მესტიაში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

22-ივნისს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის ილარიონის ლოცვა კურთხევით, მესტიას ეწვიენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები: თამაზ საგინაძე (ტენორი), ნინო ჩაჩუა (სოპრანო), ირინა ალექსიძე (მეცო სოპრანო), ვახტანგ ჯაშიაშვილი (ბარიტონი), ნუცა ზაქაიძე (მეცო სოპრანო), ნონა ბერაძე (სოპრანო), ნანა ბერაძე (მეცო სოპრანო), ასევე მომღერლები მიხეილ ყავლაშვილინინო ბაშარული და ახალგაზრდული სიმებიანი კვარტეტი “ვირტუოზი”.

მათ მესტიაში, სეტის მოედანზე ჩაატარეს საქველმოქმედო კონცერტი “ხმა სულისა”. სცენაზე დაბრძანებული იყო შალვა კერაძის მიერ დაწერილი ყინწვისის წმინდა ნინოს ხატი. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივებმაც: მომღერალმა ქრისტინე ნიგურიანმა და ფოლკლორულმა ანსამბლმა “რიჰომ”(ლოტბარი – ვახტანგ ფილფანი). ღონისძიება ანსამბლი “რიჰოს”მიერ შესრულებულმა “ლილეო”-მ გახსნა. საქველმოქმედო კონცერტის წამყვანი გახლდათ პოეტი ერეკლე საღლიანი.

კონცერტს ესწრებოდნენ მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ბარტოლი, პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი და ლიტვის ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი.
შემოწირული თანხები მოხმარდება მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიისთვის შალვა კერაძის მიერ დაწერილი და მოჭედილი ხატის შექმნას.

კონცერტმა არაჩვეულებრივი განწყობა შექმნა, კლასიკის, ფოლკლორის და ესტრადის სინთეზმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ღონისძიების ბოლოს მონაწილე სტუმრებმა და მასპინძლებმა ერთობლივად შეასრულეს “მრავალჟამიერი”.

მადონა წერედიანი, დაბა მესტია.