8 დეკემბერს, დილის 9 საათიდან, დაბა ლენტეხის მერიის შენობაში უნდა ჩატარებულიყო “ხელედულა 3” ჰესის პროექტის განხილვა, თუმცა სვანეთის რამდენიმე ათეულმა მაცხოვრებელმა, ძირითადად სოფლების წანაშის და ლესემას მკვიდრებმა, მშენებელი კომპანიის “ხელედულა ენერჯი”-ს წარმომადგენლები, რომელთაც განხილვა უნდა ჩაეტარებინათ, მერიის შენობაში არ შეუშვეს.
ჰესის პროექტის განხილვის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიამ განცხადების სახით დანიშნულ თარიღამდე მინიმუმ ერთი დღით ადრე გამოაკრა მერიის შენობაში, თუმცა არც ოფიციალურ ვებ-გვერდზე და არც სოციალურ ქსელში მათ ამის შესახებ ინფორმაცია რატომღაც არ განათავსეს. თუმცა 7 დეკემბერს, ინფორმაცია დანიშნული განხილვის შესახებ, სოციალურ ქსელში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგებმა გაავრცელეს, პარალელურად მათ განაახლეს საგუშაგოები მდ. ხელედულას ხეობაში.
მერიის შენობასთან საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა მერიის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი, მობილიზებული იყო პოლიციაც. აქციის მონაწილეები მოუწოდებდნენ კომპანიის წარმომადგენლებს და მათ თანმხლებ პირებს, ისევ უკან დაბრუნებულიყვნენ და ტყუილად არ ეცადათ განხილვის ჩატარება. როგორც ჩანს, ისინიც დარწმუნდნენ, რომ განხილვების ჩატარებას ვერ შეძლებდნენ და დატოვეს სვანეთი.
შპს “ხელედულა ენერჯი”-ს მიერ გავრცელებული განცხადებით ჰესის მშენებლობის პროექტის განხილვა 9 დეკემბერს სოფ. ხელედშიც უნდა გამართულიყო. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ: “2018 წლის სექტემბრიდან კომპანიის ვებ-გვერდზე და თბილისის, ლენტეხის და ხელედის ოფისებში გამოქვეყნებულია პროექტი …”. ჩვენ შევეცადეთ ინტერნეტში გვეპოვა შპს “ხელედულა ენერჯი”-ს ვებ-გვერდი, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვიპოვეთ. როგორც წესი, როცა რომელიმე ორგანიზაციას აქვს ვებ-გვერდი, ამ ორგანიზაციის სახელის მიხედვით ინტერნეტის საძიებო სისტემები ადვილად პოულობენ ამ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდს, მაგრამ “ხელედულა ენერჯი”-ს შემთხვევაში ასე არ მოხდა.
აღსანიშნავია, რომ 7 დეკემბერს, მშენებელი კომპანიის ორგანიზებით “ხელედულა 3 ჰესის” პროექტის განხილვა თბილისში გაიმართა, სადაც ჩასული იყვნენ მდ. ხელედულას ხეობის მაცხოვრებლებიც და მათ იქაც გამოთქვეს თავიანთი გულისწყრომა და გამოხატეს უკიდურესი წინააღდეგობა ჰესის მშენებლობისადმი. პროტესტი იმდენად ემოციური იყო, რომ შეიძლება ითქვას ის განხილვაც ჩაიშალა. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგენი სასამართლოს გზითაც ცდილობენ შეუძლებელი გახადონ ჰესის მშენებლობა, მათ ინტერესებს იცავს საკმაოდ ავტორიტეტული ორგანიზაცია “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”(საია). ამ ორგანიზაციის დახმარებით ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა სარჩელი შეიტანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.
როგორც საია-ს წარმომადგენელმა მზია გოჩალაშვილმა განაცხადა: “დავის საგანს წარმოადგენს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც დამტკიცდა სკოპინგის დასკვნა, რადგან სკოპინგის ანგარიშის განხილვის პროცესში გამოიკვეთა მთელი რიგი ისეთი გარემოებები, რომლებიც ფაქტობრივად გამორიცხავდა ამ ჰესის მშენებლობას და სამინისტროს უნდა მიეღო გადაწყვეტილება საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ”.
სასამართლოს სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 დეკემბერს არის ჩანიშნული.
ცოტნე მუსელიანი