის ისტორიაში მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა, როცა გუნდმა ისეთი უპირატესობით მოიგო, რომ ფინალური შეხვედრის სამი ეტაპიდან ბოლო ეტაპის, კაპიტნების პაექრობამდე, უკვე გამოვლენილი იყო გამარჯვებული გუნდი, ორ ეტაპზე დაგროვებული ქულების რაოდენობით. მეუფე სტეფანემ მიულოცა გამარჯვება, როგორც მეუფე ილარიონს, ასევე გუნდი “ოსანა”-ს წევრებს.

უკვალოდ არ ჩაუვლია გუნდის ხელმძღვანელის მაგდალინა გოგოლაძის ძალისხმევას, რომლის დიდი დამსახურებაა ეს გამარჯვება.

გუნდი „ოსანას“ წევრები არიან: ოთარ ჯაფარიძე (VII კლასი), ანა ჯაფარიძე (VII კლასი), მარიამ ხვიბლიანი (VII კლასი), პაატა ავალიანი (VIII კლასი), ლაშა ფილფანი (VIII კლასი), ქრისტინე რატიანი (VIII კლასი), მარიამ გულედანი (VIII კლასი).

 

19114460_1306003092850609_1558897586_n

19184195_1306003026183949_526562182_n

მადონა წერედიანი.