შიმშილობის აქცია შეწყდა, საგუშაგო აქციები გრძელდება

გუშინ დაბა ლენტეხში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა, ასევე პოლიციის მაღალჩინოსნებმა, პირობა მისცეს “ხელედულა 3” ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს, რომ მათთან მოლაპარაკების გარეშე ლეჩხუმში მობილიზებული სამშენებლო ტექნიკა ადგილიდან არ დაიძვრება, მოლაპარაკება კი ორშაბათს, 30 ივლისს განახლდება. ამ პირობის მიღების შემდეგ აქციების მონაწილეების მხრიდან დიდი თხოვნის შემდეგ, შიმშილობა შეწყვიტეს ზაზა, რაჯი, ზვიად და იოსებ  ლიპარტელიანებმა.

შიმშილობის აქცია 22 ივლისს დაიწყო ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფ. ბარდნალაში ჰესის სამშენენებლო სპეც. ტექნიკის გაყვანის მოთხოვნით. ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო 25 ივლისს ექიმებმა შიმშილობა იძულების წესით შეაწყვიტინეს და კლინიკაში გადაიყვანეს ემზარ, ვეფხია და მირიან ლიპარტელიანები.

შიმშილობის აქციის ყველა მონაწილის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
როგორც საპროტესტო მოძრაობის აქტიურმა მონაწილემ ელდინო ლიპარტელიანმა ჩვენთან საუბარში განაცხადა საგუშაგოებზე მორიგეები ისევ შეენაცვლებიან ერთმანეთს და აქტიურად დააკვირდებიან განვითარებულ მოვლენებს.

ცოტნე მუსელიანი