ლენტეხის პოტენციალი და ტურიზმის გარეშე დარჩენილი ქვემო სვანეთი

თუკი ქვემო სვანეთის მონახულება გინდათ, ამ რეგიონის ტურისტული პოტენციალის წინასწარ გაცნობას ტყუილად შეეცდებით.
ინტერნეტ სივრცეში ტურისტული მარშრუტების შესახებ ინფორმაციას ვერსად წააწყდებით. მესტიისგან განსხვავებით, ლენტეხში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი არ დაგხვდებათ. შესაბამისად, ვერც რუქას მოიპოვებთ, რადგან ეს ყველაფერი არ არსებობს.

დღეისათვის უცხოელი ვიზიტორები ლენტეხს მხოლოდ მაშინ აღმოაჩენენ, როცა უშგულიდან ქვემოთ ან ქუთაისიდან უშგულის მიმართულებით გადაადგილდებიან. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ რეგიონს უდიდესი პოტენციალი გააჩნია, რომელიც ახლა ჩამკვდარია.
ადგილობრივი ხელისუფლება ამის მიზეზად მცირე ბიუჯეტს ასახელებს და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერას ითხოვს. საქართველოს მთავრობამ კი ლენტეხში ტურიზმის განვითარებისა და მასშტაბური პროექტებისთვის ჯერ ვერ მოიცალა.

მირანდა ლიპარტელიანი დაბა ლენტეხში ცხოვრობს. სამი წელია მას 23 სტუმარზე გათვლილი საოჯახო სასტუმრო აქვს. მირანდა ტურისტების სიმცირეს არ უჩივის. წელს სასტუმროში დამატებითი მუშახელი აიყვანა. ახლა მასთან ოთხი ადგილობრივია დასაქმებული.

მიუხედავად ამისა, მირანდა ბიზნესის გაფართოებას ჯერ არ აპირებს. ამბობს, რომ ამას საბანკო კრედიტის გარეშე ვერ შეძლებს, ეს კი სარისკოა. მისი თქმით, ბიზნესის გაფართოებაზე მას შემდეგ იფიქრებს, თუკი ლენტეხში ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა და ხელისუფლება დაბის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს. მირანდა ამბობს, რომ ტურისტული სეზონი ქვემო სვანეთში, შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდეს და არა მხოლოდ ზაფხულობით.

“განსაკუთრებული შემთხვევებიც არსებობს, თუმცა მონდომებაა მთავარი, რომ ტურიზმის განვითარება არ შეაფერხოს. მესტიაზე არანაკლები ადგილები გვაქვს ჩვენ, ბუნება აქ უფრო უკეთესია. თანაც, ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული სოფელი, უშგული ჩვენგან უფრო ახლოა,” – ამბობს მირანდა ლიპარტელიანი.

ლენტეხში ამბობენ, რომ აქაურობის კიდევ ერთი უპირატესობა ზღვის დონიდან 1300 მეტრზე, მდინარე ცხენისწყლის ხეობაში არსებული კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი მუაშია. დღეს ის განადგურებულია. ადგილობრივები საბჭოთა დროს და იმ პერიოდს იხსენებენ, როცა კურორტი სრული დატვირთვით მუშაობდა. დამსვენებელს, მინერალურ წყალთან ერთად, სამკურნალო აბაზანების მიღებაც შეეძლო.

“საიდან არ მოდიოდა ხალხი, ადგილს ვერ იშოვიდი. სად იყო ადგილები, მაგრამ ახლა უკვე განადგურებულია, საძოვრებადაა ქცეული. კომუნისტების ნაქონი არაფერი გვინდა და ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთ. ეს რომ აღადგინონ და გააკეთონ, დასაქმება იქნება, ჩვენი პროდუქტი გაიყიდება და ჩვენი მხარისთვის უდიდესი სიკეთის მომტანი იქნება,” – გვიყვება სოფელ სასაშში მცხოვრები, მაყვალა კვიციანი.

დეა 2

ადგილობრივების თქმით, კურორტ მუაშის გარდა, ქვემო სვანეთში უამრავი ადგილია, რომელიც უძველეს ცივილიზაციებს უკავშირდება და მათი ტურისტულ ატრაქციად გადაქცევაც შესაძლებელია. ერთ-ერთი ასეთია სოფელი ბაბილი, სადაც მთაში უძველესი გემის ღუზაა შემორჩენილი.

“ეს იმას ნიშნავს, რომ იქ ოდესღაც გემიც იყო. თანაც სოფლის სახელწოდება “ბაბილი” ძველ ბაბილონს უკავშირდება. აუცილებელია მოვიდნენ სპეციალისტები, შეისწავლონ და ეს გამოიყენონ. ჩვენი იარაღი სვანეთში შემორჩენილი უძველესი ტოპონიმებია და ძველი ბიბლიური თქმულებები. თუ ამას გამოვიყენებთ, ტურიზმიც აღარ იქნება ჩამკვდარი,” – გვიხსნის მერი ქურასბედიანი. ის ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეცნიერ მუშაკია.

მერი ქურასბედიანი თვლის, რომ სვანეთის პოპულარიზაცია ტურიზმით უნდა მოხდეს, მუზეუმს კი მნიშვნელოვანი როლი აქვს.

