8 ივნისს, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის – ფონდი “აფხაზინტერკონტი’’–ს (AIC) ორგანიზებითა და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში – ქ. ამბროლაურში გაიმართა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის “მოხალისეობის ფორუმი“, რომელსაც დაესწრნენ რეგიონის ორგანიზაციების, მედიის, საინფორმაციო სამსახურების, ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა სექტორისა და თვითმმართველობის წამომადგენლები.
ფორუმის მიზანს მოხალისის როლისა და საქმიანობის პოპულარიზაცია, ორგანიზაციების და მოხალისეების ერთმანეთთან დაკავშირება წარმოადგენდა, რაც ხელს შეუწყობს მოხალისეობრივი საქმიანობის სისტემურ ჩამოყალიბებას.
ფორუმის პირველი ნაწილი ორგანიზაციებსა და მოხალისეებს შორის საქმიან გარიგებებს დაეთმო. ფორუმმა მოხალისეობის მსურველები დააკავშირა იმ ორგანიზაციებთან, რომელნიც მოხალისეებს საჭიროებენ. თითოეულმა მოწვეულმა ორგანიზაციამ მოხალისეობის მსურველებს გააცნო თავიანთი საქმიანობა. ფორუმზე მონაწილეობა მიიღო სულ 130-ზე მეტმა ადამიანმა, შედგა 32 გარიგება ორგანიზაციებსა და მოხალისეებს შორის.
მეორე ნაწილი კი ფორუმის გახსნას და მოწვეულ სტუმრებთან მისალმებას დაეთმო. ფონდი “აფხაზინტერკონტის” ხელმძღვანელმა, ბატონმა არჩილ ელბაქიძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა მოწვეულ სტუმრებს, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ფორუმის მიზანს და მნიშვნელობას, ისაუბრა ორგანიზაციის და იმ აქტივობების შესახებ, რაც, ფონდ “აფხაზინტერკონტს“ (AIC ) მოხალისეთა ჩართულობით განუხორციელებია.
ფორუმს მიესალმა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების როლზე ისაუბრა პროექტის განმახორციელებელი კონსორციუმის კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენელმა, ბატონმა დავით აფრასიძემ. მოხალისეობრივი საქმიანობის სისტემურ კომპონენტზე ისაუბრა განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) წარმომადგენელმა ნათია ნამიჭეიშვილმა. პროექტის – “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა”, რაჭა – ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის წარმომადგენელმა, ქალბატონმა თამარ ელბაქიძემ ფორუმის მონაწილეებს გააცნო ის მიზნები და ამოცანები, რასაც ზოგადად პროექტი, მოხალისეობა და მოხალისეობის ფორუმი ემსახურება.
ფორუმის მონაწილეებმა აქცენტი გააკეთეს მოხალისეობრივი საქმიანობის დადებით მხარეებზე, მოიყვანეს განვითარებული ქვეყნების სხვადასხვა მაგალითები, სადაც მოხალისეობრივი აქტიურობით ადგილობრივი მნიშვნელობის მრავალი პრობლემა მოგვარებულა და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ, მოხალისეობა განვითარებული სამოქალაქო საზოგადოების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ მოხალისეობა და მოხალისეობრივი საქმიანობა, დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მძლავრი იარაღია.
მოხალისეობრივი საქმიანობის გააქტიურებისაკენ მოუწოდა თავიანთ თანატოლებს “საქართველოს მოხალისემ“, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლემ სალომე ლიპარტელიანმა, მან აღნიშნა, რომ “მოხალისისათვის ყველაზე დიდი ჯილდო – არის ის სიამოვნება, რასაც ადამიანი მოხალისეობრივი საქმიანობიდან იღებს, რასაც უანგაროდ აკეთებს, ის თავისუფალი დრო კი, რომელიც გაგვაჩნია, სწორედ ამ “ჯილდოს“ მოპოვებისათვის უნდა დავხარჯოთ“.
ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო ვიდეო რგოლები და ფოტო–კოლაჟები, რომლებიც მოხალისეობრივ საქმიანობებს ასახავდნენ, როგორ ქვეყნის მასშტაბით, ასევე მუნიციპალურ და რეგიონულ დონეებზე. განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) წარმომადგენელმა ავთო მაჩიტაძემ კი, ფორუმის მონაწილეებს ერთ–ერთი მიმდინარე პროექტი – “დროის ბანკი’’ წარუდგინა, რომლის მიზანია ორმხრივი მოხალისეობის სისტემის განვითარება. მან ისაუბრა “დროის ბანკი”–ს ვებ-გვერდზე – www.timerepublik.com-ზე დარეგისტრირების და იმ აქტივობების შესახებ, რაც შესაძლებელია აღნიშნული ვებ–გვერდის მეშვეობით.
პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი. ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ. პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს საზოგადოებრივი ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან.
პროექტის ფარგლებში 45 თვის განმავლობაში განხორციელდება 110-ზე მეტი აქტივობა, გაიცემა 79 გრანტი, რომლითაც ისარგებლებს საზოგადოების სულ მცირე 5000 წარმომადგენელი მთელი საქართველოს მასშტაბით. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 5.07 მილიონ ევროს (ევროკავშირის თანამონაწილეობა 3.8 მილიონი ევრო).
ფოტოზე: “საქართველოს მოხალისე” სალომე ლიპარტელიანი და თამარ ელბაქიძე
ფოტოზე: საუბრობს ფონდი “აფხაზინტერკონტის” ხელმძღვანელი არჩილ ელბაქიძე
ფოტოზე: კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენელი დავით აფრასიძე
ფოტოზე:რეგიონული ჰაბის წარმომადგენელი თამარ ელბაქიძე