29 მაისს მოულოდნელად გარდაიცვალა სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორი, ყველასთვის საყვარელი და საპატივცემულო პიროვნება, ქალბატონი რუსიკო ქოჩქიანი.
რუსიკო დავითის ასული ქოჩქიანი დაიბადა 1960 წლის 12 ივნისს დაბა მესტიაში. მან 1984 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიის მაგისტრატურა, მინიჭებული ჰქონდა ხელოვნებათმცოდნის კვალიფიკაცია. 2008 წელს მოიპოვა სმითსონიანის (აშშ) ინსტიტუციის სერთიფიკატი სამუზეუმო საქმის მენეჯმენტში. ფლობდა ინგლისურ და რუსულ ენებს.
სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში მუშაობა დაიწყო 1984 წელს. პარალელურად 1984-85 წწ. მუშაობდა მესტიის სამხატვრო სკოლის დირექტორად.
1985–2004 წწ. იყო სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის საექსპოზიციო განყოფილების გამგე.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის შექმნის შემდეგ, 2005 წელს დაინიშნა საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. 2006 წელს რუსიკო ქოჩქიანი გადაყვანილ იქნა სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის ადმინისტრაციულ მენეჯერად,
2010 წელს – სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის კონსერვატორად.
2011 წელს – სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის რეგიონულ მენეჯერად.
2015 წლიდან გარდაცვალებამდე რუსიკო ქოჩქიანი სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის მმართველი იყო.
რუსიკო ქოჩქიანს გამოქვეყნებული აქვს ათამდე პუბლიკაცია, მისი კონსულტაციით, მონაწილეობით, ავტორობით და ხელმძღვანელობით განხორციელდა პროექტები: ძველი საცხოვრებელი სახლის “მაჩუბი”-ს რეაბილიტაცია – 2008 წელს, მუზეუმის საკონფერენციო დარბაზი – კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი – 2008 წელს, სვანეთის შუა საუკუნეების უნიკალური ხატებისა და ხელნაწერების რესტავრაცია-კონსერვაცია – 2009 წელს, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული ჭედური ჯვრების კატალოგი – 2009 წელს.
რუსიკო ქოჩქიანი უამრავ დადებით გრძნობას იტევდა, ერთგულებას, სიმართლეს, თავდადებას, პატრიოტიზმს, პატიოსნებას… ის იყო თითქოს სუსტი, მაგრამ უძლიერესი პიროვნება. სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი სახეა სვანეთის, რუსიკო კი ამ მუზეუმის სახე იყო, ძნელი წარმოსადგენია რუსიკოს ნაფერები მუზეუმი მის გარეშე. თითქოს ერთმანეთს შეზრდილ-შერწყმულები იყვნენ, წუთისოფლის ბოლო წამიც იქ დადგა მისთვის, ალბათ ესეც სიმბოლური იყო… მის მიერ ნალოლიავებმა ხატ-ჯვრებმა გააცილეს საუკუნო გზაზე. მისი პიროვნული თვისებები და საზოგადოებრივი ღვაწლი ერთად თავმოყრილი მასში, საოცარი დიდბუნოვნებით გამოიხატებოდა თავისი საქმის სიყვარულში. მასზე თქმული ეს ფრაზა ალბათ ყველაზე კარგი მიგნებაა: ,,როგორი ტრადიციული იყო და როგორი თანამედროვე”. ის საოცარი მშვიდი სიამაყით წარადგენდა სტუმრების წინაშე სვანურ ხატებს, ეკლესიებს, ხელნაწერებს, მათ შორის, ნაადრევად გარდაცვლილი მეუღლის მიერ, ხეში გამოჩუქურთმებულ, ფხოტრერის უძველესი ტაძრის კარების ასლს, რომელიც მეუღლემ ხელოვნებაზე უზომოდ შეყვარებულ რუსიკოს ნუგეშად დაუტოვა.
სვანეთის მუზეუმში დაცული ხატ-ჯვრები ყოფილიყოს თქვენი მეოხი საუკუნო სამყოფელში ქალბატონო რუსიკო !
მადონა წერედიანი.