შაბათნ, 25 აგვისტოს, დაბა ლენტეხში “მედია ტურნირი ლენტეხი – 2018” ჩატარდა. მედია-ტურნირი ორგანიზებული იყო საქართველოს ეროვნული ფედერაციის “სპორტი ყველასათვის” და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. დაბა ლენტეხში საქართველოს სხვადასხვა მედია-ორგანიზაციების თანამშრომლები და არა მარტო ისინი ერთმანეთს მეკლდეურობაში, მშვილდოსნობაში, 1000 მეტრზე სირბილში და ჯომარდობაში შეეჯიბრენ.
ტურნირი მთლიანად დაფინანსებული იყო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინსტროსა და მხარდამჭერი კომპანიების მიერ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიამ კი გამოყო ადგილი ტურნირის ჩატარებისათვის.
ტურნირის მონაწილენი 24 აგვისტოს ესტუმრენ სვანეთს და მეორე დღეს ლენტეხის ცენტრალურ მოედანზე დიდი სპორტული ზეიმი გაიმართა. მონაწილე გუნდების წარდგენის შემდეგ, მონაწილეებს მიესალმენ ფედერაციის “სპორტი ყველასთვის” პრეზიდენტი მაია აზარაშვილი, მეკლდეურობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მირზა ლიპარტელიანი და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი:
ამ დიდ სპორტულ ღონისძიებაში მოწვეულნი იყვნენ საქართველოს ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა და საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პირველი და აწ უკვე საპატიო პრეზიდენტი თამაზ მდინარაძე. მათ პრიზიორების დაჯილდოებაშიც მიიღეს მონაწილეობა.
მონაწილე გუნდები ჯერ მეკლდეურობაში შეეჯიბრენ ერთმანეთს, ლენტეხის ცენტრალურ მოედანზე აღმართულ გადასატან კედელზე, რომელიც საქართველოს მეკლდეურობის ფედერაციამ ჩამოიტანა:
შემდეგ იყო შეჯიბრი მშვილდოსნობაში და 1000 მეტრზე სირბილში, ბოლოს კი ტურნირის მონაწილეებმა მდ. ცხენისწაყალზე ლექსურის ხიდიდან მდ. ლასკადურის შესართავამდე გასაბერი ნავებით სწრაფად დაშვებაში იასპარეზეს ჯომარდობის ფედერაციის ინსტრუქტორებთან ერთად.
მედია-მუშაკებმა და სხვა მონაწილეებმაც ბევრი იხალისეს, ნებისმიერს ჰქონდა საშუალება შეჯიბრში მონაწილეობის გარეშე მოესინჯა საკუთარი შესაძლებლობები მეკლდეურობაში და მშვილდოსნობაში. განსაკუთრებით გაიხარეს ბავშვებმა. მედია-ტურნირის ორგანიზატორებმა ექსპრომტად ბავშვებისთვის პატარა შეჯიბრიც მოაწყვეს მეკლდეურობაში იმ რამდენიმე ბავშვს შორის, რომელთაც პირველებმა გამოთქვეს მონაწილეობის სურვილი (როგორც ბიჭებში, ასევე გოგონებში) და გამარჯვებულები მაისურებით დააჯილდოვეს:
მედია-ტურნირებში როგორც წესი მედია-მუშაკები და სამთავრობო ორგანიზაციების პიარ-სამსახურების თანამშრომლები მონაწილეობენ-ხოლმე, მაგრამ ორგანიზატორებმა ლენტეხის მედია-ტურნირის შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვეს და შეჯიბრში ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიიდან და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიიდან წარმოდგენილ გუნდებში ახალგაზრდებიც ჩართეს. შედეგმაც არ დააყოვნა და ინდივიდუალურ შეჯიბრებებში სვანმა ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს: მეკლდეურობაში ილო გაზდელიანმა, მშვილდოსნობაში გელა ლიპარტელიანმა, ხოლო 1000 მეტრზე სირბილში – გიორგი ლიპარტელიანმა .
