ჩვენ დავინტერესდით ქვემო სვანეთში სხვადასხვა სპორტის სახეობების მდგომარეობით და ტელეფონის საშუალებით მივმართეთ ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განყოფილების უფროსს ქეთევან ფიცხელაურს:
–“ ქალბატონო ქეთევან, სპორტის რა სახეობები არის განვითარებული ქვემო სვანეთში?
– ქვემო სვანეთში ძირითადად განვითარებულია: ქართული ჭიდაობა, ძიუდო სამბო, წარმატებული უფრო ეს სახეობებია, ასევე მნიშვნელოვანია კლდეზე ცოცვა, ფეხბურთი, რაგბი, ლაშხეთის ზონაში ვარჯიშობენ ძალოსნობებშიც, ჭადრაკის სექციაც გვაქვს.
– სპორტის რომელ სახეობებს გამოარჩევდით რომლებსაც განსაკუთრებით სჭირდება ყურადღების მიქცევა და განვითარება?
– ყურადღების მიქცევა და განვითარება აბსოლუტურად ყველა სახეობას სჭირდება. არ გვაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ინვენტარი, მწვრთნელთა ხელფასებიც ძალიან დაბალია, ბიუჯეტიც ისეთი მწირი გვაქვს, რომ ხშირად სპორტსმენები შეჯიბრებებშიც ვერ იღებენ მონაწილეობას, სურვილი აქვთ, მაგრამ ვერ მიდიან ფინანსური პრობლემების გამო.
– კონკრეტულად რომელ სახეობას გულისხმობთ, მაგალითი თუ შეიძლება რომ მოვიყვანოთ?
– ყველა ჩამოთვლილ სახეობას ეხება ეს პრობლემები, მაგალითად, ფეხბურთელებმა შარშან დასავლეთის ზონის საფეხბურთო ჩემპიონატში ვერ მიიღეს მონაწილეობა იმის გამო, რომ შესაბამისი სახსრები არ გვქონდა. ისინი აქ ადგილზე ვარჯიშობენ და მხოლოდ ცაგერში თუ ახერხებენ ჩასვლას. ასევე რაგბშიც წარმატებული ბავშვები გვყავს, მონდომებული მწვრთნელიც, მაგრამ საფესტივალო შეჯიბრებებში ხშირად ვერ მონაწილეობენ.
ფედერაციები წლის დასაწყისში გვიგზავნიან მთელი წლის სპორტულ ღონსძიებათა კალენდარულ გეგმას. ჩვენ კი, თითოეულ სახეობაში გათვალისწინებული, მაგალითად 50 შეჯიბრიდან, ალბათ ოცშიც ვერ ვიღებთ მონაწილეობას. სპორტსმენებს სურვილი აქვთ, მომზადებულებიც არიან, მაგრამ ფინანსური პრობლემებია ხელისშემშლელი.
– მიზეზებზე, რომ გაამახვილოთ უფრო ყურადღება.
– ძირითადი მიზეზი მწირი ბიუჯეტია, არ გვაქვს ფულადი თანხები. სპორტსკოლის დარბაზში ნორმალური პირობებია, გაზაფხულზე, ზაფხულში, შემოდგომაზე შეუძლიათ ივარჯიშონ და ვარჯიშობენ კიდეც, გვყავს კვალიფიციური მწვრთნელები, პასუხისმგებლობით გამორჩეული ხელმძღვანელობაც, მაგრამ ზამთარში შედარებით ცუდი პირობები გვაქვს, დარბაზში ვერ მივაღწიეთ გათბობის საკითხის მოწესრიგებას. წელიწადის დანარჩენ დროს, როგორც გითხარით, ვარჯიშობენ სპორტსმენები, თუმცა, ბევრი აკლდებათ იმის გამო, რომ შეჯიბრებებში ვერ მონაწილეობენ სათანადოდ. მიუხედავად ამისა, შედეგები მაინც საუკეთესო გვაქვს. ამბობენ, რომ ლენტეხელი ახალგაზრდები ბუნებრივად ძლიერები არიან …
– ახალგაზრდების ინტერესი ინტელექტუალური თამაშების მიმართ როგორია ქვემო სვანეთში?
