თებერვალში ტალინში, ევროკავშირის “აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრის” მიერ გამართული კონფერენციის პანელზე “ევროპა სახლიდან იწყება: განვითარებადი რეგიონული მედია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” საინტერესო დისკუსია გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ მედია-ექსპერტები: საქართველოდან – გალინა პეტრიაშვილი, უკრაინიდან – ანდრეი ევჩენკო, ესტონეთიდან – არტურ აუკონი (Aukon), ფინეთიდან – იარმო მეკელე (Jarmo Mäkelä).
დისკუსიას მოდერატორობას უწევდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრის ექსპერტი ჰანეს რუმი.
დამსწრე საზგადოებას მიესალმა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრის დირექტორი იან რეინჰოლდი. “…ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობისათვის, რადგან ამ პოლიტიკის 10 წლის მანძილზე ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ ქვეყნების განვითარებისათვის, ევროკავშირთან დაახლოებისათვის და არსებობს ძალიან სასიამოვნო ამბიციები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხრიდანაც. მაგრამ იმისათვის რომ ყველაფერი სწორად იქნეს გაგებული და არსებობდეს სწორი კომუნიკაცია, საჭიროა ყველამ იცოდეს ამის შესახებ. და ჩვენი ცენტრი ძალიან ბევრს მუშაობს ჩვენს მეგობრებთან, ჟურნალისტებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რადგან როცა ჩავდივართ ამ ქვეყნებში, ვგრძნობთ, რომ დედაქალაქის გარეთ, ხალხმა ძალიან ცოტა რამ იცის ევროკავშირის შესახებ.” – აღნიშნა მან.
გალინა პეტრიაშვილმა საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა: “…ბევრი პრობლემები გვაქვს, მაგრამ ჩვენ განვიცდით ასევე სიამაყეს და შეშფოთებას, შეიძლება ასე ითქვას. სიამაყე გვაქვს იმის გამო რომ ჩვენი მედია-საშუალებები დაშორდნენ წარსულში არსებულ პროპაგანდის სტანდარტებს, პროპაგანდის რეჟიმს, რომლითაც ქვეყანა 70 წელზე მეტ ხანს ცხოვრობდა და პრინციპში ჩვენთან სიტყვის თავისუფლება გარანტირებულია, შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია, შეგვიძლია თავისუფლად გავუზიაროთ სხვას ეს ინფორმაცია და თავს ვგრძნობთ სრულიად თავისუფლად პროფესიულ საქმიანობაში. მეორე საკითხია ის, რომ როგორც ინსტიტუტი ჩვენი მედია-საშუალებები აგრძელებენ ფორმირებას. ყველა რეფორმა, როგორც ერთიანი ასევე კონკრეტული მედია საშუალებების დონეზე, იყო ეპიზოდური და რომელთაც რა თქმა უნდა იქონიეს გავლენა საერთო სურათზე, მაგრამ ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს მდგრადი პროდუქტი, სისტემა რომელიც თვითონვე იზრუნებდა თავის თავზე, რომელსაც არ დასჭირდებოდა გარედან მხარდაჭერა, როცა ჩვენი საზოგადოება თავად იბრძოლებდა, დაიცავდა და რაც მთავარია გადაიხდიდა ამ ინსტიტუტისათვის რადგან მისგან ღებულობს ინფორმაციას… რატომ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მედია-საშუალებები ევროპულია, რომ სრულიად თავისუფლად მუშაობენ, მდგრადად და ა.შ.? მთავარი პრობლემა – მიზეზი იმისა თუ რატომ არის ჩვენი მედია არამდგრადი – არის ის, რომ ჩვენი დემოკრატია, რომელსაც ასე კარგად აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობა, არის არამდგრადი, მას აქვს მრავალი პრობლემა. მეორე მიზეზი კი არის ის, რომ ქვეყანაში არ არსებობს მდგრადი, დიდი ბიზნესი, რომელიც იქნებოდა დამოუკიდებელი. ყველა მსხვილი ბიზნესი დაკავშირებულია ამა თუ იმ პოლიტიკურ ჯგუფთან და ისინი დიდი ხარისხით ახდენენ გავლენას მათზე… საქართველოს რეგიონებში ჟურნალისტებისათვის მუშაობისთვის ძალიან რთული, ცუდი პირობებია. რეგიონული ჟურნალისტები ძალიან ნაკლებად არიან დაცულნი ადგილობრივი ხელისუფლების, ადგილობრივი ბიზნეს-სტრუქტურების დიქტატისაგან. მედია-საშუალებების რაოდენობა მცირდება. ჟურნალისტებს არ აქვთ პროფკავშირები და მათი შრომის ანაზღაურება ძალიან მცირეა… ლოკალური დახმარებები ვერ შველის სისტემატიზაციის პრობლემას, მდგრადი მედიის არ არსებობის პრობლემას. განვითარების ერთიანი მოდულის არარსებობის პრობლემას…ჩვენ მრავალი გამოწვევა გვაქვს, მაგრამ 2008, 2014 წლების შემდეგ განსაკუთრებულად, გაცილებით მაღალი ხარისხით ვგვრძნობთ ინფორმაციული ომის მდგომარეობას, როცა გარედან ჩვენზე დიდი რაოდენობით მოედინება როგორ აშკარა, ასევე შენიღბული ცრუინფორმაცია “.
