19 ივლისს, დაბა ლენტეხის საზოგადოებრივ ცენტრში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი, მერიის და საკრებულოს თანამდებობის პირებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა მედია-გამოცემების ჟურნალისტებს შეხვდა.
შეხვედრა ორგანიზებული იყო კონსორციუმის მიერ, რომელშიც გაერთიანებული არიან – ა.(ა).ი.პ. “საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების კავშირი“ და ა.(ა).ი.პ. “კავკასიის ჟურნალისტთა ცენტრი“ (ხელმძღვანელი თინათინ დვალიშვილი).
ეს კონსორციუმი ანხორციელებს პროექტს “ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ რეგიონის განვითარების სტრატეგიული მიზნების შესაბამისი ამოცანების შესრულების მონიტორინგი“, რომლის ფარგლებშიც გაიმართა აღნიშნული შეხვედრა.
ჟურნალისტებმა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს დაუსვეს მწვავე შეკითხვები ქვემო სვანეთში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, ასევე სოფ. სასაშის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განხილული პრობლემების შესახებ, ზოგადად ტურიზმის და კურორტ “მუაში”-ს ახლანდელ მდგომარეობასთან და მომავალ განვითარებასთან დაკავშირებით, ასევე ისაუბრეს დოკუმენტში “რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021 წლებისთვის“ ასახული რეგიონის განვითარების პრიორიტეტულ მიზნებზე და ამ მიზნების შესასრულებლად საჭირო ქმედებებზე ლენტეხის თვითმმართველობის მხრიდან.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა ისაუბრა იმ სირთულეებზე რაც ახლავს რეფორმების განხორცილებას ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ყურადღება გაამახვილა ქვემო სვანეთის სპეციფიკასა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სიმწირეზე. მან აღნიშნა რომ ის მაქსიმალურად ეცდება გამოასწოროს მდგომარეობა. თავის მხრივ ჟურნალისტებიც დაპირდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენელებს, რომ ისინი კვლავ დაინტერესდებიან გადაიჭრა თუ არა შეხვედრაზე განხილული პრობლემები და მაქსიმალურად გააშუქებენ ქვემო სვანეთში მიმდინარე მოვლენებს და ამაში მათ ისიც შეუწყობთ ხელს, რომ ამ პროექტის ფარგლებში, შემოდგომაზე ასევე დაგეგმილია შეხვედრები ქვემო სვანეთის კიდევ ორი სოფლის მოსახლეობასთან.
შეხვედრაზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის გარდა, იმყოფებოდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი გერმან (ბულათ) ქურასბედიანი, სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი ხათუნა ლიპარტელიანი, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის და სამშენებლო ზედამხედველობის სამხახურის უფროსი ლევან ლიპარტელიანი, ეკონომიკის განვითარების სამსახურის უფროსი ბაჩუკი გაზდელიანი, საფინასო სამსახურის უფროსი ხვიჩა ონიანი, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ანა გუგავა და მერიის სხვა თანამშრომლები, ასევე ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურული კომისიის თავმჯდომარე დავით პირველი, ქონების მართვის და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ (მარადი) ჯანხოთელი.
პროექტი “ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ რეგიონის განვითარების სტრატეგიული მიზნების შესაბამისი ამოცანების შესრულების მონიტორინგი“ ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” (2017 -2020) ფარგლებში. პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი. ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ. პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს საზოგადოებრივი ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან.
პროექტის ფარგლებში 45 თვის განმავლობაში განხორციელდება 110-ზე მეტი აქტივობა, გაიცემა 79 გრანტი, რომლითაც ისარგებლებს საზოგადოების სულ მცირე 5000 წარმომადგენელი მთელი საქართველოს მასშტაბით. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 5.07 მილიონ ევროს (ევროკავშირის თანამონაწილეობა 3.8 მილიონი ევრო)