– ლენტეხში ასეთი ინტერესით და სურვილით არავის მოუმართავს ჩვენთვის, რომ ჭადრაკის სექცია გაგვეხსნა. ლაშხეთში, ჟახუნდერის სპორტსკოლაში გვაქვს გახსნილი ჭადრაკის სექცია, მაგრამ მწვრთნელს აქვს მიზერული ხელფასი. ამიტომ დაინტერესება ნაკლებია.
– თქვენ ახსენეთ, რომ მოთხოვნაც არ არისო და ვინ უნდა გთხოვოთ რომ ჩატარდეს ტურნირები ?
– ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რომ მოვიწვიოთ მწვრთნელები, მაგალითად, გასულ წელს, ძალიან ვეცადეთ, გოგონათა სპორტის განვითარებისთვის მიგვექცია ყურადღება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში შევხვდით და დახმარება ვთხოვეთ ჩვენი რაიონიდან წასულ, წარმოშობით სვან ახალგაზრდებს, რომლებიც იქ სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობენ. სურვილი გვქონდა ტანვარჯიშის მწვრთნელი მოგვეწვია და შესაბამისი ინვენტარიც გადმოეცათ, მაგრამ ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწიეთ. მიზეზი კი ისევ და ისევ ფინანსური პრობლემებია. აღმოჩნდა, რომ არც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროშია ამ მხრივ სახარბიელო მდგომარეობა.
თუმცა, ჭადრაკში ან სხვა ინტელექტუალურ სპორტის სახეობაში, თუ იქნება სურვილი და მოთხოვნა, შევეცდებით ჩამოვაყალიბოთ სექციები.
– ახალგაზრდობისგან უნდა იყოს სურვილი ?
– ნებისმიერ დაინტერესებულს შეუძლია მოგვმართოს. წელს გვქონდა ასეთი პრეცედენტი, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ჩოლურში ძიუდოს სექციის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ახალგაზრდა, პერსპექტიულმა მწვრთნელმა დათო ჯამბურიძემ.
– როგორ უნდა მოხერხდეს, რომ ახალგაზრდების ინტერესი გაიზარდოს ინტელექტუალური თამაშების მიმართ, მოთხოვნადი რომ გახდეს ეს სახეობები ?
– ამ მხრივ კარგი წამოწყება იყო სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შემოღება, მაგრამ, სამწუხაროდ მის ადმინისტრირებაში წელს შეინიშნებოდა მნიშვნელოვანი ხარვეზები. იმედია, ყველაფერი გამოსწორდება. ჩვენთან აღმოჩნდა რამდენიმე სკოლის დირექტორი, რომლებმაც გაიგეს თუ არა ის ფაქტი, რომ ჭადრაკი იყო სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ერთ-ერთი სახეობა, გადაწყვიტეს, უფრო სწორად, სურვილი გამოთქვეს სკოლაში ჭადრაკის მასწავლებლები მიეწვიათ.
– სკოლებში ჭადრაკის შემოღება სკოლის ადმინისტრაციას ევალება ხომ ?
– სკოლებში კი, მაგრამ ჩვენ გვექვემდებარებიან სპორტული ა.(ა).ი.პ. -ები და კლუბები, სადაც შეგვიძლია ავიყვანოთ მწვრთნელები, გავხსნათ სექციები. სკოლაში იქნება თუ სხვაგან, მთავარია იყოს… ისევ ჩოლურის მაგალითზე გეტყვით, ჩვენთან მოდიოდნენ მშობლები, გვთხოვდნენ, წერილებს გვწერდნენ, მწვრთნელიც ძალიან მონდომებული იყო და მივაღწიეთ იმას, რომ ის ამჟამად ძიუდოს სექციას უძღვება. მართალია, მწვრთნელს დაბალი ხელფასი აქვს, მაგრამ მთავარია ძიუდოს სექცია მუშაობს და მომავალში მდგომარეობა გამოსწორდება. იმედი გვაქვს, მოკლე ხანში ჩოლურში გვეყოლება წარმატებული სპორტსმენები.
ასევე იქნება ჭადრაკში და სხვა სახეობებშიც, თუ ვინმე მოგვმართავს თხოვნით, და მომავალი წლის ბიუჯეტში შესაძლებლობაც გვექნება თანხის მოძიების – შევძლებთ ახალი სექციების გახსნას.”
მირანგულა მუკბანიანი, სოფ. ჭველიერი.