ჯვარი, რომელზეც ამტკიცებენ, რომ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე პერიოდისაა, შუა საუკუნეების სპილენძის თუნგები, ვერცხლისა და ბრინჯარო სხვადასხვა ზომის სკივრები, ხის საყოფაცხოვრებო ნივთები და რაც მთავარია სვანური მაჩუბი – ეს უნიკალური ექსპონატები მუზეუმის ერთადერთ დარბაზშია წარმოდგენილი. გაცილებით უფრო მეტი ნივთები, სივრცის არარსებობის გამო, შენახულია. მთავარ დარბაზს არ აქვს განათება, ნივთები არ არის მოთავსებული ვიტრინებში, ამიტომ მუზეუმმა ვიზიტორები დიდად ვერ დააინტერესა.

“უნდა იყოს გაკეთებული, რომ მოვიზიდოთ ტურისტი და მერე უკვე, ეკონომიკაც განვითარდება,” – ამბობს მერი ქურასბედიანი.

ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისთვის მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 55 000 ლარი იყო გათვალისწინებული. დაწესებულების დირექტორი გვიხსნის, რომ წელს ეს თანხა სრულად ვერ მიიღეს, ხოლო მიიღებული დაფინანსების უდიდესი ნაწილი 19 თანაშმრომლის ხელფასებზე იხარჯება.

“ჩვენი მუზეუმი, ჯერჯერობით, სტანდარტებს ვერ პასუხობს. ჯერ საქართველოში უნდა მოხდეს მუზეუმის პოპულარიზაცია. გვინდა გავაცნოთ ჩვენს მოსწავლეებს ჩვენი კუთხის ისტორია და შემდეგ გაცვლითი პროგრამებით მთლიანად ქვეყნის ახალგაზრდობა დავაინტერესოთ,” – ამბობს მუზეუმის დირექტორი, ინგა ონიანი.

დეა 3

როგორც გავარკვიეთ, მუზეუმის მსგავსად, ლენტეხის ტურისტული ადგილების პოპულარიზაციას ხელს ისიც უშლის, რომ დღემდე დაბაში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი არ არსებობს. შესაბამისად, არ აქვთ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემომსვლელ ტურისტთა სტატისტიკა. საინფორმაციო რუქა დაბაში ორ ადგილზეა განთავსებული, თუმცა არსადაა მარშრუტების ნიშნულები და დაბეჭდილი რუქები. მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების სამსახურში ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მათ სამუშაო კომპიუტერში ინახება და თანხების უქონლობის გამო, ვერ ბეჭდავენ. ა.(ა).ი.პ. ორგანიზაცია ვერც ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს, იმის გამო, რომ არ არსებობს ვებ-გვერდი.

ლენტეხის 2018 წლის ბიუჯეტში ტურიზმის განვითარების სამსახურისთვის 30 000 ლარია გათვალისწინებული, რაც გასული წლის დაფინანსებას 13 000 ლარით ჩამორჩება. ფინანსურ დოკუმენტში მითითებულია, რომ ეს თანხა, ტურისტების მოზიდვის მიზნით, ტურისტული ბაზის შექმნას უნდა მოხმარდეს.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი, ბადრი ლიპარტელიანი, რომელიც გასული წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს, ამბობს, რომ მოკლე დროში რეგიონში ტურიზმს ვერ განავითარებს.

“ტურიზმი რომ სუსტია ლენტეხის რაიონში და აღორძინებული არ არის, იმიტომ ვართ ასე სუსტად. ამას ჩვენ 2-3 თვეში ვერ მოვახდენთ და ნოებრიდან-ივლისამდე ვერ გავაძლიერებთ ტურიზმს,” – ამბობს ბადრი ლიპარტელიანი და იმ პროექტებზე საუბრობს, რომლებიც სამომავლოდაა დაგეგმილი. მერი ამბობს, რომ ისინი მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერის გარეშე ვერ განხორციელდება.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წელს ფონდს დასაფინანასებლად 1 562 932 ლარის ღირებულების 3 პროექტი გადაეგზავნა, რომელზეც მათ უარი მიიღეს. მუნიციპალური განვითარების ფონდში კი გვიპასუხეს, რომ ყველა პროექტის დაფინანსება, შესაბამისი თანხების არ არსებობის გამო, შეუძლებელია.

დეა 4

ლენტეხის მერი ადასტურებს, რომ რეგიონში დღესდღეობით მხოლოდ საბიუჯეტო ორგანიზაციები მუშაობენ, ხოლო ბიუჯეტის დიდი ნაწილი დასაქმებულთა ხელფასებზე იხარჯება. მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 3 033 500 ლარს შეადგენს.

ვიდრე ლენტეხის მწირი ბიუჯეტი ტურისტულ ინფრასტრუქტურას გაწვდება და მგ ფონდიც რეგიონისთვის თანხებს გაიმეტებს, მანამდე ტურისტებს ქვემო სვანეთში გადაადგილება და მისი პოტენციალის გაცნობა საკუთარი ძალებით მოუწევთ.

ავტორი: დეა მანაგაძე

22.07.2018
სტატია გადმოტანილია http://www.kutaisipost.ge – დან ავტორის თანხმობით



კომენტარები სტატიაზე