მედია-ტურნირს კურიოზების გარეშეც არ ჩაუვლია, დაჯილდოებისას მსაჯებს გუნდები “მაესტრო” და “TV მაესტრო” ერთმანეთში აერიათ და შეცდომით მესამე საპრიზო ადგილი “მაესტრო”-ს მიაკუთვნეს, თუმცა ცერემონიალის შემდეგ შეცდომა გამოსწორებულ იქნა. მეორე კურიოზული სიტუაცია დამჯილდოებლების გამო შეიქმნა, წამყვანმა გამოაცხადა მეორე ადგილზე გასულ გუნდ დააჯილდოვებს ლენტეხის მერიის სპორტის სამსახურის უფროსი მედიკო ხვისტანიო, მაგრამ როცა ორგანიზატორებმა მიიხედ-მოიხედეს აღმოჩნდა, რომ მერიიდან დაჯილდოების ცერემონიაზე მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომელი მელანო ქურასბედიანი იმყოფებოდა, რომელიც ფოტოების გადაღებით იყო დაკავებული, სწორედ მას მოუწია პრიზების გადაცემაც:
მონაწილეებმა და მედია-ტურნირის დამსწრე საზოგადოებამ ლენტეხის ფოლკლორული ანსამბლი “ლაგუშედა”-ს (ლოტბარი ზურაბ ლიპარტელიანი) მიერ შესრულებული სიმღერებითაც ისიამოვნეს:
ტურნირის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, კომენტარი ვთხოვეთ მთავარ ორგანიზატორს მაია აზარაშვილს:
მეკლდეურობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და ამ ტურნირის ერთერთმა ორგანიზატორმა მირზა ლიპარტელიანმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მართალია ტურნირის მსვლელობისას პატარა ხარვეზები შეინიშნებოდა, რაც მომავალში გამოსწორდება, მაგრამ მთავარია რომ ეს ტუნირი ლენტეხში ჩატარდა და ის ყოველწლიურად აქ ჩატარდება. მან ისაუბრა ლენტეხში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის აუცილებლობაზე:
ჩვენც ვეთანხმებით ორგანიზატორებს, რომ ნამდვილად დიდი საქმე გაკეთდა ქვემო სვანეთისთვის და ყველამ მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ მსგავსი ღონისძიებების პოპულარიზაციისათვის. სამწუხაროდ, svanetiinfo.ge-ს რედაქციამ ამ ტურნირის შესახებ საკმაოდ გვიან შეიტყო და ჩვენი მცდელობის მიუხედავად, მთელ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში ერთადერთი დამოუკიდებელი საინფორმაციო ვებ-გვერდის svanetiinfo.ge-ს მოხალისე კორესპონდენტი მირანგულა მუკბანიანი მედია-ტურნირის მონაწილეებს შორის ვერ მოხვდა.
საქართველოში მედია-მუშაკებს მძიმე, საპასუხისმგებლო და დაბალ-ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება უწევთ, ზოგიერთი მათგანი საერთოდ ანაზღაურების გარეშე, მოხალისეობრივადაც კი ემსახურება ქვეყნის განვითარებისთვის ამ მეტად საჭირო საქმეს. ალბათ ერთადერთი მათი “სიამოვნება” სწორედ ასეთ მედია-ტურნირებში მონაწილეობაა, როცა შეუძლიათ ფოტო-კამერები და დიქტოფონები გვერდზე გადადონ და თავად გახდნენ სპორტული ღონისძიების მონაწილენი. იმედია მომავალში ლენტეხის ტრედიციული მედია-ტურნირის ორგანიზატორები გაითვალისწინებენ ამ გარემოებას და მაქსიმალურად ეცდებიან უფრო მეტი მედია-მუშაკით დააკომპლექტონ მონაწილე გუნდები.
ზემოთ ფოტოზე: გამარჯვებული გუნდი “თსუ” მაია აზარაშვილთან ერთად.
ზემოთ ფოტოზე: მეორე ადგილზე გასული გუნდი “გრამაფონი”
ზემოთ ფოტოზე : მესამე ადგილზე გასული გუნდი “TV მაესტრო”
ზემოთ ფოტოზე: გუნდი “ლეჩხუმი” დავით ქაცარავასთან (წითელი მაისურით) და ცაგერის მერიის თანამშრომელთან გიორგი ლიპარტელიანთან (ლურჯი მაისურით) ერთად
ცოტნე მუსელიანი, დაბა ლენტეხი.