გუშინ მას შემდეგ რაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა უარი თქვა ჰესის ასაშენებლად ლეჩხუმში მობილიზებული სამშენებლო ტექნიკის გაყვანაზე რეგიონიდან, სასტუმროსთან მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეყო ქალბატონების ჯგუფი, რომელთაც მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე პროტესტის ნიშნად გადაკეტეს ცენტრალური გზა. რეგიონული პოლიციის წარმომადგენლებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით დაშალეს ქალბატონების ეს აქცია, შედეგად დაშავდა ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო მოძრაობის აქტიური მონაწილე, დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი ნატო ლიპარტელიანი.
ის გუშინვე რეანომობილით გადაიყვანეს ქ. ქუთაისში გამოსაკვლევად, მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, მას აღენიშნება მრავალჯერადი დაჟეჟილობა და ქალა-ტვინის დახურული ტრავმა.
აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავებმა ისე დაშალეს ქალების აქცია, რომ ადგილზე არ იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების მანქანა. მოვუწოდებთ სახალხო დამცველს შეისწავლოს ეს შემთხვევა, თუ რამდენად კანონის და ნორმის ფარგლებში მოქმედებდნენ სამართალდამცავები.
აქვე გთავაზობთ საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის ბეთქილ ლიპარტელიანის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო-ჩანაწერს:
Posted by Betqil Giji Liparteliani on პარასკევი, 27 ივლისი, 2018
მასალა მოამზადა ცოტნე მუსელიანმა.