ესტონეთის საზოგადოებრივი რუსულენოვანი რადიოს წარმომადგენელმა არტურ აუკონმა განაცხადა: “ესტონეთში, ხელისუფლებას არანაირად არ შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს საზოგადოებრივი ტელე-რადიოკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაზე მიუხედავად იმისა, რომ თავად აფინანსებს მას… ესტონეთი არ ახდენს რუსული არხების ბლოკირებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მსმენელები საღამოს რუსეთის ტელე-არხებს უყურებენ, დილით და დღის განმავლობაში იგივე მსმენელები ჩვენ გვისმენენ, ეს ნიშნავს რომ ისინი ისმენენ ინფორმაციის “სხვა” ვერსიას – ამაში მდგომარეობს ლიბერალური ქვეყნის ხიბლი“.
მედია-ექსპერტმა ფინეთიდან იარმო მეკელემ აღნიშნა, რომ ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით ფინეთი წლების გაანმავლობაში პირველ ადგილზე იყო მედიის თავისუფლების მხრივ მთელს მსოფლიოში, მაგრამ ნელ-ნელა მე-4 ადგილზე ჩამოქვეითდა: ” …ჩვენთან კარგი სიტუაციაა მედიის დაცულობის და სიტყვის თავისუფლების მხრივ, ყველა სახელწიფო ინსტიტუტი კარგად მუშაობს, ჩვენ კმაყოფილები ვართ და ჩვენ გვჯერა რომ ეს ორგანიზაციები იცავენ ჩვენს თავისუფლებას, სიტყვის თავისუფლებას. დემოკრატია ასე უბრალოდ, თავისთავად არ არსებობს. ჩვენთან უკვე 100 წელია რაც დემოკრატია არსებობს, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დემოკრატია გამუდმებით უნდა დავიცვათ, უნდა დავიცვათ სიტყვის თავისუფლება, უნდა დავიცვათ სამართლებრივი სისტემა და ა.შ.”
დისკუსია გაიმართა ასევე ცრუ-ინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებითაც. უკრაინის წარმომადგენელმა, საინფორმაციო ვებ-გვერდის kramatorskpost.com-ის დამფუძნებელმა, ანდრეი ევჩენკომ აღნიშნა: “სოციალური მედია ვერ აუქმებს პროფესიონალურ ჟურნალისტიკას, პირიქით სოც. მედიამ ხაზი გაუსვა, უფრო დაგვანახა ხარისხიან, ღრმა ინფორმაციასა და ზედაპირულ ინფორმაციას შორის განსხვავება… მუშაობა უნდა იყოს მიმართული კონკრეტულად ადამიანებისაკენ, აზროვნების ყველა აქტი დაეჭვებით უნდა დაიწყოს, უნდა ვასწავლოთ ადამიანებს, რომ საჭიროა ინფორმაცია გადავამოწმოთ რამდენიმე წყაროსთან, ინფორმაცია უნდა მივიღოთ იმ წყაროებიდან რომლებიც ადრე არ გღალატობდნენ, რომ აკურატულად მოექცნენ ინფორმაციას“.
მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ნაწილობრივ არ დაეთანხმა გალინა პეტრიაშვილი. “ხელების დაბანა კარგია, მაგრამ როცა ქუჩაში შავი ჭირი ან ქოლერა მძვინვარებს, ეს ვერ გიშველის. დაახლებით ეს ხდება ჩვენთან. თითქოს მთელ მსოფლიოს მედია-ქოლერა მოედო. ტექნოლოგიები გამუდმებით ვითარდება, იქმნება ახალი პროგრამები, რომ გაყალბებული ნამდვილისგან ვერ გავარჩიოთ…ჩვენ საქართველოში ძალიან გვიჭირს ამ მიმართულებით ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის გამო რომელიც ძალიან ცდილობს თავს მოგვახვიოს თავისი ხედვა, თავისი ფასეულობები და ა.შ. მოსახლეობა გულუბრყვილოა, საკმაოდ ბევრ მოქალაქეს, უფროსი ასაკის წარმომადგენლებს, აქვთ ნოსტალგიური გრძნობები, და ისინი ნოსტალგიის პრიზმიდან ხედავენ მოწოდებულ ინფორმაციას. რუსული პროპაგანდა უფრო და უფრო დახვეწილ მეთოდებს იყენებს, გადმოგვცემს კრემლის ნარატივებს შენიღბულს კულტურის საფარის ქვეშ…” – აღნიშნა მან.
დისკუსიის დასასრულს ყველა ქვეყნის წარმომადგენელმა აღნიშნა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობა და მზადყოფნა გამოთქვა ამისათვის.
ცოტნე მუსელიანი.