სვანეთში დიდი ჰესების აქტიურმა მოწინააღმდეგემ, ხელოვნებათმცოდნემ მანანა საღლიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა მიმართვა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ყველას!!! ყველას!!! ყველას!!!
2018 წლის, 14 დეკემბერს, პარასკევს, 11 სთ-ზე,
ქ. თბილისში, გრიბოედოვის ქ. 31″ა”
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკ (EBRD) -ის
ოფისის წინ, სვანეთის (ლენტეხის და მესტიის) მოსახლეობის წარმომადგენლების მონაწილეობით ჩატარდება საპროტესტო აქცია.
აქცია დაინიშნა შემდეგი მოთხოვნით: შეწყვიტოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა დაფინანსება და დააკმაყოფილოს ხალხის, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ არაერთგზის გამოხატული მოთხოვნა, რომელიც არის:
1.აიკრძალოს, სვანეთის ტერიტორიაზე ნებისმიერი სიმძლავრის ელექტროსადგურების (გარდა მდინარის შემოდინებაზე მომუშავე ტექნოლოგიური საშუალებებისა) მშენებლობა.
2. აიკრძალოს, ღია კარიერული წესით ოქროს წარმოება და მოპოვება, მომწამვლელი შხამქიმიკატების გამოყენებით.
3. აიკრძალოს, ჰიდროელექტროსადგურ “ხელედურა-3”-ის და სხვა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, რომლებიც დაგეგმილია მესტიის და ლენტეხის რაიონებში.
აშენების შემთხვევაში გაიჩეხება საუკეთესო ტყის მასივები, რომელიც ამაგრებს ღვარცოფების და სხვა სტიქიური მოვლენების მოსალოდნელ უბედურებებს, უდიდეს ზიანს მიაყენებს ადგილობრივ მოსახლეობას, განადგურდება სვანეთის ულამაზესი ბუნება და რეგიონების მოსახლეობა დარჩება უწყლოდ. რაც მიზანმიმართულად სვანეთის, აბორიგენი მოსახლეობისაგან საბოლოოდ დაცლას და აყრას ემსახურება.
თუ არ შeწყვიტა დაფინანსება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD), აქციის მონაწილეები გააგრძელებენ წინააღმდეგობას და შედეგის მიღწევამდე გამოიყენებენ პროტესტის უმაღლეს ფორმებსაც კი.
საპროტესტო აქცია გაგრძელდება საოკუპაციო ზოლთან, სოფელ ატოცში ლოზუნგით
“არა ოკუპაციას – ხმა ერთიანი სვანეთიდან”!
არ დავუშვებთ სოფელ ატოცთან ახალი საოკუპაციო ზოლის გავლებას.
ვისაც შერჩენია მამულის დაცვის და გადარჩენის სურვილი, მოგიწოდებთ ყველას, გამოვიდეთ, დავიცვათ ჩვენი მოღალატე თანამემამულეებისაგან და გარედან შემოსეული მტრებისაგან დასაღუპად განწირული სამშობლო, რომელსაც საქართველო ჰქვია!
ყველანი აქციაზე!!!
(აქციის მომწყობი საორგანიზაციო კომიტეტი)”