18 ივლისს გაიმართა საქართველოს სხვადასხვა მედია-ორგანიზაციების ჟურნალისტების შეხვედრა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. სასაშის მაცხოვრებლებთან. შეხვედრა ორგანიზებული იყო კონსორციუმის მიერ, რომელშიც გაერთიანებულია – ა.(ა).ი.პ. “საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების კავშირი“ და ა.(ა).ი.პ. “კავკასიის ჟურნალისტთა ცენტრი“ (ხელმძღვანელი თინათინ დვალიშვილი).
ეს კონსორციუმი ანხორციელებს პროექტს „ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ რეგიონის განვითარების სტრატეგიული მიზნების შესაბამისი ამოცანების შესრულების მონიტორინგი“, რომლის ფარგლებშიც გაიმართა აღნიშნული შეხვედრა.
შეხვედრაზე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოსახლეობას მოკლედ გააცნეს დოკუმენტი “რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021 წლებისთვის“ და ამ დოკუმენტში ასახული რეგიონის განვითარების პრიორიტეტული მიზნები. სასაშის მაცხოვრებლებმა ისაუბრეს მათ სოფელში და ლაშხეთის თემში არსებული სხვადასხვა პრობლემების შესახებ, გაიმართა დისკუსია. ჟურნალისტებმა მოსახლეობას აქტიურობისაკენ მოუწოდეს და თავის მხრივ დაპირდნენ, რომ მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს ქვემო სვანეთში არსებული პრობლემების მოგვარებას და აქტიურად გააშუქებენ მათ თავიანთ მედია-გამოცემებში. ჟურნალისტებმა ასევე დაათვალიერეს კურორტი “მუაში”.
პროექტის ფარგლებში, შემოდგომაზე ასევე დაგეგმილია ჟურნალისტების შეხვედრები ქვემო სვანეთის კიდევ ორ სოფელში.
ეს პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” (2017 -2020) ფარგლებში. პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი. ეს პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ. პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს საზოგადოებრივი ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან.
პროექტის ფარგლებში 45 თვის განმავლობაში განხორციელდება 110-ზე მეტი აქტივობა, გაიცემა 79 გრანტი, რომლითაც ისარგებლებს საზოგადოების სულ მცირე 5000 წარმომადგენელი მთელი საქართველოს მასშტაბით. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 5.07 მილიონ ევროს (ევროკავშირის თანამონაწილეობა 3.8 მილიონი ევრო)